ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ასოცირების ხელშეკრულებაზე იმსჯელეს


ფონდში „ჰერიტიჯი“ საქართველოს ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გეგმას აფასებენ

ევროკავშირის ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღე რჩება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, რომელიც ლიტვის დედაქალაქში 28-29 ნოემბრისთვის იგეგმება, ვაშინგტონშიც დიდ ინტერესს იწვევს. 18 ნოემბერს ფონდში „ჰერიტიჯი“ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც ამ ქვეყნების წინაშე დგას. ხელშეკრულება თითოეული ქვეყნისთვის იმ პარტნიორულ სტატუსს განსაზღვრავს, რომელიც მას ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობაში ექნება. როგორც ცნობილია, საქართველო ასოცირების ხელშეკრულებაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ინიციალებს დასვამს, დოკუმენტის უშუალო ხელმოწერა კი მომავალ, 2014 წელს მოხდება.


„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი მეზობლებს ხშირად „უფროსი ძმასავით“ ექცეოდა. მოსკოვი არ ერიდებოდა „უმცროსი ძმების“ - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ჩაგვრას, როცა ისინი ცუდად იქცეოდნენ, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცდილობდნენ ნამდვილი დამოუკიდებელი ქვეყნებივით ემოქმედათ“ - ნათქვამია ფონდის მიერ გამართული ღონისძიების ანონსში. ბოლოს და ბოლოს, 20 წლის შემდეგ, ამ ქვეყნებს ეძლევათ შანსი რუსეთის „დათვურ ჩახუტებას“ თავი დააღწიონ და ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი. თუმცა, რუსეთი ისევ აგრძელებს მათთვის ეკონომიკური და პოლიტიკური ალიანსების თავზე მოხვევას, რათა დასავლეთის გავლენა დააბალანსოს. „ამერიკელმა პოლიტიკოსებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ შეერთებული შტატები განსაკუთრებულად დაინტერესებულია ისევე როგორც ამ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობაში და სუვერენიტეტში, ასევე მათ ევროპულ ინტეგრაციაში“.

ფონდში „ჰერიტიჯი“ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, არჩილ გეგეშიძე. მისი თქმით, მსგავს შეხვედრებს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი მსჯელობები ვაშინგტონში ხშირად იმართება.

„ჯერ ერთი ეს ეხება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს, რაც უკავშირდება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და მოგეხსენებათ, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებით და შემდგომ მისი ხელმოწერის პერსპექტივით, საქართველო თვისობრივად უახლოვდება ევროკავშირს ამ ინსიტუციური ინტეგრაციის გზაზე. ამ პროცესს სჭირდება მრავალმხრივი ხელშეწყობა. მათ შორის, ვაშინგტონიდან. ეს ძალიან სერიოზული, მრავალასპექტიანი პროცესია, გამოწვევები ძალიან რთულია, მათ შორის რუსეთის მხრიდან და სხვა.

ამიტომ, აქ შეერთებული შტატების თანადგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამდაგვარი შეხვედრები, როგორიც დღეს აქ ფონდში ჩატარდა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ვაშინგტონში შესაბამისი დისკუსიების ჩატარებას, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, რომელიც შემდგომ უკვე გადაწყვეტილების მიმღებებსაც გაუზიარდებათ. ისინიც უფრო მეტად გააცნობიერებენ, უფრო მეტი მოტივაციით, მეტი ენთუზიაზმით მოეკიდებიან იმ საქმეს, რასაც ქვია შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერა ევროკავშირისთვის, რომ ეს პროცესი ღირსეულად და დროულად იქნეს გავლილი
- განაცხადა არჩილ გეგეშიძემ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის და აზერბაიჯანის ელჩები. ევროკავშირის სახელით, შეხვედრაზე წლევანდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის ელჩი, ზიგიმანტას პავილიონისი საუბრობდა. მან ლიტვის მიერ 18 წლის წინ ევროკავშირისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები და გაწევრიანების 10-წლიანი ისტორია მოიგონა. ლიტვამ ასოცირების ხელშეკრულებას 1995 წელს მოაწერა ხელი, 99-ში კანდიდატი გახდა, 2005 წელს კი ევროკავშირს შეუერთდა. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ზიგმანტას პავილიონისმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ ეს პროცესი წარმატებით დაასრულოს: მთავარია იმავე გზით გააგრძელეთ, როგორც აქამდე მოხვედით. იმედი მაქვს „პოლიტიკური ვენდეტის“ ტენდენციები არ გადაწონის. მით უმეტეს იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ახალი პრეზიდენტი გყავთ. შეინარჩუნეთ და განავითარეთ დემოკრატიის პრინციპები. მჯერა, რომ თქვენ ამის უნარი გაქვთ. აჩვენეთ, ყველას, რომ თქვენ ეს სხვებზე უკეთ, თუნდაც მეზობელ ქვეყნებზე მეტად შეგიძლიათ“.

შეხვედრის ორგანიზატორის, ფონდ „ჰერიტიჯის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, არიელ კოენის თქმით, საქართველოს სავსებით შეუძლია ევროკავშირში ლიტვის, პოლონეთის, ჩეხეთის, თუ სხვა ქვეყნების წარმატებული გაწევრიანების ისტორია გაიმეოროს.

საქართველომ დიდი მოსამზადებელი სამუშაო გასწია. წარმატებით ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები შარშანაც და წელსაც. ის უბრალოდ, გეგმას უნდა მიჰყვეს და არ გადაუხვიოს არჩეულ გზას. გააგრძელოს მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან ჯერ ასოცირებული და შემდეგ სრული წევრობის მიღწევამდე ევროკავშირში და ნატოში“ - აღნიშნავს ის.

დისკუსიაში ელჩებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ: პიტერ დორანი, ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის კვლევათა დირექტორი; ტედ ბრომუნდი, ფონდ „ჰერითიჯის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტი და მარიკ სტრინგი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი წევრი.

მთავარ მომხსენებლად ფონდ „ჰერითიჯში“ კურტ ვოკერი წარადგინეს. ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში, ამჟამად მაკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია. შემაჯამებელ გამოსვლაში კურტ ვოკერმა განაცხადა, რომ ევროპაში რუსეთის რევანშისტული განწყობა უკვე აშკარაა, რაც დასავლეთს დიდი არჩევანის საშუალებას არ აძლევს. თუნდაც, უკრაინა ვერ აკმაყოფილებდეს ევროკავშირს მრავალი კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სტანდარტით, არჩევანის გაკეთება ამჟამად ფაქტიურად „შავს და თეთრს შორის“ ხდება. რაც შეეხება საქართველოს სამომავლო პერსპექტივას, კურტ ვოკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის რეგიონში დემოკრატიული პრინციპების განვითარების და დანერგვის მხრივ, ყველაზე მეტი პროგრესით გამოირჩევა და ერთადერთი, სწორი სამომავლო სტრატეგია ქვეყნისთვის ერთხელ უკვე აღებული დემოკრატიული კურსის გაგრძელება და მისი დახვეწა იქნება.
XS
SM
MD
LG