ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატრიარქის დიპლომატია


2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს პატრიარქი მოსკოვს მეხუთედ ეწვევა

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს პატრიარქი მოსკოვს მეხუთედ ეწვევა

18 ნოემბერს, რუსეთის დედაქალაქში მორიგი ვიზიტით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩადის. ამჯერად ვიზიტის მიზეზი - მოსკოვისა და მთელი რუსეთის პატრიარქის დაბადების დღეა. 83 წლის ილია მეორე აპირებს კირილე მეორეს 70 წლის იუბილე პირადად მიულოცოს.

2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიის შემდეგ, ეს პატრიარქ ილია მეორეს რიგით მეხუთე ვიზიტი იქნება რუსეთში.

2013 წელი, რუსეთის პატრიაქრი ილია მეორეს მოსკოვში “მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდის” ჯილდოს გადასცემს

2013 წელი, რუსეთის პატრიაქრი ილია მეორეს მოსკოვში “მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდის” ჯილდოს გადასცემს

ომიდან 4 თვეში, 2008 წლის დეკემბერში, ილია მეორე მოსკოვში, რუსეთის პატრიარქ ალექსეი მეორის დაკრძალვაზე ჩავიდა. ამ დროს საქართველოს უკვე გაწყვეტილი ჰქონდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა.

2011 წლის ნოემბერში, საქართველოს პატრიარქმა მოსკოვში, კირილე მეორეს 65 წლის იუბილე მიულოცა და პრეზიდენტ მედვედევს შეხვდა. 2013 წლის იანვარში, ილია მეორემ მოსკოვში “მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდისგან” ჯილდო მიიღო და შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ჰქონდა აუდიენცია.

2013 წელი, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ილია მეორემ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ "მას საქართველო უყვარს"

2013 წელი, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ილია მეორემ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ "მას საქართველო უყვარს"

2013 წლის ივლისში, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მოსკოვს, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის იუბილეს აღსანიშნავად ეწვია.

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამჟამინდელი ვიზიტის დროს, რუსეთის პრეზიდენტთან ოფიციალური შეხვედრა დაგეგმილი არ არის, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ „იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ასეთი შეხვედრა მაინც გაიმართოს“.

ფილოსოფოსი გიგა ზედანია ფიქრობს, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ბოლო წლების პოლიტიკა, ერთგვარი „მშვიდობის ხიდის“ როლი ითამაშოს ოკუპანტ ქვეყანასთან, მრევლის თვალში აზარალებს თავად ეკლესიას, როგორც „ქართული ნაციონალური იდეოლოგიის“ მედროშეს:

შეუძლებელია იყო ქართული ეროვნულ-ნაციონალისტური დისკურსის მპყრობელი და ამავე დროს, არ გინდოდეს აღიარო, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე დღეს დგას არის - რუსეთი“

"კონფლიქტში რუსეთ-საქართველოს შორის, რომელიც ისედაც ძალიან არათანაბარია, ამ შემთხვევაში ეკლესიის ჩარევა ხდება, ზუსტად, რუსეთის სახელმწიფოდან მომდინარე იდეოლოგიის სასარგებლოდ და ეს პრობლემურია.

იმიტომ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძალიან დიდი პრესტიჟი და როლი დღეს, არის დამოკიდებული სწორედ მის ეროვნულ და ნაციონალურ ხასიათთან. ეკლესიის მთავარი დისკურსი არის სწორედ ნაციონალისტური დისკურსი.

როგორც კი ეს ნაციონალისტური დისკურსი კონფლიქტში მოდის იმპერიასთან ბრძოლის დისკურსთან - ეს სერიოზული პრობლემაა, სწორედ ეკლესიისთვის, შინაგანი წინააღმდეგობაა პოზიციებში.

შეუძლებელია იყო ქართული ეროვნულ-ნაციონალისტური დისკურსის მპყრობელი და ამავე დროს, არ გინდოდეს აღიარო, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე დღეს დგას არის - რუსეთი.“

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პატრიარქი რუსეთის დედაქალაქში ჩადის ზუსტად ერთი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს წარმომადგენლობითი დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი დასრულდა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში.

7-11 ნოემბერს, წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები, საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, მეუფე თეოდორეს ხელმძღვანელობით, ჩრდილო ატლანტიკურ ორგანიზაციაში, „საქართველო და ევროკავშირი“-ს პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

2016 წლის ნოემბერი, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია NATO-ს შტაბ-ბინაში

2016 წლის ნოემბერი, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია NATO-ს შტაბ-ბინაში

ამ პროექტს დიდი ბრიტანეთისა საელჩოს დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ საპატრიარქოსთან არსებულ, „წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან“ ერთად ახორციელებს და მისი მიზანი - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, სასულიერო პირების ინფორმირება და მათი ჩართულობის გაზრდაა.

ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ ბრძანა, რომ პატრიარქი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ვიზიტს და NATO-ს ხელმძღვანელობის ზუსტ ინფორმირებას:

ბრიუსელში დარწმუნდნენ, ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, რომ თითქოს საქართველოს ეკლესია ევროინტეგრაციის წინააღმდეგია, ყალბია და ეს გაქარწყლდა. ამით ყველა იყო გახარებული"

„ბრიუსელში დარწმუნდნენ, ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, რომ თითქოს ეკლესია ევროინტეგრაციის წინააღმდეგია, ყალბია და ეს გაქარწყლდა. ამით ყველა იყო გახარებული.

ჩვენ მომხრე ვართ, რომ ასეთი უშუალო კონტაქტები გვქონდეს, დავინახეთ ბევრ საკითხში თანხმობა და მიმაჩნია, რომ თანამშრომლობა ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს.“

მოსკოვში გამგზავრებამდე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აშშ-ს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა დონალდ ტრამპს.

„ჩვენს რთულ დროს ეს ფრიად საპატიო, მაგრამ მძიმე ტვირთი უფლის განგებით დღეს თქვენ დაგეკისრათ. ინებოს ღმერთმა, თქვენი მსახურება იყოს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმამტკიცებელი, სამართლიანობის აღმდგენი და შემდგომი წარმატებების მომტანი როგორც თქვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოსათვის, მათ შორის საქართველოსთვის“ - წერს ილია მეორე ამერიკის 45-ე პრეზიდენტს.

XS
SM
MD
LG