ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გზა ხელბურთიდან "ნიუ იორკ ტაიმსამდე"


აბრა ოდა ჰაუსის წინ

პოპულარული გამოცემის "ტაიმ-აუტის" ბოლო კვლევის შედეგად "ოდა-ჰაუსი" ნიუ იორკში არსებულ სხვადასხვა ეთნიკურ 100 რესტორანში ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. რა გზა გაიარა მაია დვალაძემ ვიდრე " ნიუ იორკ თაიმსის" ფურცელზე მოხვდებოდა? "ოდა ჰაუსს" ნიუ იორკში თეა თუაშვილი ესტუმრა.

ქართული რესტორანი"ოდა-ჰაუსი" და მისი მთავარი მზარეული მაია დვალაძე ამერიკული პრესისა თუ ტელევიზიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. პოპულარული გამოცემის "ტაიმ-აუტის" ბოლო კვლევის შედეგად "ოდა-ჰაუსი" ნიუ იორკში არსებულ სხვადასხვა ეთნიკურ 100 რესტორანში ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. ეს პოპულარობა და სიყვარული ძალიან მალე მოვიდა. რა გზა გაიარა მაია დვალაძემ ვიდრე " ნიუ იორკ თაიმსის" ფურცელზე მოხვდებოდა და ვინ ენატრება მას ყველაზე მეტად საქართველოში? თეა თუაშვილი მოგვითხრობს ნიუ იორკიდან.

შაბათს ნიუ იორკის ერთ-ერთ ყველაზე ბოჰემურ რაიონში მდებარე ცნობილ რესტორანში კლიენტებზე ადრე პოლიციელები მივიდნენ. "ოდა-ჰაუსი" გაქურდეს. რესტორნის მთავარ შეფთან ინტერვიუც ამ უსიამოვნო თემაზე საუბრით დაიწყო და რამდენჯერმე ხან სატელეფონო ზარების, ხან გამომძიებლების დაკითხვის გამო შეწყდა. ფედერალური საგამოძიები ბიურო პირველ რიგში რესტორნიდან წასული ყოფილი თანამშრომლების ვინაობით დაინტერესდა.

თუ არ ჩავთვლით შაბათს მომხდარ ქურდობის ფაქტს, "ოდა-ჰაუსს" ნიუ იორკში სერიოზული პრობლემები არასოდეს შექმნია. გაიხსნა 2013 წლის 5 მაისს და თვენახევარში რესტორნის ეზოში უკვე კლიენტების რიგი იდგა. ოსკარის მფლობელი მსახიობი ჰელენ მირენი აქ მეუღლესთან ერთად ხშირად ჩანახის და ხაჭაპურის საჭმელად მიდის. დიზაინერებმა, მოდელებმა, მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებმა, თავიანთი საქმის პროფესიონალებმა, ქართული სამზარეულო მაია დვალაძის კულინარიული ნიჭის გამო შეიყვარეს. მისი საკვები არ არის გენმოდიფიცირებული პროდუქტებისგან დამზადებული, ყოველთვის არის ახალი და ყველა კერძში მაია დვალაძის განსაკუთრებული დეტალი და განსხვავებული შტრიხი იგრძნობა.

მაია დვალაძე: იცით რამდენი დრო დამჭირდა, რომ ის ფქვილი, ის ყველი მეპოვნა, რომ ის გამოსულიყო, რაც მინდოდა. მე რომ ვერ გავაკეთებ ნამცხვარს, წარმოიდგინეთ, რა არის ეს ?! თავიდან არ გამოდიოდა ჩემი რეცეპტით რასაც ვაკეთებდი, ვარდებოდა ბისკვიტი, მაგრამ რაღაცნაირად ვიპოვე ის, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ ის გემო მიმეღო, რაც მინდოდა. მე სხვას არ შევთავაზებ იმას, რასაც მე ვერ შევჭამ. ამიტომ, რომ მეკითხებიან, რომელს გვირჩევ, ყველაფერს ვურჩევ, რადგან ჩემი შექმნილია ყველა კერძი, რასაც რესტორანში მოსულ სტუმარს ვთავაზობთ.

ამ ხელებით, რომლითაც დღეს მაია დვალაძე ამერიკაში საუკეთესო ხაჭაპურს აცხობს, 8 წელი თბილისში ჯერ ხელბურთს თამაშობდა, მერე კი 17 წელი პლასტიკურ ოპერაციებს აკეთებდა. ამერიკაში სოლიდური ვალის გამო ჩამოვიდა. ტრადიციული ისტორია: ბიზნეს- პარტნიორთან ჩაშლილი საქმე და დაყადაღებული ორი სახლი თბილისში, აგარაკები, მანქანები. ჩამოვიდა და სამ დღეში მუშაობა მომვლელად დაიწყო. თბილისში შვილი, პატარა მარიამი და მეუღლე დარჩა.

