ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატომ მონტენეგროს წევრობა შესთავაზა


ნატომ მონტენეგროს ოფიციალურად გაუგზავნა ალიანსში გაწევრიანების მოწვევა. 2009 წლის შემდეგ ეს ნატოს პირველი გაფართოება იქნება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მონტენეგროს ალიანსში მიწვევის შესახებ განცხადება დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე გააკეთა. მან მონტენეგროს ნატოსკენ სწრაფვას “ისტორიული მიღწევა უწოდა.”

ყოფილი იუგოსლავიის ამ პატარა ქვეყანამ ნატოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. ალიანსში ოფიციალურად გაწევრიანებამდე ქვეყანას რამდენიმე მოთხოვნა ჯერ კიდევ დასაკმაყოფილებელი აქვს.

მინისტერიალმა კომუნიკე შეიმუშავა, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას ადასტურებს. “ჩვენ მივესალმებით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა 2008 წლის შემდეგ. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საჭიროა საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად,” ნათქვამია კომუნიკეში.

ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე აცხადებენ, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მომავალი სამიტისთვის მომზადებასთან დაკავშირებით კი კომუნიკეში ნათქვამია -“ჩვენ შევისწავლით ახალ, პრაქტიკულ გზებს, რათა უფრო ინტენსიური გავხადოთ ძალისხმევა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის და მზარდი თანამშრომლობის ჩათვლით, მათ შორის, თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში.”

XS
SM
MD
LG