ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანი ამბობს, რომ ივლისში დაპირისპირების დროს, რუსეთი სომხეთს იარაღით ამარაგებდა


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი, სომხეთს სამხედრო აღჭურვილობას აწვდიდა ივლისში, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა.

განცხადების მიხედვით, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრეს-ცენტრმა გაავრცელა, ალიევმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ნათელი მოჰფინოს ამ საკითხს“.

ოფიციალური ბაქო ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც შეტაკებები დაიწყო, რუსეთმა სომხეთს „ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის გავლით“ „400 ტონაზე მეტი“ სამხედრო ტვირთი გადასცა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმედღიანი სამხედრო შეტაკებების დროს, სულ ცოტა, 5 სომეხი და 12 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, ერთი გენერალი, დაიღუპა. 12 ივლისს დაწყებულ კონფლიქტში ჩართული იყო მძიმე არტილერია და დრონები.

12 აგვისტოს კრემლმა გამოაქვეყნა სატელეფონო ჩანაწერი პუტინსა და ალიევს შორის, თუმცა იქ არ ჩანდა, შედგა თუ არა საუბარი სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე.

„პრეზიდენტებმა განიხილეს რეგიონში არსებული საკითხები იმ დაძაბულობის კონტექსტში, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებობდა ივლისის თვეში. რუსეთმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც სიტუაციის დაძაბვას შეუწყობს ხელს“, ეწერა კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთის მხარეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ევროპის უსაფრთოხებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში არსებულმა მინსკის ჯგუფმა, რომლის თანათავმჯდომარეები რუსეთი, ამერიკა და საფრამგეთი არიან, მოუწოდა სომხეთსა და აზერიბაიჯანს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადასაჭრელად, თავიდან დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები.

სომხეთში რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული და ქვეყანა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. ამ ორგანიზაციის წევრობის გამო, სომხეთს შეუძლია რუსეთისგან სამხედრო ტექნიკა ფასდაკლებით შეიძინოს.

გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლიდან მოყოლებული აზერბაიჯანმა რუსეთისგან 4 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი შეიძინა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი და მაღალი რანგის სამხედრო ოფიციალური პირებისგან შემდგარი დელეგაცია, ბაქოში 12 აგვისტოს ჩავიდა, რათა აზერბაიჯან-თურქეთის საერთო სამხედრო წვრთნებს დასწრებოდნენ.

თურქული საბრძოლო თვითმფრინავები აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ნახიჩევანის რეგიონში საერთო სამხედრო წვრთნებში შეუერთდნენ. თურქეთის მხრიდან ეს ნაბიჯი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ფონზე გადადგა.

„მსგავსი წვრთნები ძალიან სახიფათოა. რადგან ეს აჩვენებს, რომ არც ერთი მხარე არაა მზად წავიდეს კომპრომისისკენ. მსგავსი პოზიციონირება მაშინ ხდება, როცა სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ დროს გავიდეს კონტროლიდან. და ეს ძალიან საშიშია“, - ამბობს რიჩარდ ჰოგლენდი, სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი.

ბაქოსა და ერევანს შორის მცირემასშტაბიანი სამხედრო შეტაკებები ყარაბაღის გარშემო ხშირია. თუმცა, 2016 წლის აპრილის შეიარაღებული შეტაკებების შემდეგ, რომლებსაც 300 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველაზე ფართომასშტაბიანი დაპირისპირებაა.

ყარაბაღის ომი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერით დამთავრდა, რის შემდეგაც ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე და მის გარშემო მდებარე რეგიონებზე კონტროლისომხეთმა მოიპოვა. დღეს, ყარაბაღის მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკური სომეხია. აზერბაიჯანი და საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, რუსეთიც, ყარაბაღს მისი ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG