ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სარაკეტო იერიშს ჩერნიჰივში 15-მდე ადამიანი ემსხვერპლა, კიევი დახმარების დაჩქარებას ითხოვს


რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეული შენობა ჩერნიჰივში, უკრაინა. 17 აპრილი, 2024წ.
რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეული შენობა ჩერნიჰივში, უკრაინა. 17 აპრილი, 2024წ.

რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივში კვლავ მსხვერპლია. დღეს მომხდარი იერიშის შედეგად, ჩერნიჰივში სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა, 60 - დაშავდა, დაზიანებულია ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა, საავადმყოფო და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას უკრაინის ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შესაბამისი ამუნიციის სიმწირის ფონზე, რუსეთი აგრძელებს მეზობელი სუვერენული ქვეყნის დაბომბვას და თავდასხმების ინტენსივობას თანდათან ზრდის კიდეც. რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ ჩაუსი უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთმა იერიში ამჯერად „ისკანდერის“ ტიპის სამი ფრთოსანი რაკეტით მიიტანა.

ამ ფონზე, კიევი კვლავ ხაზს უსვამს საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობას. უკრაინა აცხადებს, რომ დახმარების დროულად მიღების შემთხვევაში, მსგავსი შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ, მოკავშირეებს კიევის მხარდაჭერაში მეტი სიმტკიცისკენ მოუწოდა. "ეს არ მოხდებოდა, უკრაინას რომ საკმარისი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა მიეღო და რუსეთის ტერორის წინააღმდეგ მსოფლიოს ნება საკმარისად მტკიცე ყოფილიყო", - თქვა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე".

ანდრი ერმაკმა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა კიევის მოწოდება დასავლეთისადმი, მეტი საჰაერო თავდაცვითი სისტემებით დახმარების თაობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ კი მადლობა გადაუხადა გერმანიას დამატებითი "პატრიოტის" ტიპის შეიარაღების მოწოდებისთვის და დანარჩენ პარტნიორებსაც სთხოვა, მის მაგალითს მიჰყვნენ.

რუსეთი, რომელიც დღემდე უარყოფს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს, მეზობელ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის თებერვლიდან აწარმოებს. ბოლო კვირებში მოსკოვმა გააძლიერა თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე და მის სამიზნეში უმეტესად ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა რჩება.

უკრაინა შეერთებული შტატებიდან დაახლოებით $60 მილიარდის ოდენობის დახმარების მოლოდინშია, რომელიც ორ თვეზე მეტია შეყოვნებულია. კანონპროექტის განხილვას ამერიკის წარმომადგენელთა პალატა ამ კვირაში გეგმავს. განცხადება ამის თაობაზე პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ორშაბათს, 15 თებერვალს გააკეთა.

დემოკრატების კონტროლირებულმა ამერიკის სენატმა, $95-მილიარდიანი საბიუჯეტო კანონპროექტი, რომელშიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარებაა გათვალისწინებული, ორპარტიული მხარდაჭერით, დაახლოებით ორი თვის წინ დაამტკიცა. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა ამ დრომდე აჭიანურებდა მის განხილვას და სანაცვლოდ ითხოვდა მნიშვნელოვან ცვლილებებს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. უკრაინის დახმარების ბედი ვაშინგტონში შესაძლოა, ამ კვირის ბოლომდე გადაწყდეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG