ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა დღეს კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზაზე გადავიდა


დღეს შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა დაიწყო. ექსპერიმენტული ვაქცინა mRNA-1273, ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ "მოდერნა" და ამერიკის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა ერთობლივად შექმნეს.

"უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის დამზადება 2020 წლის დასრულებამდე რთულად მისაღწევი მიზანია, თუმცა ეს არის სწორი მიზანი ამერიკის ხალხისთვის"
ფრენსის კოლინსი, შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების დირექტორი


გამოცდის პირველი ორი ფაზის წარმატებით გავლის შემდეგ, ე.წ. კანდიდატი ვაქცინის პირველი დოზა პაციენტს ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანაში შეუყვანეს. შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი იუწყება, რომ "მოდერნა" ვაქცინას ამერიკის ტერიტორიაზე განლაგებულ 100-მდე სხვადასხვა ცენტრში გამოცდის.

კლინიკური გამოცდის მესამე ფაზას შეერთებულ შტატებში ეფექტურობის გამოცდის ფაზას უწოდებენ და ის გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მეორე ფაზა. "მოდერნას" ვაქცინის კლინიკურ გამოცდაში ახლა 30 000-მდე ამერიკელი მოხალისე იქნება ჩართული.

მონაწილეები ორ ჯგუფად არიან გაყოფილი, ერთ ნაწილს ნამდვილ ვაქცინას გაუკეთებენ, მეორეს კი პლაცებოს - ჩვეულებრივ მარილწყალს. 100-მიკროგრამიან ინექციას პაციენტებს 28 დღის ინტერვალით, ორჯერ შეუყვანენ. მოხალისეებმა თავად არ იციან, ვაქცინას უკეთებენ მათ, თუ პლაცებოს. ეს არც უშუალოდ ადგილზე აცრის ადმინისტრატორებმა იციან. მხოლოდ კვლევის ხელმძღვანელებს აქვთ ინფორმაცია, თუ ვის რა გაუკეთეს.

"მართალია, ნიღბები, ფიზიკური დისტანცია და შესაფერისი იზოლაცია და ინფიცირებული ინდივიდების, თუ მათი კონტაქტების კარანტინში მოქცევა სარს-კოვ-2-ის გავრცელების შეზღუდვაში გვეხმარება, მაგრამ ჩვენ სასწრაფოდ გვესაჭიროება უსაფრთხო და ეფექტური პრევენციული ვაქცინა, რათა პანდემია ბოლოს და ბოლოს გავაკონტროლოთ" - ამბობს ექიმი ენტონი ფაუჩი, ქვეყნის წამყვანი ინფექციონისტი. ის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია, რომელიც ვაქცინის შექმნაში მონაწილეობდა.

"კლინიკური გამოცდის ადრეული ფაზები აჩვენებს, რომ ექსპერიმენტული mRNA-1273 ვაქცინა უსაფრთხო და იმუნოგენურია, რამაც მესამე ფაზის დაწყება განსაზღვრა" - აღნიშნავს ექიმი ფაუჩი. მისი თქმით, ამ ეტაპზე უკვე მოწმდება ვაქცინის ქმედითუნარიანობა, ანუ, რამდენად ეფექტურია ვაქცინა, შეუძლია თუ არა მას კოვიდ-19-ის პრევენცია და რამდენ ხანს შეიძლება ამ პრევენციამ გასტანოს.

სიფრთხილე დიდხანს მოგვიწევს, შეიძლება წლებიც კი…
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:29 0:00

მესამე ფაზის წარმატების შემთხვევაში, ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი "ფრთხილი ოპტიმიზმით" აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა მათ შეიძლება უკვე ამ წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისში ჰქონდეთ. "უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის დამზადება 2020 წლის დასრულებამდე რთულად მისაღწევი მიზანია, თუმცა ეს არის სწორი მიზანი ამერიკის ხალხისთვის" - ამბობს ფრენსის კოლინსი, შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების დირექტორი.

ექიმ კოლინსის თქმით, კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაზე გადასვლა "რეკორდულად სწრაფ" დროში მოხდა. სამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნებულ პრესრელიზში, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების დირექტორი აღნიშნავს, რომ პროგრესი "არამარტო ამერიკელთა ინოვატორობის, არამედ ერთობლივი მიზნის მისაღწევად, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის დამსახურებაცაა".

"მოდერნა" მხოლოდ ერთია ბევრ სხვა კერძო კომპანიას შორის, რომელმაც ვაქცინის განვითარებისთვის ამერიკის მთავრობისგან უზარმაზარი ფინანსური დახმარება მიიღო. კვირას, ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიას დამატებით 472 მილიონი დოლარი გადაურიცხეს. საერთო ჯამში, "მოდერნამ" შეერთებული შტატების მთავრობისგან კოვიდ-19-ის ვაქცინაზე მუშაობის დასაწინაურებლად $955 მილიონის დახმარება მიიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეისთვის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაზე კიდევ 4 კანდიდატი ვაქცინაა. აქედან სამი ჩინურ კომპანიებშია შექმნილი, მეოთხე კი ბრიტანეთში ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია "ასტრაზენეკას" ერთობლივი პროდუქტია. ჯამში, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დღეისთვის 200-მდე კანდიდატი ვაქცინაა რეგისტრირებული, რომელთაგან 25 კლინიკურ გამოცდას გადის.

"მოდერნას" ვაქცინა ინოვაციური მეთოდითაა დამზადებული, რომლის მსგავსი ამერიკის მთავარ მარეგულირებელს - შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ეროვნულ ინსტიტუტს - ჯერ არ დაუმტკიცებია. ის ვაქცინების სრულიად ახალ კლასს მიეკუთვნება. ექსპერიმენტული ვაქცინა გენეტიკური პლატფორმის გამოყენებით შეიქმნა და ის კორონავირუსის რიბონუკლეინმჟავის ინფორმაციას იყენებს, რათა ვაქცინამ ორგანიზმის უჯრედები ვირუსის ცილის დადგენისკენ მიმართოს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს საბოლოო ჯამში, ადამიანს ძლიერი იმუნური პასუხის გამომუშავებაში დაეხმარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG