ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანიშვილი არ არის რუსეთის კაცი


ინტერვიუ ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მოწვეულ ექსპერტთან, პოლიტოლოგ სერგეი მარკედონოვთან

„ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის სტუმარია ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მოწვეული ექსპერტი, ცნობილი რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი, რომელიც საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილ ახალ პოლიტიკურ სიტუაციაზე, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს.

როგორც რუსი ექპსერტი აცხადებს: „სააკაშვილს და ივანიშვილს შორის ბევრი განსხვავებაა, თუმცა რაღაც საერთოც გააჩნიათ. მიხეილ საკაშვილი ნამდვილი პოლიტიკოსია. ის სრულიად ახალგაზრდა, შევარდნაძის დროს მინისტრი იყო, მერე ოპოზიციაში გადავიდა. ეს ის კაცია ვინც თავიდანვე პოლიტიკოსობა დაისახა მიზნად. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკა მისი სტიქიაა. რაც შეეხება ივანიშვილს, ის პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. არასოდეს ყოფილა საჯარო ფიგურა. ბევრმა არც კი იცის, რომ 1996 წელს ის ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა რუსეთში. თუმცა მას შემდეგ რაც საჯარო ფიგურა გახდა, უცბად შეძლო პოლიტიკურ ნიუანსებში გარკვევა და საკუთარ ძალებში არასოდეს შეპარვია ეჭვი. რაც შეეხება იმას თუ რა მსგავსებაა მათ შორის. პირველ რიგში ორივე პოსტ-საბჭოთა მენტალიტეტის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ყველაფერს შავ-თეთრ ფერებში ხედავენ, თუ სააკაშვილი აცხადებს, რომ მის გარეშე რუსეთი გადაყლაპავდა საქართველოს, ივანიშვილის მტკიცებით, ის რომ არ ყოფილიყო სააკაშვილი სულ მთლად დააქცევდა ქვეყანას. ორივენი საკუთარ თავზე ისე მსჯელობენ, რომ ქვეყნის გადამრჩენები არიან, მათი მთავარი პრობლემა ერთმანეთთან თანაარსებობა იქნება. თანაც ივანიშვილის საბოლოო გამარჯვებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.“

„ამერიკის ხმის" შეკითხვაზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის სავარაუდო ურთიერთობების შესახებ, ბატონმა მარკედონოვმა ამგვარი პასუხი გასცა:

„ჩემი აზრით ექსპერტები ცოტა აჩქარდნენ, როდესაც ხელისუფლების შეცვლის შესახებ გააკეთეს განცხადებები, ალბათ, ეს პროცესი დროში გაიწელება, რადგან მორიგი პოლიტიკური ციკლი მხოლოდ ახლა დაიწყო და საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა ახალი პრეზიდენტის არჩევით და საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებით უნდა დამთავრდეს. რა თქმა უნდა, ძნელი იქნება კომპრომისის მიღწევა. მართალია, სააკაშვილმა განაცხადა ოპოზიციაში გადასვლის შესახებ, მაგრამ სახელმწიფო კანცელარია და ძალოვანი სამინისტროები ხომ მის დაქვემდებარებაში არიან, ისინიც ოპოზიციაში ხომ არ გადავლენ? ყველაზე უფრო დიდი გამოცდა სწორედ ახალი მთავრობის ჩამოყალიბება იქნება.“

„ამერიკის ხმის" შეკითხვაზე რუსეთთან მომავალი ურთიერთობის შესახებ, ბატონმა მარკედონოვმა განაცხადა: „მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილის პრო-რუსულ პოლიტიკოსად გამოცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს - მას რუსეთის მხარდამჭერი განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. არც ის უთქვამს, რომ ნატოსთან ინტეგრაციის შეწყვეტას აპირებს, არც ევრაზიის კავშირის მომხრეა და არც საბაჟო კავშირის შექმნას უჭერს მხარს. დსთ-ზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

პირიქით, ის ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრებს მართავდა და ჯონ მაკეინთან შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე კმაყოფილი ჩანდა. მან ვაშინგტონში საკმაოდ ეფექტური ლობისტური საქმიანობა გააჩაღა. ვერავინ იტყვის, რომ ის რუსეთის კანდიდატია. ახლა ივანიშვილს რომ რუსეთშიც ჰქონდა კავშირები, რა გასკვირია, რომელ ქართველს არ აქვს რუსეთთან კავშირები? საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ხომ 2009 წლამდე საერთოდ რუსეთის მოქალაქე იყო. კახა ბენდუქიძეც რუსეთში გამდიდრდა და არა ამერიკასა და ინგლისში. ბოლო-ბოლო საქართველო 21 წლის წინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო.

ახლა რა იმედები შეიძლება იყოს ივანიშვილთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მას მხრებზე არ აწევს 2008 წლის ტვირთი. რუსეთისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია. არც 2004-2008 წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთოებების გაფუჭებაში მიუღია მონაწილეობა. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერს სუფთა ფურცლიდან ვერ დავიწყებთ, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკის გატარების შანსი არსებობს, თუმცა არა მგონია, რომ ივანიშვილმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მოსკოვთან საერთო ენის გამონახვა შეძლოს. კრემლი 26 აგვისტოს აღიარების შესახებ დადგენილებას ვერ გააუქმებს და არც ივანიშვილი შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას. ყოველ შემთხვევაში, დიალოგი უნდა დაიწყოს, უბრალო საუბარიც არ ავნებს საქმეს. შეიძლება ქართული ნაწარმისთვის რუსეთის ბაზრის გახსნის საკითხი დადგეს. შეიძლება თანამშრომლობა ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებით, სადაც ისლამიზმის გაძლიერება რუსეთისთვისაც და საქართველოსთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ამ თემებზე დღესვე შეიძლება საუბრის დაწყება."

„ამერიკის ხმის" ბოლო შეკითხვა ვაშინგტონში ივანიშვილის მომავალ ვიზიტს ეხებოდა. სერგეი მარკედონოვის აზრით: „ივანიშვილის მთავარი გზავნილი ის იქნება, რომ საქართველო არ აპირებს 180 გრადუსით შემოტრიალებას და მასთან საქმის დაჭერა პრობლემა არ გახდება ამერიკელებისთვის."
XS
SM
MD
LG