ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა, შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს საგარეო და ვაჭრობის პოლიტიკა


დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, საგარეო პოლიტიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ახალმა პრეზიდენტმა შესაძლოა საგარეო პოლიტიკა და მიდგომა მსოფლიოში მიმდინარე კრიზისებისადმი, რადიკალურად შეცვალოს.

ტერორიზმის საფრთხე, არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში, უკრაინაში რუსეთის აგრესია და უფრო ძლიერი ჩინეთი, ის გამოწვევებია, რომლის გარშემოც ტრამპს გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს და რომელიც ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე მოახდენს გავლენას.

წინასაარჩევნოდ ტრამპმა განაცხადა, რომ რადიკალური ექსტრემიზმი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მისთვის. მაგრამ, მიმომხილველთა აზრით ის რიტორიკა, რომელსაც ტრამპი ამ თემებზე საუბრისას იყენებდა, ვერ დაეხმარება მას პრობლემის გადაჭრაში.

ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარის დარელ ვესტის თქმით, ის თუ რას ამბობ, და როგორ რიტორიკას იყენებ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი, ძალზედ მნიშვნელოვანია.

„როდესაც მსოფლიო არენაზე ხარ, ყველას ყურადღება მიმართულია იმ ყველაფრისკენ, რასაც აკეთებ. და აღმოაჩენ, რომ სიტყვებს მოყვება შედეგები, სიტყვებს აქვს მნიშვნელობა. თუ რას ამბობ სხვადასხვა საკითხებზე, როგორ უდგები კონფლიქტს და რას ფიქრობ თუ რა უნდა გააკეთო, ძალზედ მნიშვნელოვანია“

კამპანიის განმავლობაში ტრამპი საუბრობდა რუსეთთან თანამშრომლობის უპირატესობებზე. რუსეთი ობამას ადმინისტრაციისთვის მეტოქედ მიიჩნეოდა. ბევრი ექსპერტი და მიმომხილველის ტრამპის პოზიციამ დააბნია.

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელის ჯონ ჰერბსტის თქმით, თუ ტრამპის განცხადებებით ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა პოლიტიკას გაატარებს ის, ეს შემაშფოთებელია.

„თუ მისი განცხადებების მიხედვით ვიმსჯელებთ, მე ძალიან შეშფოთებული ვარ. მას არ აქვს ძირითადი ინფორმაცია რუსული აგრესიის შესახებ უკრაინაში, მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი ერთგულება NATO-ს წევრი მოკავშირეებისადმი. ჩემი აზრით, ეს ძალიან სახიფათოა“, - განაცხადა ჰერბსტმა.

რაც შეეხება ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობას - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აზია-წყნარი ოკეანეთის ქვეყნებთან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში ის წინ არ წაიწევს, გამომდინარე ტრამპის პოზიციიდან საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის გარშემო.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარის, მაიკლ გრინის თქმით, საჭიროა ამ კუთხით მუშაობა.

„საჭიროა გაიზარდოს ამერიკის წარმომადგენლობითობა... ეს შეეხება ჩართულობას, ვაჭრობას და თავდაცვას. არსებობს კონსენსუსი, რომ ამ კუთხით ჩვენ უფრო მეტი რამის გაკეთება გვჭირდება“, - ამბობს გრინი.

მიმომხილველები ელოდებიან ტრამპის მიერ სხვადასხვა თანამდებობებზე კანდიდატურების წარდგენას იმისთვის, რომ უფრო ნათელი გახდეს თუ როგორი იქნება თეთრი სახლის მიდგომა მსოფლიოსადმი.

XS
SM
MD
LG