ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა “აილენდის” კლასის ორი საპატრულო კატარღა. აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვისთვის კატარღების გადაცემის ცერემონია 30 სექტემბერს მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში გაიმართა. შეერთებული შტატების მთავრობამ ამ საჩუქრის მიმღებად პირველ ქვეყანად საქართველო შეარჩია ორ ქვეყანას შორის არსებული გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორობის დასაფასებლად და ხაზგასასმელად.

შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. რეგიონში მიმდინარე ბევრი მოვლენა შეშფოთების მიზეზებს აჩენს, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმის საჭიროებას, რომ საქართველოს საკუთარი წყლებისა და სანაპიროს დაცვის ავტონომიური შესაძლებლობა ჰქონდეს.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ კატარღები 16 წევრიან ეკიპაჟებზეა გათვლილი და ისინი მკვეთრად გაზრდის ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის მუშაობის ეფექტურობას. გემები, რომლებიც გამორჩეულად ეკონომიური და ავტონომიურია, საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურს საშუალებას მისცემს მონაწილოება მიიღოს შავი ზღვის აუზის პარტნიორი ქვეყნების საწვრთნელ პროგრამებში და ერთობლივ ოპერაციებში.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა თქვა: „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარ ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებს და შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში. ეს გემები განლაგებული იქნება ფოთსა და ბათუმში. ისინი მიიღებენ მონაწილეობას საზღვაო სივრცეში სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და ძებნა გადარჩენის ოპერერაციებში.“

ამერიკის სანაპირო დაცვის მეთაურის მოადგილე და ვიცე-ადმირალი სტეისი სტოსი აცხადებს, რომ გემების გადაცემა იმ ახლო სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის უკვე წლების მანძილზე არსებობს. „გემები შავი ზღვის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას გააძლიერებს და ის ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის თანამშრომლობის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის,“ დასძინა ვიცე-ადმირალმა.

საქართველოსთან ურთიერთობა ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც შევარჩიეთ საქართველო ამ საჩუქრის პირველ მიმღებად.

ამერიკელი პარტნიორები აცხადებენ, რომ კატარღების საქართველოსთვის გადაცემა არა მხოლოდ ქვეყნის სანაპირო დაცვას გააძლიერებს, არამედ ეკონომიკურ განვითარებასაც შეუწყობს ხელს. საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილის ნიკოლას ბერლინერის თქმით, „შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. რეგიონში მიმდინარე ბევრი მოვლენა შეშფოთების მიზეზებს აჩენს, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმის საჭიროებას, რომ საქართველოს საკუთარი წყლებისა და სანაპიროს დაცვის ავტონომიური შესაძლებლობა ჰქონდეს.“

კატარღები მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს სანაპირო დაცვის საოპერაციო შესაძლებლობებს, აცხადებს შინაგან საქეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი. მისი თქმით, საქართველოს უკვე შეეძლება როგორც შავი ზღვის ფარგლებში, ასევე მის გარეთ, სასწავლო მისიებში მონაწილეობის მიღება. მათი მუშაობის „ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სასაზღვრო აკვატორიის გაკონტროლება. ეს კატარღები ჩაანაცვლებს უკვე არსებულ მოძველებულ კატარღებს.“

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა საპატრულო კატარღები აჩუქა. ამერიკის სანაპირო დაცვის შესყიდვების სამსახურის დირექტორი ჯიმ ნაიტი ამბობს, რომ „საქართველოსთან ურთიერთობა ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც შევარჩიეთ საქართველო ამ საჩუქრის პირველ მიმღებად.“

ნაიტი ამბობს, რომ კატაღების საქართველოში ჩატანა მომავალი ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. მათი ღირებულება 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს, რომელსაც ამერიკა საქართველოს გრანტის სახით გადასცემს. დამატებით დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდება გემების აღჭურვა და საქართველოში გაგზავნა. ამ ხარჯის ნაწილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ფარავს.

მას შემდეგ, რაც გემები სრულ სამუშაო მზადყოფნაში მოვა, ეკიპაჟის წევრები ამერიკაში ჩამოვლენ და 10 კვირიან სასწავლო კურსს გაივლიან.


გენერალ-მაიორი გამეზარდაშვილი ამბობს, რომ ამერიკა საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერებაში უკვე რამენიმე წელია აქტიურადაა ჩართული. ამერიკის დახმარებით ფოთში უკვე აშნებულია გემთ-სარემონტო საამქრო და გემების ამოსაღები ესტაკადა და ამწე. საქართველოს აღარ მოუწევს „გემების სარემოტოდ გაგზავნა სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ასევე გადმოგვეცემა რამოდენიმე წლის მარაგი ნაწილები, რათა ამ გემების მუშაობა შეუფერხხებლად მოხდეს,“ განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა.

მისივე თქმით, საქართველო, ეგრეთ წოდებულ, „სრულ პაკეტს“ იღებს, რაშიც 2 მილიონი დოლარის ღირებულების სათადარიგო ნაწილები შედის. ამ პაკეტის მიღებით, კატარღების მუშაობა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტიდან დამატებით თანხების გამოყოფის გარეშე მოხდება.

ამერიკული და ევროპული გრანტებით ასევე სრულად დაფინანსდა შვიდი ახალი სასაზღვრო სექტორი, რომლებიც ოქტომბერსა და ნოემბერში გაიხსნება. ევროსტანდარტების თითოეული ამ სექტორის აშენება დაახლოებით 700 ათასი დოლარი დაჯდა.

By Ia Meurmishvili

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG