ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ამერიკის სულის გადასარჩენად“ - ჯო ბაიდენი პროფილში


ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (სრული სახელი: ჯოზეფ ბაიდენი), 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატთა უპირობო კანდიდატად ითვლება. ბაიდენი თეთრი სახლისთვის უკვე მესამედ იბრძვის, მაგრამ პირველადაა პარტიის სავარაუდო კანდიდატი. სავარაუდო მხოლოდ იმიტომ, რომ ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატს დემოკრატთა ეროვნული ყრილობა ასახელებს, რომელიც აგვისტოშია დანიშნული. და უპირობო იმიტომ, რომ ბაიდენს პარტიიდან ოპონენტი საპრეზიდენტო მარათონზე აღარ ჰყავს.

გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენი ქვეყნის რიგით 46-ე პრეზიდენტი იქნება. ისტორიაში ის შევა, როგორც ყველაზე ხანდაზმული ამერიკელი, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე იქნა არჩეული. იანვარში, ინაუგურაციის დროს, ბაიდენი 78 წლის იქნება. ახლანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 74 წლისაა.

ეს არის ბრძოლა „ამერიკის სულის გადასარჩენად“ - ამბობს ბაიდენის კამპანიის ვებგვერდი. „დადგა დრო გვახსოვდეს, ვინ ვართ. ჩვენ ამერიკელები ვართ: ძლიერი, გამძლე, თან ყოველთვის იმედით სავსე. დადგა დრო ერთმანეთს ღირსებით მოვექცეთ. ავაშენოთ საშუალო კლასი, რომელიც ყველასთვის მუშაობს. შევებრძოლოთ წარმოუდგენელ ძალაუფლების გადამეტებას, რომლის მომსწრეც ვართ. დროა წარსულიც მოვიგონოთ და გვახსოვდეს, რომ საუკეთესო დღეები წინაა“ - აცხადებს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თვეების მანძილზე, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი გამუდმებით იმეორებდა, რომ დაასრულებს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ქვეყნის „ანომალურ“ მართვას. ის პრეზიდენტ ტრამპს თანამდებობისთვის და თავისუფალი სამყაროს ლიდერობისთვის შეუფერებელ პიროვნებად თვლის და ამბობს, რომ „დადგა დრო მსოფლიო არენას პატივსაცემი ლიდერი ჰყავდეს და შინ კი - ღირსებით სავსე“ ხელმძღვანელი.

ბაიდენის საარჩევნო შტაბს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკვე რამდენიმე თვეა ისეთ რთულ პირობებში უწევს ბრძოლა, როგორიც ამერიკის ისტორიაში არცერთ სხვა კანდიდატს არ მოსწრებია. საკარანტინე შეზღუდვების გამო, საარჩევნო კამპანია უმეტესად ციფრული გახდა და ინტერნეტში გადაინაცვლა.

ჯო ბაიდენი ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე ქ. დანმორში. 9 ივლისი, 2020წ.
ჯო ბაიდენი ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე ქ. დანმორში. 9 ივლისი, 2020წ.

დავიწყებას მიეცა გამოცდილი, ტრადიციული მეთოდები, როგორიცაა მასობრივი საჯარო შეხვედრები, დებატები მსმენელებით სავსე დარბაზებში და კამპანიის აქტივისტების მიერ ამომრჩევლებთან კარდაკარ სიარული. ჯო ბაიდენი კამპანიას ახლა ძირითადად დელავერის შტატში მდებარე საკუთარი სახლიდან მართავს, რომელიც ვაშინგტონში ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის მიუხედავად, არ შეუცვლია.

პანდემიის შეუჩერებელი ზრდის ფონზე, დემოკრატთა სავარაუდო ნომინანტის შეხვედრები ელექტორატთან და მათთან დისკუსიები ძალიან შეზღუდულად, მხოლოდ მცირე ზომის ჯგუფებში იმართება. მათი ადგილი უმეტესად უილმინგტონია, შტატის ყველაზე დიდი ქალაქი, ან მიმდებარე ქალაქები, როგორიცაა ფილადელფია, პენსილვანიის შტატში.

ეს ყოველივე დემოკრატთა კანდიდატს პრეზიდენტთან შედარებით, რომელსაც გამუდმებით, გარანტირებულად ყოველდღიური ეთერი აქვს, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ჯო ბაიდენს ბოლო სამი თვის მანძილზე, მხოლოდ ერთხელ ჰქონდა პრესკონფერენციის გამართვის შანსი.

კარიერა

ჯო ბაიდენი ქ. სკრანტონში, პენსილვანიის შტატში გაიზარდა. მან ჯერ დელავერის უნივერსიტეტი და შემდეგ სირაკუზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. იურისტი 1969 წელს გახდა, მაგრამ ამ პროფესიით მხოლოდ რამდენიმე წელი იმუშავა. 1972 წელს, 29 წლის ასაკში, დემოკრატიული პარტიიდან სენატორად აირჩიეს. ის ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სენატორი იყო.

