ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლივუდის გაფიცულმა მწერლებმა სტუდიებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს


აქცია ჰოლივუდის სტუდიასთან "ფარამაუნთ-ფიქჩერს". 2 მაისი, 2023 წ. ლოს-ანჯელესი, აშშ.
აქცია ჰოლივუდის სტუდიასთან "ფარამაუნთ-ფიქჩერს". 2 მაისი, 2023 წ. ლოს-ანჯელესი, აშშ.

თითქმის 5-თვიანი გაფიცვის შემდეგ, ჰოლივუდის მწერალთა პროფკავშირმა მსხვილ სტუდიებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაცია კვირას, 24 სექტემბერს სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა. ეს გაფიცვა ამერიკული ფილმების და სატელევიზიო ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც კალიფორნიის შტატის ეკონომიკას უკვე მილიარდობით დოლარი დაუჯდა.

სამწლიან შრომით კონტრაქტზე მიღწეული წინასწარი შეთანხმება ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს ამერიკის მწერალთა გილდიის ხელმძღვანელობამ, ასევე პროფკავშირის სხვა წევრებმა, სანამ ის საბოლოოდ ძალაში შევა. გილდია 11 500-ზე მეტ კინოსა და ტელევიზიის მწერალს აერთიანებს. ის გარიგებას "გამორჩეულს" უწოდებს, "მნიშვნელოვანი მიღწევებით და მწერლების დაცვის უზრუნველყოფით".

”ეს შესაძლებელი გახდა ამერიკის მწერალთა გილდიის წევრების მუდმივი სოლიდარობით და ჩვენი პროფკავშირის ძმების არაჩვეულებრივი მხარდაჭერით, რომლებიც შემოგვიერთდნენ პიკეტის ხაზზე 146-ზე მეტი დღის განმავლობაში” - ნათქვამია მომლაპარაკებელი კომიტეტის განცხადებაში, რომელიც კვირასვე გავრცელდა.

შეთანხმება რატიფიკაციის შემთხვევაშიც კი, ჰოლივუდის ჩვეულ საქმიანობას სრულად ჯერ ვერ აღადგენს. მწერლების ნაწილი, რომლებიც ერთიანდებიან პროფკავშირში "სეგ-აფტრა" (SAG-AFTRA) ჯერჯერობით კვლავ გაფიცულია.

მწერლების დიდმა ნაწილმა სამსახური 2 მაისს დატოვა, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკბა ჩიხში შევიდა. მოგვიანებით მათ კიდევ უფრო მეტი მწერალი შეუერთდა. გაფიცულთა მოთხოვნებს შორის სახელდებოდა: კომპენსაციის მომატება, მწერალთა სამუშაო გარემოს უკეთ უზრუნველყოფა, დაცვა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წინააღმდეგ და მრავალი სხვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG