ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მაკო გომურს და სხვებს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოთ“


გიორგი სულაშვილი და მაკო გომური
გიორგი სულაშვილი და მაკო გომური

18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდა დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი ყველა იმ პირს, რომლებიც, თბილისში 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამეს“, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად დაზიანდნენ.

რუსთაველის გამზირზე მანიფესტაციის მონაწილეთა დაშლისას შსს-ს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება მაშინვე დაიწყო, თუმცა, დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 4 სამოქალაქო პირს აქვს მინიჭებული. ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს დირექტორი ქეთი ხუციშვილი ამბობს

„გვიჩნდება ეჭვი, რომ სახელმწიფოს არ უნდა აღიაროს სერიოზული ზიანის ფაქტი, რომლებიც შეკრების დაშლისას მოქალაქეებს და ჟურნალისტებს მიადგათ. ეს ყველაფერი ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების მიმდინარეობის მთლიან პროცესს.

გამოძიების პროცესში დაზარალებულის სტატუსს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა არ აქვს და დაზარალებულად ცნობით პირს ეძლევა საქმის მასალებზე წვდომა. აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში, ასევე წარმოადგენს ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას“ - აცხადებს ხუციშვილი.

სხვა დაშავებულ პირებთან ერთად, დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე ვერ მიიღეს მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა, რომლებმაც პოლიციის მხრიდან რეზინის ტყვიის გასროლის შედეგად თვალი დაკარგეს. მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე უწყების გადაწყვეტილებას ასე განმარტავს:

„კანონმდებლობა თუ შეიცვლება ამ მიმართულებით, მაშინ მას (მაკო გუმორს) მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მას ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი, აქედან გამომდინარე მას არ აქვს ეს სტატუსი“ - ამბობს თადუმაძე.

მესამე სექტორის აზრით, ის, რომ მაკო გუმურს, გიორგი სულაშვილს და სხვა პირებს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ მინიჭებული, ეს პირდაპირ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს:

„ეს არის სიცრუე, კანონმდებლობა იძლევა სრულ საფუძველს, რომ მაკო გომური და სხვები არათუ დაზარალებულად უნდა იყოს აღიარებული ხვალ და ზეგ, არამედ ის უნდა უკვე ყოფილიყო დაზარალებულად აღიარებული 21 და 22 ივნისს. ეს არის პოლიტიკური ნების ნაკლებობა ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლებას, გამოძიებას არ სურს აღიაროს, რომ შესაძლოა, დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო ასევე სამართალდამცველთა მხრიდან“ - განმარტავს სალაძე.

„გავრილოვის ღამეს“ შეტაკებისა და დარბევის დროს სულ 275 ადამიანი დაზარლდა, მათ შორის – 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვა წყაროებით 32 ჟურნალისტი) და შსს-ს 73 თანამშრომელი.

მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. დადასტურებულია, რომ ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა, ასევე, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.

პროკურატურამ ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 4 სამოქალაქო პირს და 67 პოლიციელს მიანიჭა. აქციის 17 მონაწილეს კი ბრალი წარედგინა. უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ერთი პოლიციელი დააკავეს, რომელიც მოგვიანებით 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.

XS
SM
MD
LG