ვეტერანმა სენატორმა შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში 2009 წლამდე, 36 წელი იმსახურა. მთელი ამ ხნის მანძილზე ის სამსახურში, დელავერიდან ვაშინგტონამდე ყოველდღიურად, საათნახევრის გზაზე, მატარებლით დადიოდა. ბაიდენი ძალიან დიდხანს იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ვიდრე 2007 წელს მისი თავმჯდომარე გახდებოდა.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 2016წ.
პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 2016წ.

პრეზიდენტის პოსტზე პარტიის ნომინაციის მოპოვება ბაიდენმა აქამდე ორჯერ წარუმატებლად სცადა, 1987 და 2007 წლებში. 2007 წელს მიმდინარე კამპანიაში, ის ბარაკ ობამამ, მაშინ ჯერ კიდევ კანდიდატმა და მომავალში უკვე ამერიკის 44-ე პრეზიდენტმა დაამარცხა. ნომინაციის მოგების შემდეგ, ობამამ მას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობა შესთავაზა. არჩევნების ორჯერ მოგების შემდეგ, 2008 წლიდან 2016 წლამდე ბაიდენმა ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტად 8 წლის მანძილზე იმსახურა.

პირადი ცხოვრება

სენატორად არჩევიდან ძალიან მალე, ახალგაზრდა ბაიდენს უბედური შემთხვევა დაატყდა თავს. მას ავტოკატასტროფაში დაეღუპა საშობაო საჩუქრებზე წასული მეუღლე ნატალია და ერთი წლის შვილი ნაომი. ტრაგედიის შემდეგ, ის პოლიტიკური კარიერის მიტოვებას აპირებდა, მაგრამ თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა გადააფიქრებინეს.

პირველი ქორწინებიდან ბაიდენს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა. მან მოგვიანებით იქორწინა პედაგოგ ჯილ ჯეიკობს ტრეისიზე, რომელიც დღესაც მისი მეუღლეა. ჯოს და ჯილს 1981 წელს ქალიშვილი შეეძინათ.

ჯო და ჯილ ბაიდენები ფილადელფიაში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. 10 მარტი, 2020წ.
ჯო და ჯილ ბაიდენები ფილადელფიაში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. 10 მარტი, 2020წ.

საგარეო პოლიტიკა და მუშაობა სენატში

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მუშაობის პერიოდში ბაიდენს რამდენიმე საკითხზე გამოკვეთილი პოზიცია ჰქონდა. ცნობილია, რომ ის 1991 წელს სპარსეთის ყურეში ომის წინააღმდეგ გამოდიოდა. თუმცა, მოგვიანებით, 2003 წელს ხმა მისცა ერაყში ომის დაწყებას. ბაიდენი ასევე ემხრობოდა 1994 წელს ბოსნიაში შეერთებული შტატების და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ინტერვენციას.

ობამას ადმინისტრაციაში მან მონაწილეობა მიიღო შეერთებული შტატების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ერაყის მიმართ, მათ შორის - 2011 წელს ქვეყნიდან ჯარების გაყვანაში. იმავე წელს ბაიდენმა მხარი დაუჭირა ნატოს წინამძღოლობით ლიბიაში ინტერვენციას.

ყოფილი სენატორის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად, ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიღებული აქტი ითვლება, რომლის დამტკიცებისთვისაც მან ბევრი იბრძოლა. ბაიდენმა წამყვანი როლი ითამაშა დამნაშავეობის წინააღმდეგ მიმართული არაერთი საკანონმდებლო აქტის შექმნაში. ის კრიმინალებისთვის ყოველთვის მკაცრი სასჯელის დაწესების მომხრე იყო. თუმცა, დღეს აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ძალიან ბევრი პატიმარი ჰყავს და მათ შორის ძალიან დიდია ფერადკანიანი ამერიკელების რიცხვი.

პლატფორმა

ჯო ბაიდენი ზომიერ, შედარებით ცენტრისტ დემოკრატ კანდიდატად ითვლება, რომელმაც ხანგრძლივი პოლიტიკური საქმიანობით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ორივე პარტიასთან შეუძლია მოლაპარაკება და ნაყოფიერი მუშაობა. პრეზიდენტ ტრამპისგან განსხვავებით, ის საერთაშორისო ხელშეკრულებებს მეტად აფასებს და ამბობს, რომ არჩევისთანავე ისევ გაზრდის ამერიკის ჩართულობას და ავტორიტეტს საერთაშორისო არენაზე.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სურვილია, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ დაბრუნდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ბაიდენი ფიქრობს, რომ ტრამპმა უდროოდ შეწყვიტა წარუმატებელი ბრძოლა კორონავირუსის პანდემიასთან და ამომრჩევლებს პირდება, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ „ჯანდაცვის საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა და არა პოლიტიკოსებმა“.

დემოკრატ და რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები ადრეულ შემოდგომაზე დაიწყება. ჯერჯერობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განრიგში, სექტემბერ-ოქტომბერში დაგეგმილი სამი დებატია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG