ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როკ-ჯგუფი Jinjer: “საქართველოში კანონზე მაღლა რელიგია დგას”


მონაზონი და მუსიკოსი, სოვას ფოტო
მონაზონი და მუსიკოსი, სოვას ფოტო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელ-მონაზვნებისა და მრევლის ნაწილმა, თბილისში, ზაჰესის ტერიტორიაზე, საერთაშორისო როკ-მეტალ ფესტივალი, დაწყებიდან მალევე ჩაშალა და ორგანიზატორები, სტუმრები და მძიმე როკის ფანები მუქარით აიძულა სხვა ადგილი ეძებნათ.

Tbilisi JAM! Fest 2016-მა ჯამში 16-ი როკ ჯგუფი შეკრიბა, მათ შორის: უკრაინიდან - Jinjer, შვედეთიდან - Summoned Tide და Tiamat, ისრაელიდან - Walkways, აზერბაიჯანიდან - Pyraweed და Serumhatred, სომხეთიდან Nairi, Perfect Legacy და Euphoria და მასპინძელი საქართველოდან: Mentalisty, Infadus, Dismorial, Dagdagani, E.T.C, Hird Side Justice და xResistenciAx.

JAM! Fest-ის ორგანიზატორებმა, თითქოს, ყველაფერი სწორად გააკეთეს: ნებართვა აიღეს თბილისის მერიისგან; საფესტივალო ადგილად შეარჩიეს ზაჰესის საბაჟო ტერმინალის თავისუფალი სივრცე, რომელსაც არ აქვს არც კულტურული ან არქიტექტორული ძეგლის სტატუსი და შესაბამისად, კულტურის სამინისტროსგან დამატებითი ნებართვა არ სჭირდება.

კონტრაქტი გააფორმეს ამ ტერიტორიის მფლობელთან (კომპანია „ზაჰესი 2007“), იპოვეს სპონსორი ისრაელის საელჩო; დახარჯეს ფული, მოაწყვეს ლაუნჯ-ზონები; გამართეს სცენა თანამედროვე აპარატურით; გაყიდეს ბილეთები, რომელთა ფასი 30-დან 80 ლარამდე მერყეობდა, გასწიეს სარეკლამო ხარჯი და უსაფრთხოების დასაცავად მიმართეს პოლიციას.

თუმცა, როგორც ჩანს, მათ ვერ გაითვალისწინეს, მთავარი - რაზეც JAM! Fest-ზე თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორი, ავჭალის წმინდა დიდმოწამე დედოფლის ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი რაზმაძე აკეთებს აქცენტს.

მამაოს თქმით, ასეთ „ხმაურიან“ ღონისძიებას თურმე სჭირდება, დამატებით, „საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმება“ (მოგვიანებით, იგივე გაიმეორა საპატრიარქოს წარმომადგენელმა მამა ბოტკოველმა - ზ.წ) რადგან, ზაჰესის ეს ტერიტორია, „ეკლესიებთან და სასაფლაოსთან სიახლოვის გამო ქართველებისთვის წმინდა ადგილია“.

"სასაფლაოსა და მონასტრის შორის ტერიტორია ქართველი ადამიანისთვის წმინდათაწმინდაა"
მამა გიორგი, ავჭალის ეკლესია

„ეს იყო სასაფლაოსა და მონასტერს შორის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ქართველი ადამიანისთვის წმინდათაწმინდა ადგილია და მათ შეურაცყოფას არავის ვაპატიებთ! იყო შემთხვევები, ჩვენი თვალით მნახეთ, რომ ზოგო სასაფლაოზე შარდავდა, ზოგი, ერთმანეთს ეხვეოდა და კოცნიდა. ჩვენ მხოლოდ მივუთითეთ და დავაშოშმინეთ.“

მამა გიორგი: "თბილისის მერიის ნებართვა არ მაინტერესებს"
მამა გიორგი: "თბილისის მერიის ნებართვა არ მაინტერესებს"

სინამდვილეში, ფესტივალის გამართვის ადგილის სიახლოვეს, სვიმონ შოთაიძის ქუჩაძე, მხოლოდ ზაჰესის სასაფლაო მდებარეობს. ავჭალის ეკლესია, სადაც მამა რაზმაძე მოღვაწეობს,საკამოდ მოშორებულია ზაჰესის საბაჟოს ტერიტორიას, ისევე როგორც - დედათა მონასტერი.

