ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქი ტუსონი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა შოკიდან


ქალაქი ტუსონი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა შოკიდან
ქალაქი ტუსონი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა შოკიდან

არიზონას შტატის ქალაქი ტუსონი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა შოკიდან შაბათის ტერაქტის შემდეგ, როდესაც 6 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა კონგრესის წევრზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

დაღუპულთა შორისაა ფედერალური მოსამართლე. წარმომადგენელთა პალატის წევრი ქალბატონი გაბრიელ გიფორდი კი მძიმედ დაიჭრა თავში.

ხალხი გაოცებულია თუ როგორ შეიძლება მომხდარიყო მსგავსი რამ სიმშვიდით გამორჩეულ სამხრეთულ ქალაქში. ახლა ტუსონის მცხოვრებლები დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობენ.

ამ საქმეში განსაკუთღებით აქტიურად არის ჩართული გაბრიელ გიფორდის ოფისი. როგორც არიზონას უნივერსიტეტის პროფესორი ბარბარა ნორანდერი მიიჩნევს ამ შემთხვევაში პოლიტიკა გვერდზე უნდა დარჩეს.

“უამრავი ხალხი მოხალისედ ჩაეწერა და სადღეღამისო მორიგეობაში იღებს მონაწილეობას, არა აქვს მნიშვნელობა ისინი ქალბატონ გიფორდის მხარდამჭერები არიან თუ არა.“

ბილ ჰაილმანი დიდი ხანი არ არის რაც ტუსონში ცხოვრობს. მისი მეუღლეც დაიჭრა თავდასხმის შედეგად და ამჟამად ჰოსპიტალში იმყოფება. თავად ბილმა ამ ტრაგედიის შესახებ უცნობი ქალბატონის სატელეფონო ზარიდან შეიტყო, როდესაც ის საავადმყოფოში მივიდა პირველი ადამიანი ვისაც იქ შეეფეთა ადგილობრივი ეკლესიის მღვდელი იყო, რომელმაც სხვებივით ქუჩაში გაიგო ეს ამბავი და ჰოსპიტალში გაემართა, რათა დაზარალებულთათვის დახმარება აღმოეჩინა.

თუმცა პოლიტიკის გარეშე არც ეს ტერაქტი დარჩენილა. ადგილობრივმა შერიფმა კლარენს დუპნიკმა დაგმო უპასუხისმგებლო პოლიტიკური რიტორიკა, რომელმაც მისი აზრით ამ ტრაგედიამდე მიიყვანა ტუსონი. მისი თქმით:“ ამ ქვეყანაში სიძულვილის და რასიზმის გამოვლინებამ ყოველგვარ საზღვრებს გადააჭარბა.“

სხვა პოლიტიკოსებმა და ადგილობრივმა გაზეთებმა დაგმეს შერიფის მოქმედება, რომელმაც ეს მტკივნეული საკითხები ამ გასაჭირის დროს წამოწია წინა პლანზე. მათი აზრით არაფერი მიუთითებს იმაზე რომ მკვლელის საქციელი პოლიტიკური რიტორიკით იყო გამწვეული.

პროფესორი ბარბარა ნორანდერი 20 წელია არიზონას შტატის პოლიტიკას აკვირდება. მისი აზრით გასულ წელს გამართული შუალედური არჩევნები მართლაც გამორჩეული იყო მკაცრი პოლიტიკური განცხადებებით. მაგრამ ის ვინც ადრე პოლიტიკური პროცესებისადმი ამერიკელთა გულგრილობაზე ლაპარაკობდა დღეს პირიქით მათ ზედმეტ აგრესიაზე არ უნდა ჩიოდეს.

მოკლედ არიზონას შტატში ბევრმა პრობლემამ მოიყარა თავი, დაწყებული ხისტი პოლიტიკური რიტორიკით, დამთავრებული იარაღის შეძენის და შენახვის კანონიერებით და სულიერად დაავადებული ადამიანებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების უქონლობით.

XS
SM
MD
LG