ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული დახმარება საქართველოს საზღვრის დასაცავად


ახალი კინოლოგიური ცენტრი მესაზღვრეებს დიდ დახმარებას გაუწევს
ახალი კინოლოგიური ცენტრი მესაზღვრეებს დიდ დახმარებას გაუწევს

საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ დღეს თანამედროვე ევროპული ტიპის კინოლოგიური ცენტრი მიიღო, რომლის მშენებლობა, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებითა და ტექნიკით აღჭურვა ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.

სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე ცენტრის მშენებლობას ელჩმა იან კელიმ 2016 წლის აპრილში ჩაუყარა საფუძველი და ათი თვის შემდეგ, აქ უკვე არის თანამედროვე ცენტრი, ოდოროლოგიური წვრთნის ოთახი, ვეტპუნქტი და ვოლიერები, სადაც მესაზღვრე გერმანულ-ბელგიური ნაგაზები კომფორტულად ცხოვრობენ.

ქართველმა მესაზღვრეებმა ამერიკიდან ახალი სპეცტექნიკაც მიიღეს
ქართველმა მესაზღვრეებმა ამერიკიდან ახალი სპეცტექნიკაც მიიღეს

ამერიკული დახმარების მთავარი მიზანი საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ლოკალურად კი ეს პროექტი კვალიფიციური მესაზღვრე–კინოლოგების და მათი ოთხფეხა მეგობრების მომზადებას ითვალისწინებს, რომლებიც, მომავალში, სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთებზე გაიგზავნებიან.

კინოლოგიურ ცენტრის გახსნას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი დაესწრო, რომელმაც კერძოდ ბრძანა:

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. კინოლოგიურმა სამსახურმა თავი ძალიან შთამბეჭდავად წარმოაჩინა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის და სახელმწიფო საზღვრის დაცვაში თავის წვლილს შეიტანს და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის - საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვაში დაგვეხმარება“
იან კელი, აშშ-ს ელჩი საქართველოში

“ამერიკის შეეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ საქართველომ ეფექტურად შეძლოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა. აღკვეთოს საზღვარზე უკანონო ტვირთების გადაზიდვა და ადამიანების არალეგალურად გადაადგილება. პარალელურად უზრუნველყოს მოქალაქეების და ტვირთების კანონიერი, შეუფერხებელი მოძრაობა.

ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. კინოლოგიურმა სამსახურმა თავი ძალიან შთამბეჭდავად წარმოაჩინა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის და სახელმწიფო საზღვრის დაცვაში თავის წვლილს შეიტანს და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის - საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვაში დაგვეხმარება.“

ამერიკის შეერთებულ შტატები ამ მიმართულებით უკვე წლებია აქტიურად ეხმარება საქართველოს სხვადასხვა უწყებებს. 2014 წლიდან, საკუთარი, თანამედროვე კინოლოგიური ცენტრი აქვს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რომელიც თბილისში გაფორმების ეკონომიკურ ზონა გეზი-2-ის ტერიტორიაზეა განთავსებული.

ამ ცენტრის შექმნა აშშ-ს ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ფარგლებში მოხდა და ის ნარკოტიკებზე გაწვრთნილი ძაღლების და კინოლოგების მომზადებას ახორციელებს. აქ მომზადებული პროფესიონალი წყვილები უკვე მუშაობენ საქართველოს საბაჟო პუნქტებზე, მათ შორის: სარფსა და ვალეში.

სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

INL-ის პროგრამის ფარგლებში, 2013-15 წლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა შინაგან საქმეთა სამინისტრის კინოლოგიურ სამსახურის ვოლიერებს, საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა დროებითი ვოლიერები, შეძენილი იქნა ახალი ძაღლები და შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკების აღმოჩენაზე მუშაობს.