მაია დვალაძე: დავტოვე წლინახევრის შვილი. ბავშვი, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდებოდი, რომელიც მიყვარს და მირჩევნია მთელს ქვეყანას. ეს ყველაზე საშინელებაა - ადამიანი ყველაფერს აკეთებ და უძლებ, თუმცა ეს ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, მარიამის სუნს დღემდე ვგრძნობ. გავისტუმრე ვალი, აირია ჩემი ურთიერთობა ჩემს მეუღლესთან. ძალიან ძნელია აქედან ადამიანს აუხსნა, შენ რას აკეთებ და როგორ ხარ და ამის ფონზე იქიდან - იმათი საქციელი. მთელი ქვეყანა თითქოს არის შენი წინააღმდეგი. ახალ წელს ხვდები სკაიპში, წარმოიდგინე, არავითან ჭიქის მიჭახუნების საშუალებაც რომ არ გაქვს, იქიდან გაშლილი სუფრა, გირეკავენ და შენ სადღეგრძელოს ამბობენ. სანამ ადამიანი ამას თვითონ ვერ განიცდის, ვერ მიხვდება რა საშინელებაა.

ვალის დაფარვის შემდეგ მაია დვალაძემ ნიუ იორკის „სტარ კარიერს აკადემი“-ში ჩააბარა და კულინარის დიპლომი აიღო. მუშაობდა მანჰეტენის რუსულ რესტორანში, ტორტებზე და ხაჭაპურებზე იღებდა შეკვეთებს ბრუკლინში საკუთარ სახლში, გახსნა საცხობიც ბრაიტონზე, ისევ ქართველთან ერთად და ისევ ქართული ბიზნეს-პარტნიორული გაგების გამო ამ საცხობიდანაც წამოვიდა. სწორედ ამ დროს ამერიკულ საიტზე "ქრეიგლისტში" იმ განცხადებების ძებნა დაიწყო, სადაც რესტორნის ბიზნესის გაყიდვაზე წერდნენ. ასე გაიცნო მან ამერიკელი პარტნიორი, რომელსაც აღმოჩნდა, რომ გენეტიკურად ქართველი წინაპრები ჰყავდა. მაია დვალაძეს ბიზნესის შესასყიდად მაშინ 90 ათასი ამერიკული დოლარი არ ჰქონდა, თუმცა, ნანდომ მას ბიზნეს-პარტნიორობა თავად შესთავაზა.

მაია დვალაძე: ერთ თვეში გავხსენი ეს რესტორანი, 5 მაისს აღდგომას გაიხსნა ეს რესტორანი. არავის არ ჯეროდა, რომ მე ამ რესტორანს ერთ თვეში გავხსნიდი, არავის სჯეროდა, რომ აქ გავაკეთებდი. უამრავი ხმა დაირხა, ვისი ქალია მაია... ანუ ვის ვეკუთვნი, ბიძინას თუ სააკაშვილს და მეთქი ხალხნო სად ვართ, რუსთაველზე ვარ, საბურთალოზე თუ მანჰეტენზე, ისტ ვილიჯში. არავის ქალი არ ვარ, ჩემი ნიჭის ქალი ვარ, რომელმაც ყველაფერს დიდი შრომით მიაღწია.

ამერიკაში მართლაც განსაკუთრებული უნდა იყო, რომ წელიწადნახევარში ამერიკელების გაოცება შეძლო და მათი სიყვარული დაიმსახურო. ამ სტიმულმა "ოდა-ჰაუსის" ქსელის შექმნის იდეაც თავისთავად მოიტანა. წლის ბოლოსთვის შესაძლოა ახალი რესტორანი მანჰეტენის უკვე დასავლეთ ნაწილში გაიხსნას.

მაია დვალაძე: მე იმდენად მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ, მიყვარს ადამიანების კმაყოფილებით სავსე თვალები, ამათი "თენ ქიუ შეფ" და ხელზე კოცნა... ყველაფერზე მეტია, როცა ადამიანი მთელი სულით და გულით გიხდის მადლობას. ერთი შეფი (კულინარი) იყო ჩვენთან და ასეთი რაღაც მითხრა: მე ავარიაშიც მოვყევიო, მთამსვლელია თან და სადღაც ჩავიხერგეო და ეტყობა ღმერთმა ცოცხალი იმიტომ დამტოვაო, რომ შენი ეს საჭმელი გამესინჯაო. იცი , ამას რომ ადამიანი გეტყვის, ეს ყველაფერზე მაგარია.

XS
SM
MD
LG