ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Bulkeley ბათუმში და ამერიკულ–ქართული ერთობლივი წვრთნა


საესკადრო ნაღმოსანი Bulkeley ბათუმის აკვატორიაში
საესკადრო ნაღმოსანი Bulkeley ბათუმის აკვატორიაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:24 0:00
ბმული


დღეს ბათუმის ნავსადგურში ოთხდღიანი ვიზიტი დაასრულა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანმა Bulkeley-მ, რომელიც საქართველოს საზღვაო აკვატორიაში უკრაინის პორტ სევასტოპოლიდან 9 აგვისტოს შემოვიდა.

ამერიკელ სტუმრებს თავდაპირველად საქართველოს სანაპირო დაცვის, აჭარის ავტონომიისა და ბათუმის ხელმღვანელებმა უმასპინძლეს. 11 აგვისტოს კი ამერიკულ ნაღმოსანზე საქართველოს სანაპირო დაცვის 30–მა წარმომადგენელმა, ამერიკელებთან ერთად, მცირე ძრავიანი საპატრულო კატარღების ექსპლუატაციასა და ხომალდზე განსახორციელებელი ოპერაციების წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა. ისინი ასევე გაეცნენ „ბალკლიზე“ სავახტო სამსახურის ორგანიზებას.

საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ხარაბაძემ ამერიკულ–ქართული ერთობლივი წვრთნების შემდეგ კერძოდ განაცხადა:

„აშშ–ს საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის სამხედრო ხომალდის ვიზიტი ბათუმის ნავსადგურში ჩვენს მიერ განიხილება, როგორც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში. აღნიშნული ვიზიტი ემსახურება შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას.“

ამერიკის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის სამხედრო ხომალდი „ბალკლი“ საქართველოში აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავზე შემოვიდა. 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ბათუმსა და ფოთში სწორედ მეექვსე ფლოტის სამხედრო გემები შემოვიდნენ. მათ შორის, ფლოტის ფლაგმანი „მაუნტ უიტნი“, ასევე „მაკფოლი“ და „დალასი“.

ხუთი წლის წინ, მაშინ როცა რუსეთის საოკუპაციო ძალები ჯერ კიდევ იდგნენ საქართველოში, მათ შორის ფოთის ნავსადგურში, ამერიკული ხომალდების ვიზიტის ოფიციალურ მიზეზად ჰუმანიტარული დახმარების შემოტანა დასახელდა.

თუმცა, ახლახანს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით სენსაციური განცხადება გააკეთა, თუ რა იყო მაშინ მეექვსე ფლოტის ხომალდების შემოსვლის ჭეშმარიტი მიზანი და როგორ გადაურჩა 2008 წლის აგვისტოში ოკუპაციას საქართველოს დედაქალაქი – თბილისი.

„აგვისტოს ომის დროს როცა ამერიკელები პირველად შეიკრიბნენ თეთრ სახლში ისინი ეძებდნენ სხვადასხვა გადაწყვეტილებას. პირველი, რაც შემოგვთავაზეს იყო ის, რომ აი ჩვენ გადმოსხამთ დესანტს, სააკაშვილს ჩავისვამთ და რაც იქნება იქნება.

ამაზე მიიღეს ცივი უარი და რთულ სიტუაციაში აღმოჩდნენ ამის გამო. იმიტომ რომ თუ ამას გააკეთებდნენ გადაწყვეტდნენ, რომ თავიანთი ამოცანა შეასრულეს. შემდეგ კიდევ დაიწყეს გადაწყვეტილების ძებნა – ვიცი რომ დიკ ჩეინი იძახდა დავბომბოთ როკის გვირაბიო.

ბოლოს, პრეზიდენტ ბუშთან ჩემი ხანგრძლივი და დაძაბული საუბრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება დაეძრათ მეექვსე ფლოტი.


ამ ფლოტის ფლაგმანს ჰქონდა საკმარისი ფრთოსანი რაკეტები, რომ წარმოუდგენელი ზიანი მიეყენებინა რუსეთის ჯარებისთვის. ასევე მოიყვანეს ნატოს ბაზა თურქეთში სრულ საბრძოლო მზადყოფნაში,

რუმინეთში მობილიზება გაუკეთეს სამხედრო მოიერიშე F-16–ს, ასევე სატრანსპორტო თვითმფრინავებს. იწყებოდა საქართველოს საზრღვრების პატრულირება მთელს პერიმეტრზე.

ანუ, ძალიან რეალური იყო პირდაპირი სამხედრო შეტაკება, ეს რუსებმა მშვენივრად იცოდნენ, მათი მთავარი ამოცანა რა თქმა უნდა თბილისზე შეტევა იყო და ამან ეს გააჩერა.“

აშშ–ს მეექვსე ფლოტის საესკადრო ნაღმოსანმა „ბალკლიმ“ ივლისში დაასრულა ადენის ყურეში სომალელი მეკობრეების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა. „ბალკლი“ 31 ივლისს გიბლარტარის სრუტის გავლით, ჯერ ხმელთაშუა ზღვაში, ბოსფორის სრუტის გავლით კი შავ ზღვაში შემოვიდა.

პირველად ის უკრაინის ნავსადგურ სევასტოპოლში შეჩერდა, სადაც ამერიკელ სტუმრებს საპროტესტო პიკეტით და აშშ–ს სახელმწიფო დროშის გათელვით შეხვდნენ.

სამწუხაროდ ინციდენტის გარეშე არც საქართველოში სტუმრობას ჩაუვლია. ხომალდზე ოფიციალურ მიღების დროს, რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ ივანიშვილს შორის.

საქართველოში ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ „მისმა ძალისხმევამ ამ წარმომადგენლობით ღონისძიებაზე აღედგინა პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები მიზანს ვერ მიაღწია“.

XS
SM
MD
LG