კინოლოგიური პროექტის K9-ს ფარგლებში ამ დანაყოფის თანამშრომლებმა სასწავლო პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთში გაიარეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამბობს:

აშშ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ქართულ პოლიციას საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში. კინოლოგიის ცენტრის გახსნაც სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება“
გიორგი მღებრიშვილი, შსს მინისტრი

„აშშ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სასაზღვრო პოლიციას საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში. კინოლოგიის ცენტრის გახსნაც სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“

აშშ ქართველი მესაზღვრეების დახმარებას, იმ 10 მილიონიანი ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს, რომელსაც 2016 წლის თებერვალში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) შორის მოეწერა ხელი.

პროექტის ფარგლებში, 2016 წელს, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, სექტორ „სადახლოზე“ უკვე აშენდა და ფუნქციონირებას შეუდგა 24 საათიანი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი. გასულ წელს, ასევე დაიწყო სასაზღვრო სექტორების „კასუმლოსა" და "ქედის" მშენებლობა, რომელიც 2017 წლის მარტისთვის სრულად აღიჭურვება, მათ შორის, უკვე საქართველოში გაწვრთნილი მესაზღვრე ძაღლებით.

მესაზღვრე ძაღლი - მარკი
მესაზღვრე ძაღლი - მარკი

აშშ-ს დახმარება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას (2014-2017)

2017 იანვარი - კინოლოგური ცენტრის გახსნა ლილოს სასაზღვრო ბაზაზე

2016 ნოემბერი - სექტორ „იორის“ ახალი შენობა საქართველო -აზერბაიჯანის საზღვარზე, დედოფლისწყაროს რაიონში

2016 ოქტომბერი - სექტორ „სადახლოზე“ სასაზღვრო ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე

ელექტრონული მონიტორინგის სისტემა სექტორ „სადახლოზე“
ელექტრონული მონიტორინგის სისტემა სექტორ „სადახლოზე“

2016 ოქტომბერი - ორი 110 ფუტიანი Island-ის კლასის საპატრულო ხომალდი საჩუქრად. საქართველოში შემოვლენ 2017 წლის ზაფხულში

2016 ივნისი - სასაზღვრო სექტორების -„კასუმლოსა“ და „ქედის“ მშენებლობის დაწყება, დასრულდება 2017 წლის გაზაფხულზე

2015 დეკემბერი - საპატრულო კატარღა ,,ივერიას' -' ბორტ NP-105-ის სარემონტო სამუშაოები

2015 სექტემბერი - ბათუმში, სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომი

2015 წლის აგვისტო - ბათუმში, საპატრულო კატარღა P-103-ის სრული მოდერნიზება, მიენიჭა სახელი „ბათუმი“

2015 აპრილი - ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზისთვის 200 - ტონიანი ამწე მოწყობილობის გადაცემა. ზღვიდან გემების ამოსაღები ესტაკადისა და მათი დროებითი განთავსების მოედნის მშენებლობა

2015 თებერვალი - მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრევენციის მიზნით სასაზღვრო პოლიციას გადაეცა: 83 რადიაციული პეიჯერი, 1 რადიაციული დეტექტორი, 12 რადიაციული დოზიმეტრი, 10 რადიაციული მრიცხველი

სასაზღვრო სექტორ "იორის" ახალი შენობა აზერბაიჯანის საზღვარზე
სასაზღვრო სექტორ "იორის" ახალი შენობა აზერბაიჯანის საზღვარზე

2014 წლის ოქტომბერი - სასაზღვრო სექტორების „მსხალგორის“, „ახალსოფელის“ და „ცოდნის კარის“ ახალი შენობები, საქართველო-რუსეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

2014 წლის სექტემბერი - სექტორების „ბურდაზორისა“ და „ახკერპის“ ახალი შენობები, საქართველო-სომხეთის საზღვარზე

2014 აგვისტო - სექტორ ,,კარწახის" ახალი შენობა საქართველო-თურქეთის საზღვარზე

2014 ივნისი - სუფსაში, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი

XS
SM
MD
LG