მძიმე როკის მოყვარულები ამბობენ, რომ ამ ლოგიკით, ფანატიკოსს მამაოებს და მრევლს თავისუფლად შეეძლოთ, 27 მაისს, დინამო არენაზე, რობი უილიამსის კონცერტის ჩაშლაც.

დინამოს სტადიონთან გაცილებით ახლოს მდებარეობს, როგორც დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია, ისე პანთეონი. პლუს, ბრიტანელი ვარსკვლავის კონცერტზე უფრო ძლიერი ხმის აპარატურა მუშაობდა. ხოლო, იქვე მუშტაიდის ბარში, კოცნა და სექსი ბუჩქებში, საბედნიეროდ, ჩვეულებრივი ამბავია.

Tbilisi JAM! Festის დაწყებიდან, 40 წუთში, ფანატიკოსებმა კონტრაქტორი კომპანია „ზაჰესი 2007“-ის ადმინისტრაცია დაიყოლიეს, ელექტრო კაბელი გათიშეს ან დააზიანეს და ფესტივალი უშუქოდ დარჩა. არაოფიციალურად ცნობილია, რომ „ზაჰესი 2007“ ძებნაში მყოფი გიორგი უდესიანის საკუთრებაა.

ნიშანდობლივია, რომ აგრესიული რელიგიური ფანატიკოსების წინაშე, რომლებიც Tbilisi JAM! Fest-ის დარბევით იმუქრებოდნენ, სრულიად უძლური აღმოჩნდა პოლიცია.

შსს-სთვის ფანატიკოსი მრევლის განწყობა და „მიცვალებულთა სულების პატივისცემა“ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი აღმოჩნდა, ვიდრე ათასობით საქართველოს და უცხოეთის მოქალაქე, რომლებმაც ფესტივალზე დასასწრებად ბილეთები შეიძინეს და შემდეგ გაწბილებულები, თან პოლიციის დაცვის ქვეშ, სახლში მიაბრუნეს, როგორც „სატანისტური სექტა“. ფესტივალის დირექტორი ერიკ ჩუმოვი ამბობს

"დროზე დაასრულეთ ეს სატანური მუსიკა, ვაქხანალია და დაიშალეთო"
Tbilisi JAM! Fest-ის დირექტორი

„მამაოს და სხვების მხრიდან, სამწუხაროდ იყო აგრესიული სიტყვები, რომ შემოგივარდებით და ჯობია ჩხუბის გარეშე, თქვენით მორჩეთ ეს სატანური მუსიკა და დაასრულოთ ეს ვაქხანალიაო. სამწუხაროდ, ფესტივალის პირველი დღე ჩაგვეშალა.“

საბოლოოდ, ორდღიანი ფესტივალი (4-5 ივნისი) ერთ დღეში დასრულდა. Tbilisi JAM! Fest-ის ორგანიზატორებმა სასწრაფო წესით, აღმაშენებლის გამზირზე, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, მიწისქვეშეს, U-Bahn კლუბი იპოვეს და ფესტივალი იქ დაასრულეს.

ამჯერად უკვე უექცესოდ, რადგან, მიწისქვეშა კლუბის სიახლოვეს ეკლესიები და სასაფლაოები არ აღმოჩნდა. „ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა რელიგია დგას“ - ასე გამოეხმაურა მომხდარს უკრაინული როკ ჯგუფ Jinjer-ის შოკირებული წევრი ტატიანა შმაილიუკა.

Tbilisi JAM! Fest-ი საბოლოოდ მიწისქვეშეთში დასრულდა
Tbilisi JAM! Fest-ი საბოლოოდ მიწისქვეშეთში დასრულდა

Tbilisi JAM! Fest-ი საქართველოში 2006 წლიდან ტარდება და ცნობილი გერმანული ფესტივალის Wacken Open Air-ის ოფიციალური პარტნიორია. თბილისში გამოვლენილი საუკეთესო კავკასიური როკ ჯგუფი, შემდეგ სამხრეთ კავკასიას, სწორედ გერმაანის ფესტივალზე წარადგენს. დიდი არეულობის მიუხედავად, წელს, ეს პატივი აზერბაიჯანულ Pyraweed-ს ხვდა წილად.

XS
SM
MD
LG