ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაფიცვებმა ლონდონის სატრანსპორტო ქსელი გაჩერებამდე მიიყვანა


პარასკევს, ლონდონის სატრანსპორტო ქსელი გაჩერდა, რადგან მატარებლებისა და ავტობუსების თანამშრომლებმა შრომის ანაზღაურებისა და პირობების გამო გაფიცვა მოაწყეს. შრომით ბაზარზე ზაფხულის განმავლობაში არაერთი სხვა გაფიცვაც მოხდა, დასაქმებულთა ნაწილი მზარდი ინფლაციით და ხელფასების გაუფასურებით უკმაყოფილოა.

ეროვნული რკინიგზის თანამშრომლებმა მუშაობა ხუთშაბათსაც შეაჩერეს და შაბათსაც იგივეს გაკეთებას გეგმავენ.

წელს, რკინიგზაზე გაფიცვების გამო, მგზავრები მთელ ქვეყანაში უკვე არაერთხელ დაბრკოლდნენ. გაფიცვების ორგანიზატორი პროფკავშირებია და ისინი წევრებისთვის ისეთ ანაზღაურებას და შრომის პირობებს ითხოვდნენ, რომელიც ინფლაციის შედეგად საყოფაცხოვრებო ნივთების ფასისა და ხარჯების მკვეთრ ზრდას შეესაბამება.

მონაცემებმა აჩვენა, რომ ინფლაციის დონე ივლისში 10.1% იყო, ეს ქვეყანაში 1982 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია. ამის მიზეზად უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ენერგიაზე გაზრდილი ფასებია. ამის შედეგები კი მომხმარებლებზე პირდაპირ კომუნალური გადასახადების, ან არაპირდაპირ - სურსათზე მზარდი ფასებით აისახა.

ფასების ზრდამ და იმან, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეთა ანაზღაურებაზე არ ისახება, ფირმებს, პროფკავშირებსა და მთავრობას შორის დაპირისპირებები გამოიწვია. კომპანიები ამბობენ, რომ მზარდი ფასები და მოთხოვნის შემცირება, მათთვის მოლაპარაკების ჩარჩოებს ზღუდავს. პროფკავშირები ამბობენ, რომ მათ დასაქმებულებს ასეთი ანაზღაურებით ცხოვრება არ შეუძლიათ. მთავრობა კი ამბობს, რომ შეშფოთებულია ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობით, რამაც თავის მხრივ შესაძლოა ინფლაციას ხელი მეტად შეუწყოს.

ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა „ბი-ბი-სის“ უთხრა: „არ გვინდა აღმოვჩნდეთ 1970-იანებში, სადაც ხელფასებს ზრდი, ინფლაცია იზრდება და ასე შემდეგ და ა.შ. ამას თავს ვერასდროს დააღწევ.“

მომავალ გაფიცვებს ბრიტანეთის ინდუსტრიის სხვა სფეროებშიც გეგმავენ, მათ შორის პორტის თანამშრომლები, ადვოკატები, მასწავლებლები, ექთნები, მეხანძრეები, დასუფთავების თანამშრომლები, აეროპორტებსა და ფოსტაში დასაქმებულები და სხვები.

XS
SM
MD
LG