ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ილია მეორემ რუსეთს კეთილდღეობა უსურვა


საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში

მოსკოვში საქართველოს პატრიარქის ვიზიტის პარალელურად, რუსი ოკუპანტები ქართლსა და აფხაზეთში „სახელმწიფო საზღვრის“ მოწყობას განაგრძობენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, ილია მეორე განაგრძობს ოფიციალურ ვიზიტს რუსეთში, შემდეგ კი უკრაინასა და ბელორუსიას ეწვევა.

ილია მეორე, რუსეთში საქართველოს საპატრიარქოს შვიდ მაღალი რანგის სასულიერო პირთან ერთად ჩავიდა. მათ შორის არიან: მიტროპოლიტები დიმიტრი შიოლაშვილი, და გერასიმე ჭუაძე, თბილისის სასულიერი სემინარიის რექტორი გიორგი ზვიადაძე და სხვები.

ქართული დელეგაცია კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულში იღებს მონაწილეობას, რომელიც სამ სლავურ ქვეყანაში ერთდროულად პომპეზურად აღინიშნება.

საქართველოს კათოლიკოსის დანილოვის მონასტერში, მოსკოვის საპატრიარქოს მთავარ რეზიდენციაში უკვე უმასპინძლა რუსეთის პატრიარქმა კირილემ. ილია მეორემ შეხვედრაზე რუსეთსა და რუს ერს კეთილდღეობა უსურვა; რუსეთის პატრიარქს კი დიდხანს სიცოცხლე და საქართველოში კიდევ ერთხელ მოიპატიჟა, საპასუხოდ კი პატრიარქმა კირილმა აღნიშნა, რომ „ეს იუბილე გარკვეული აზრით საერთო იუბილეა“.

კირილემ ილია მეორე „პატივისა და ღირსების“ ორდენით დააჯილდოვა, ქართული დელეგაციის სხვა წევრებს კი კიევის რუსეთის დიდი მთავრის, წმინდა ვოლოდიმირ დიდის მეორე და მესამე ხარისხის ორდენები გადასცა.

რუსული პრესის ცნობით, პატრიარქებმა ოკუპირებულ აფხაზეთის საეკლესიო ცხოვრებაში შექმნილი ვითარება და ასტრახანიდან, ქართველი მეფეების ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის ნეშტების გადმოსვენების საკითხებიც განიხილეს. რუსეთის პატრიარქმა კირილემ კერძოდ ბრძანა:

„ჩვენ წინ ბევრი საქმე გვაქვს. როცა მე ვამბობ ჩვენ, მე ვგულისხმობ, ერთიან, წმინდა, საკათედრო, სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას. რომელიც არის ერთიანი და განუყოფელი. ჩვენი საზღვრებს კი, აქვს ისტორიული წარმოშობა და არა იდეოლოგიური.

ამიტომ, ჩვენ აღვიქვამთ ერთმანეთს, როგორც ერთიანი ეკლესიის წევრებს! როგორც ძმებს, ღვთისმსახურებაში, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიან საეპისკოპოში, რომელიც დღეს მოწოდებულია განსაკუთრებულად იღვაწოს მართლმადიდებლობის განმტკიცებისთვის.“

დღეს, კრემლში რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მოსკოვში მყოფ 15 მართლმადიდებელი ეკლესიის წანამძღვარს, მათ შორის ილია მეორესაც შეხვდა. ვლადიმერ პუტინმა ყურადღება მსოფლიოში მართლმადიდებელი მორწმუნეების უფლებების დარღვევაზე გაამახვილა

"გულისტკივილით მინდა ავღნიშნო, რომ მსოფლიოს ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში უკიდურესად ირღვევა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის ქრისტიანების, მართლმადიდებლების უფლებები. ვფიქრობ, ამ პრობლემას საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს"

ხვალ, რუსეთის და საქართველოს პატრიარქები, იერუსალიმის, ალექსანდრიის, სერბეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, პოლონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პატრიარქებთან ერთად, მოსკოვიდან ჯავშნიანი მატარებლით კიევში გადაინაცვლებენ.

ხუთ ვაგონიანი სპეციალური მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში მოწყობილია ეკლესია, სადაც უკვე დაასვენეს ამ დღესასწაულისთვის, საბერძნეთის პატრას ეკლესიიდან რუსეთში ჩამოტანილი, წმინდა ანდრია მოციქულის ჯვარი. ხვალ, იესო ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულის ჯვარს, პირველად უკრაინელი მართლმადიდებლებიც იხილავენ.

კიევის რუსეთის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით, კიევში ასევე ჩადიან რუსეთის და ბელორუსიის პრეზიდენტები: ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო. უკრაინის საზოგადოების ნაწილი ღონისძიების ბოიკოტირებას გეგმავს. საერთო უკრაინული პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფლების“ წარმომადგენელი, უკრაინის რადას დეპუტატი ანატოლი ვიტივი ამბობს:

„მე არ მესმის რატომ ჩამოდიან პუტინი და კირილე კიევში სხვის დღესასწაულზე. როცა კიევის თავადმა ვოლოდიმირმა კიევის რუსეთი გააქრისტიანა, ტერიტორიაზე სადაც ამჟამად მოსკოვია, დათვები დარბოდნენ.

მოსკოვს ისეთივე კავშირი აქვს კიევის რუსეთის გაქრისტიანებასთან, როგორც ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობასთან. სწორედ ამიტომ, უკრაინელი და რუსი ხალხების საერთო სულიერ მემკვიდრეობაზე ყოველგვარი საუბარი ზედმეტია.“


კიევის რუსეთის გაქრისტიანების, მოსკოვიდან ინიცირებულ დღესასწაულში, ტრადიციულად არ მონაწილეობს, კიევის საპატრიარქოს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წინამძღოლი პატრიარქი ფილარეტ დენისენკო. ეს ეკლესია 1992 წლიდან ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭებისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან გამოყოფისთვის იბრძვის.

ამ რთულ საეკლესიო დაპირისპირებაში, საქართველოს პატრიარქი რუსეთის ეკლესიის მტკიცე მოკავშირეა. საპასუხოდ, კირილე, ფორმალურად მაინც, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ეკლესიის კანონიკური საზღვრების ნაწილად აღიარებს.

სწორედ ამიტომ ილია მეორე კიევში, ტრადიციულად მოსკოვის საპატრიარქოს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოს, მიტროპოლიტ ვლადიმერს შეხვდება. მოგვიანებით კი მინსკში, საქართველოს პატრიარქს, რუსეთის ეკლესიის კიდევ ერთი ეპისკოპოსი, ბელორუსიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი მიტროპოლიტი ფილარეტი ელის.

რუსეთში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტის პარალელურად, რუსი ოკუპანტები, როგორც შიდა ქართლში, ისე მდინარე ენგურზე, ოკუპაციის ხაზის მთელ პერიმეტრზე, ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ მოწყობას განაგრძობენ.

მავრთულხლართები ბევრ ადგილზე უკვე უკვე რკინის ღობეებმა შეცვალa. ისევ გრძელდება საქართველოს მოქალაქეები გატაცებები, „საზღვრის დარღვევის“ ბრალდებით. ორი დღის წინ, ოკუპანტებმა, მდინარე ენგურზე, ფიჩხის შესაგროვებლად გასული, სოფელ შამგონას მცხოვრებლები - გოგა ჯონჯუა და ბადრი ქირია დაატყვევეს. ასევე თევზაობისას დააკავეს ოკუპირებულ თაგილონში მცხოვრები ორი ეთნიკური ქართველი.


ერთი თვის წინ, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მიმართვას რუსეთის პრეზიდენტ პუტინისადმი, სოფელ დიცთან საზღვის გადმოწევასთან დაკავშირებით, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოხმაურება არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG