ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსონი კონგრესში ამერიკის დახმარების კანონპროექტის დამტკიცებას შეეცდება


მაიკ ჯონსონი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი
მაიკ ჯონსონი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 14 აპრილს თქვა, რომ ის ამ კვირაში შეეცდება ისრაელს ომში დაეხმაროს და პალატაში ეროვნული უსაფრთხოების საბიუჯეტო კანონპროექტზე კანონმდებელთა შეთანხმების მიღწევაზე იმუშავებს. აღნიშნული კანონპროექტი, ისრაელთან ერთად, მოიცავს უკრაინის სამხედრო დახმარებას რუსეთის წინაააღმდეგ მიმდინარე თავდაცვით ომში და ასევე ითვალისწინებს ტაივანში ამერიკული შეიარაღების გაგზავნის დაფინანსებას.

ჯონსონი უზარმაზარი წნეხის ქვეშაა, რათა დააკმაყოფილოს რესპუბლიკურ პარტიაში უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის მხარდაჭრის საკითხებთან დაკავშირებით არსებული დაპირისპირება. ამ ქვეყნების დამატებითი დახმარება დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა სენატმა, ორპარტიული მხარდაჭერით, უკვე დაამტკიცა. ის 95 მილიარდ დოლარს მოიცავს და ორ თვეზე მეტია რესპუბლიკელებით კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრაზე გატანას ელის.

გამოცდილი რესპუბლიკელი კანონმდებლები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის დახმარებას, იმედგაცრუებულნი არიან კანონპროექტის განხილვის გაჭიანურების გამო. ამის მიზეზია ის, რომ რუსეთთან შედარებით, უკრაინის არმიის რესურსები ძალზე მწირია და კიევის თავდაცვა, განსაკუთრებით უკრაინის რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობები, უფრო და უფრო მეტადაა დამოკიდებული ამერიკის მხრიდან საბრძოლო მასალით დახმარებაზე. გასულ კვირას, უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ელექტროსადგური განადგურდა და რამდენიმე მნიშვნელოვნად დაზიანდა, მოსკოვის მიერ სარაკეტო და დრონებით მიტანილი მასიური თავდასხმის შედეგად.

პარალელურად, იზრდება ულტრაკონსერვატორ რესპუბლიკელთა რიცხვი, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან ჯონსონს. ზოგიერთი მათგანი სპიკერის გადაყენებაზეც კი საუბრობს. ისინი ითხოვენ, რომ პალატის სპიკერმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო კანონპროექტი, მათი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, კენჭისყრაზე არც კი დააყენოს. რესპუბლიკელთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატ, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიმდინარე კონსულტაციებით, კონსერვატორ რესპუბლიკელთა მოთხოვნებს შორისაა კიევის დახმარების ნაწილის ვალად რესტრუქტურიზაცია და მექსიკასთან, სამხრეთ საზღვარზე, პოლიტიკის შეცვლა.

ვითარება შეიცვალა 14 აპრილს, ირანის მიერ ისრაელზე მიტანილი უპრეცედენტო იერიშის გამო, რადგან ჯონსონი ახლა კიდევ უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა, ეს გარემოება მას დამატებით ბერკეტსაც აძლევს ხელში, რომ ისრაელის სასწრაფო დახმარების საჭიროება დაასაბუთოს და მისი მხარდაჭერის ფინანსური პაკეტი კენჭისყრაზე გაიტანოს. ჯონსონს, კვირას გაკეთებულ განცხადებაში, უკრაინის დახმარება არ უხსენებია, მან მხოლოდ ისრაელის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

ირანი ისრაელს, აქამდე, რეგიონში თეირანის მიერ დაფინანსებული ისლამისტი მარიონეტული ჯგუფების საშუალებით უპირისპირდებოდა, როგორიცაა "ჰამასი" - პალესტინელებით დასახლებულ ღაზის სექტორში და "ჰეზბოლა" - ლიბანში. უქმეებზე, დაახლოებით, 330 რაკეტითა და დრონით მიტანილი იერიში კი უშუალოდ ირანის მიერ იყო განხორციელებული. ისრაელმა მათი უმეტესობა გააუვნებელყო.

"პაკეტის დეტალები ამ წუთებში ზუსტდება ",- უთხრა ჯონსონმა ტელეკომპანია "ფოქსს" 14 აპრილს და დასძინა: "დამატებითი დახმარების სხვადასხვა ვარიანტებს ვამუშავებთ". ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილ საბიუჯეტო კანონპროექტში დახმარების უმეტესი ნაწილი უკრაინისთვისაა გათვალისწინებული, დაახლოებით $60 მილიარდი. ისრაელის დახმარება კი $14 მილიარდს შეადგენს.

კვირასვე, ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა ჯონსონს მოუწოდა, "პაკეტი კენჭისყრაზე რაც შეიძლება მალე გაიტანოს". ტელეკომპანია "ენ-ბი-სის" კირბიმ უთხრა: „ჩვენ არ გვჭირდებოდა იმის შეხსენება, თუ რა ხდება უკრაინაში... მაგრამ, გუშინდელი ღამე, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს იმ საფრთხეს, რომელსაც ისრაელი აწყდება მის უკიდურესად რთულ სამეზობლოში”.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG