ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთში სარკინიგზო ავარიას 78 ადამიანი ემსხვერპლა


მომხდარი შემთხვევა ესპანეთის ისტორიაში უკანასკნელი 40 წლის მანძილზე ყველაზე დიდ კატასტროფად არის მიჩნეული

ესპანელი გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, თუ რა გახდა ქვეყნის ჩრდილოეთში გუშინ საღამოს მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის მიზეზი. მატარებლის რელსებიდან გადასვლის გამო ესპანეთში 78 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, მატარებლის სიჩქარე დასაშვებ მაქსიმუმს, 80 კილომეტრს საათში, 2-ჯერ აღემატებოდა.

სანტიაგო დე კომპოსტელას სადგურთან მომხდარი შემთხვევა ესპანეთის ისტორიაში უკანასკნელი 40 წლის მანძილზე ყველაზე დიდ კატასტროფად არის მიჩნეული. ბოლო საგზაო შემთხვევა მასობრივი მსხვერპლით 1972 წელს მოხდა, როცა ქვეყნის სამხრეთში მატარებელს და ავტობუსს შორის მომხდარი შეჯახების გამო 80 მგზავრი დაიღუპა.

პრემიერი მარიანო რახოი, რომელიც წარმოშობით სწორედ იმ ქალაქიდანაა, სადაც კატასტროფა მოხდა, დღეს შემთხვევის ადგილზე ჩავიდა და საავადმყოფოში დაზარელებულები მოინახულა. სანტიაგო დე კომპოსტელაში შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG