ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაღმოსანი USS Ross ბათუმში პირველად შემოვიდა


USS Ross საქართველოს ტერიტორიულ წყლებში
USS Ross საქართველოს ტერიტორიულ წყლებში

საესკადრო ნაღმოსანი USS Ross (DDG-71) აშშ-ს საზღვაო ძალების რიგით მეორე ხომალდია, რომელიც 2019 წელს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა და ღუზა ბათუმის ნავსადგურში ჩაუშვა. Ross-ი არლი-ბერკის კლასის ნაღმოსანია და Tomahawk-ის ფრთოსანი, RIM-156 SM-2-ის საზენიტო და RUM-139 VL-Asroc-ის გემსაწინააღმდეგო რაკეტებით არის შეიარაღებული.

ნაღმოსანი Aegis-ით არის აღჭურვილი, რომელიც აღმოჩენის, დამიზნების და ცეცხლის მართვის ინტეგრირებულ ულტრათანამედროვე საბრძოლო სისტემას წარმოადგენს. USS Ross-ის შეიარაღებაშია შვეულმფრენი Sikorsky SH-60 Seahawk-იც. ამერიკული ხომალდის ეკიპაჟი 300 წევრისგან შედგება, მათგან 23 ოფიცერია.

აშშ-ს მეექვსე ფლოტის ხომალდი USS Ross ბათუმში შემოსვლამდე, ჯერ ბულგარეთში, ვარნის პორტში იმყოფებოდა. 2019 წელს, USS Ross-ის გარდა შავ ზღვაში ასევე შემოვიდნენ სადესანტო ხომალდი USS Fort McHenry (LSD-43) და ორჯერ, საესკადრო ნაღმოსანი USS Donald Cook (DDG-75), რომელიც ბათუმშიც შეჩერდა.

ამერიკული ნაღმოსანის შემოსვლა ბათუმის ნავსადგურში
ამერიკული ნაღმოსანის შემოსვლა ბათუმის ნავსადგურში

საქართველოში USS Ross-ის პირველი სტუმრობის გამო, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პირველი რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა კერძოდ ბრძანა:

ამერიკული ნაღმოსანის ეს ვიზიტი წარმოადგენს იმ მხარდაჭერის ღონისძიებათა ნაწილს, რომელსაც აშშ-ს მთავრობა და მეექვსე ფლოტი საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების მხარდასაჭერად ახორციელებენ“
თემურ კვანტალიანი, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი

„ამერიკული ნაღმოსანის ეს ვიზიტი წარმოადგენს იმ მხარდაჭერის ღონისძიებათა ნაწილს, რომელსაც აშშ-ს მთავრობა და მეექვსე ფლოტი საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების მხარდასაჭერად ახორციელებენ“

მას შემდეგ, რაც 154 მეტრიანი USS Ross შავ ზღვაში შემოვიდა ამერიკულ ხომალდს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორი გემი: საპატრულო „ვასილი ბიკოვი“ და სადაზვერვო „ივან ხურსი“ აედევნენ.

ეს შავ ზღვაზე ამერიკულ ნაღმოსნისა და რუსეთის სამხედრო ხომალდების „ცივი“ დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. 2015 წლის მაისში, შავ ზღვაზე მყოფ Ross-ს რუსულმა Su-24 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა 500 მეტრის სიახლოვეს პროვოკაციულად ჩაუფრინეს.

უკრაინული KA-27 და USS Ross შავ ზღვაში, 2014 წელი
უკრაინული KA-27 და USS Ross შავ ზღვაში, 2014 წელი

2017 წლის 7 აპრილს კი ხმელთაშუა ზღვის აკვატორიიდან USS Ross-მა და USS Porter (DDG-78)-მა „ტომაჰავკის“ 60 ფრთოსანი რაკეტით დაბომბეს შაირატის სამხედრო ავიაბაზა, სადაც სირიის არმიის ნაწილების გარდა, რუსეთის სამხედრო ნაწილებიც იდგა.

ბათუმში, საესკადრო ნაღმოსანი USS Ross-ის(DDG-71) მეთაურმა დეივ კოულსმა კერძოდ ბრძანა:

ჩვენი ხომალდის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მოკავშირეების მიმართ, პარტნიორებთან კავშირის გაძლიერებითა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობით“
დეივ კოულსი, USS Ross (DDG-71) მეთაური

„შავი ზღვის რეგიონში ჩვენი მოკავშირეები ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნებაში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ჩვენი ხომალდის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მოკავშირეების მიმართ, პარტნიორებთან კავშირის გაძლიერებითა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობით.“

საესკადრო ნაღმოსანი USS Ross 2014 წლიდან შავ ზღვაზე ხშირი სტუმარია, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში პირველად იმყოფება. ამერიკული ხომალდი, საქართველოს სანაპირო დაცვის გემებთან - „დიოსკურიასა“ და „ოჩამჩირესთან“ ერთად, საზღვაო წვრთნებს გამართავს, ბათუმის პორტს 25 აპრილს, შავ ზღვას კი 28 აპრილს დატოვებს.

შავი ზღვის სრუტეების შესახებ, მონტრეს 1936 წლის კონვენციის მიხედვით, არა შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო გემებს, მხოლოდ 21 დღის განმავლობაში შეუძლიათ შავ ზღვაში ყოფნა.

თემურ კვანტალიანი და დეივ კოულსი
თემურ კვანტალიანი და დეივ კოულსი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG