ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის კონგრესის კომიტეტის კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა თბილისს დახმარება ნაწილობრივ შეუჩეროს


ცოტა ხნის წინ, წარმომადგენელთა პალატის, ასიგნებების კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციების და დახმარების კანონპროექტს, რომელშიც საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზეცაა საუბარი და ნათქვამია, რომ დახმარების 15 პროცენტი ქვეყანას შეიძლება შეუჩერდეს, თუ არ იქნება დაცული დემოკრატიული პრინციპები.

პირობები, რომლის შესრულებასაც საქართველოს მხრიდან შეერთებული შტატები ითხოვს და რომელზეც, დახმარების ეს 15 პროცენტია დამოკიდებული, შემდეგია: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლა, კერძო სექტორის საქმიანობაში კანონის უზენაესობის დაცვა და ქვეყანაში უცხოური ბიზნესის შევიწროების გამორიცხვა.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს საქართველოს დახმარების სახით მიეწოდება არანაკლებ 132 025 000 ამერიკული დოლარი.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ დახმარება ნაწილობრივ შესაძლოა შეჩერდეს იქამდე, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ წარუდგენს კომიტეტს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით.

ცვლილებები შევიდა ასევე განმარტებაში, რომელიც კანონპროექტს თან ერთვის და სადაც ნათქვამია, რომ მსგავსი ანგარიშის შემუშავებისას, სახელმწიფო მდივანმა უნდა შეაფასოს და გაითვალისწინოს, ის თუ საქართველოს მთავრობა რამდენად: „(1) ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; (2) პატივცემს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი [ხელისუფლებისგან]; (3) ეფექტურად ნერგავს საჭირო პოლიტიკას ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის შეუზღუდავ წვდომას საჯარო ინფორმაციაზე; (4) იცავს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას და (5) ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას მთავრობის საქმიანობაზე და კანონების და რეგულაციების აღსრულებისას“.

კანონპროექტი აკონკრეტებს გამონაკლის შემთხვევებს, რომლებზეც დახმარების შეჩერება არ ვრცელდება. ეს არის პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაღრმავებას, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას და მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებაზე.

კანონპროექტის განმარტებაში, რომელიც თან ერთვის მას, ასევე ნათქვამია, რომ წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტი „აღნიშნავს და მიესალმება 29 ივნისის კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას, რომელიც პროპორციულ წარმომადგენლობით სისტემას ქმნის და რომელიც პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის შეთანხმების შედეგად იქნა მიღებული.

კანონპროექტი ასევე საუბრობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე. აქტი აცხადებს, რომ კონგრესი კრძალავს დახმარების გამოყოფას იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს, ან მათთან დიპლომატიური კავშირები აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG