ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანდიდატების დაბლოკვას ბელორუსში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა


ბელორუსში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოპონენტის, ვიკტარ ბაბარიკას კანდიდატურა დაბლოკა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლიდია იარმოშინამ განაცხადა, რომ ბაბარიკა არ დაარეგისტრირეს, რადგან მისი თქმით დარღვევები გამოავლინეს შემოსავლისა და ქონების დეკლარაციაში. იარმოშინას განცხადებით, ბაბარიკას კამპანიას „საგარეო ორგანიზაცია“ ეხმარება. თუმცა იარმოშინას, რომელიც საარჩევნო კომისიას უკვე 20 წელი მართავს, კონკრეტულად რას გულისხმობდა, არ განუვრცია.

აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. გამოსვლები მინსკში, ბრესტსა და გომელში გაიმართა. პოლიციამ 140 ადამიანი დააკავა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში, მხოლოდ ხუთ კანდიდატს მისცა მონაწილეობის უფლება. მათ შორის პრეზიდენტ ლუკაშენკოს, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

მომხდარზე განცხადება გააკეთა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოსეფ ბორელმა. ბორელის თქმით ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწვეტილება ბელორუს ამომრჩეველს არჩევანს უზღუდავს.

„ვიკტარ ბაბარიკას და [ვალერ] ცაპკალასთვის რეგისტრაციაზე უარით, ბელორუსის ხელისუფლება უარს აცხადებს უზრუნველყოს რეალური და კონკურენტუნარიანი შეჯიბრი“, - განაცხადა მან.

ბელორუსები უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ქუჩაში გამოხატავენ საკუთარ პროტესტს.

პოლიცია დემონსტრანტებს აკავებს
პოლიცია დემონსტრანტებს აკავებს

19 ივნისს, მინსკში, ასობით ადამიანი ჩადგა ცოცხალ ჯაჭვში, რათა 9 აგვისტოს არჩევნებზე ოპოზიციისადმი სოლიდარობა გამოეხატათ. პოლიციამ არა მარტო ოპოზიცის წარმომადგენლები და აქტივისტები, არამედ მედიის წარმომადგენლებიც დააკავა.

ლუკაშენკოსთვის, რომელიც 1994 წლიდან იკავებს ქვეყნის მეთაურის თანამდებობას, ექსპერტების შეფასებით ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტია. ბელორუსის პრეზიდენტმა თქვა, რომ „რევოლუცია აღკვეთა“ და მომხდარი მალევე დააბრალა საგარეო მტერს და თითი არაპირდაპირ კრემლისგან გაიშვირა.

„ჩვენ ნიღაბი ჩამოვხსენით მარიონეტებს არა მარტო აქ, არამედ მათ მმართველებს“, - თქვა მან.

მოსახლეობა ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატი ვიკტარ ბაბარიკა დააკავეს. ბაბარიკა ოცი წელი რუსული „ბელგაზპრომბანკის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა. ის ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულია ასევე ბაბარიკას შვილი, რომელიც მის საპრეზიდენტო კამპანიას უდგას სათავეში.

ბაბარიკა აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.

ეს ლუკაშენკოსთვის მეექვსე არჩევნებია ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური თავისუფლებები ძალზედ შეზღუდულია, არ არსებობს თავისუფალი მედია და არჩევნები, დასავლური ორგანიზაციების შეფასებით ქვეყანა მოკლებულია დემოკრატიულ სტანდარტებს.

ბელორუსმა სამართალდამცავებმა 15 ივნისს ბანკზე კონტროლი დაამყარეს და ათობით აღმასრულებელი დააკავეს გადასახადების დაფარვის და ფულის გათეთრების ბრალდებით.

„ბელგაზპრომბანკი“ თითქმის 100 პროცენტით კონტროლდება რუსული გაზის კომპანიის „გაზპრომის“ მიერ. მოსკოვმა უარყო, რომ ის არჩევნებში ბაბარიკასთვის მხარის დაჭერას გეგმავს, თუმცა იქვე დასძინა, რომ დაიცავს რუსულ ბიზნეს ინტერესებს ბელორუსში.

„კრემლს არ ყავს არცერთი კანდიდატი ბელორუსის არჩევნებში“, - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

კრემლი დიდი ხანია, რაც ბელორუსს იაფ გაზსა და ნავთობს აწვდის. თუმცა გასულ წელს რუსეთის მთავრობამ მინსკს სუბსიდიები შეუწყვიტა და ამის მიზეზად ის განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის უფრო ახლო ინტეგრაცია იყო საჭირო რათა მოსკოვს ბელორუსისთვის ნავთობის და გაზის იაფ ფასად მიყიდვა გაეგრძელებინა.

ლუკაშენკომ კრემლის ზეწოლის მიუხედავად, უარყო იდეა უფრო ახლო ინტეგრაციისკენ, როგორც მოსკოვის მცდელობა ქვეყნის დამოუკიდებლობა შეზღუდოს. მიუხედავად კრემლის პოლიტიკის კრიტიკისა, ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირად კრიტიკას ერიდება. ამასთან, ცოტა ხნის წინ, მინსკმა შეერთებული შტატებისგან პირველად თხევადი ბუნებრივი აირი მიიღო.

რიგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრის შესატანად
რიგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრის შესატანად

ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლუკაშენკოს გარდა კიდევ ოთხი კანდიდატი შეარჩია. მათ შორის დაკავებული ბლოგერის ცოლი, სვეტლანა ციხანიუსკაია. სერგეი ციხანიუსკიმ მას შემდეგ რაც კომისიამ უარი უთხრა არჩევნებში მნაწილეობაზე, კანდიდატადად მისი ცოლის რეგისტრაცია სცადა. ციხანიუსკი მაისში საპროტესტო გამოსვლაზე დააკავეს და თუ დამნაშავედ ცნობენ, მას ციხეში სამი წელი ემუქრება.

ბელორუსსს ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა ლუკაშენკო კოვიდ-19 პანდემიას "მასობრივ ფსიქოზს" უწოდებს და უარყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვების მოწოდებას, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანცირების წესები იქნას შემოღებული.

მიუხედავად ამისა, ახალი კორონავირუსი მინსკზე გავლენას მაინც იქონიებს. მსოფლიო ბანკის გათვლებით, ქვეყნის ეკონომიკა ოთხი პროცენტით შემცირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG