ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა იყო ლაფანყურის საიდუმლო ოპერაციის საბოლოო მიზანი?!


სპეციალური დანიშნულების ბრიგადის მებრძოლები, ლაფანყური, 2012 წლის აგვისტო
სპეციალური დანიშნულების ბრიგადის მებრძოლები, ლაფანყური, 2012 წლის აგვისტო

შვიდი თვის შემდეგაც, ლაფანყურის სპეცოპერაციის ირგვლივ უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი

საქართველოს სახალხო დამცველმა გააკრიტიკა პროკურატურის გამოძიება, რომელიც ლაფანყურსა და ლოპოტის ხეობაში, ქართველი სპეცრაზმელებისა და ჩეჩენი მებრძოლების შეტაკების დეტალებს იძიებს და მას არაეფექტური უწოდა. უჩა ნანუაშვილის თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ საქართველოს ჩეჩნური და ქისტური თემი გამოძიებას არ ენდობა და პარლამენტისგან დამოუკიდებელი კომისიის შექმნას ითხოვს.

შარშან, აგვისტოს ბოლოს, ლოპოტის ხეობაში შეტაკებას- სამი ქართველი სპეცრაზმელი და თერთმეტი ჩეჩენი მებრძოლი შეეწირა. ოფიციალური ვერსიით, რომელიც მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა და სხვა მაშინდელმა უმაღლესი თანამდებობის პირებმა შემოგვთავაზეს, ეს იყო რუსეთიდან, კერძოდ, დაღესტნიდან შემოჭრილ ბოევიკთა ჯგუფის დევნის ოპერაცია. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს ვერსია სიცრუე იყო და სინამდვილეში, ჩეჩნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, პანკისის ხეობიდან გადაადგილდებოდნენ. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს:

120 ჩეჩნური წარმოშობის მოქალაქე საქართველოში ჩამოვიდა გასული წლის გაზაფხულზე, ეს ყველაფერი ხდებოდა ორგანიზებულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან, ხდებოდა თბილისში სპეციალურად მათთვის ბინების დაქირავება, ამ ჯგუფის აღჭურვა, მომზადება და მათი გამოყენება.

ფაქტია ის, რომ ეს ადამიანები, ვინც გადარჩნენ სპეცოპერაციის შემდეგ, დღეს იმყოფებიან ახლო აღმოსავლეთის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ამაში მათი ახლობლების და ოჯახის წევრების ინფორმაციით მათ დახმარე გაუწიეს შსს მაღალჩინოსნებმა. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სპეცოპერაციის შემდეგ გადარჩნენ.

ჩეჩნების ასახელებენ გია ლორთქიფანიძეს, რომელიც იყო შსს-ს მინისტრის მოადგილე, ასევ შსს-ს მაღალჩინოსნებს სანდრო ამირიძეს, ზურა მაისურაძეს და სხვებს. და კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია - სპეცოპერაციის დროს დაღუპული ორი ქართველი: ჩოხელი და წიკლაური, ამ ჯგუფის ინსტრუქტორები იყვნენ და მათი საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებაც მე ვფიქრობ არის გამოსაძიებელი.

მრჩება შთაბეჭდილება და ერთგვარი შიში, რომ გამოძიება არ არის ეფექტური, გამომდინარე იქედან რომ პროკურატურის ბევრი თანამშრომელი, რომელიც მანამდეც მუშაობდა და იძიებდა ამ საქმეს და კვლავ არიან ჩართულნი ამ პროცესში, და ის მოლოდინი და შიში ქისტი მოსახლეობის, შეიძლება ითქვას, რომ არ არის საფუძველს მოკლებული. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი კომისიის შექმნა იქნებოდა ყველაზე უფრო ოპტიმალური გამოსავალი.“

ის, რომ ლოპოტის ხეობაში განადგურებული ჩეჩნები დაღესტნიდან არ შემოსულან და პანკისში იმყოფებდნენ, „ამერიკის ხმას“ ჯერ კიდევ შარშან, სექტემბერში დაუდასტურა, ლონდონში მცხოვრებმა, ჩეჩენმა პოლიტიკოსმა ახმედ ზაკაევმა. მან გვითხრა, რომ მისი ყოფილი პირადი მცველი დუკვახა დუშუევი, რომელიც ლაფანყურთან მოკლეს, საქართველოში ლონდონიდან ჩაფრინდა.

სექტემბერშივე „ამერიკის ხმამ“ გიამბოთ, რომ ლოპოტის ხეობაში მოკლული ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდი ბაღაკაშვილიც ავსტრიაში ცხოვრობდნენ. ისევე, როგორც 21 წლის სალამ ზაურბეკოვი, ავსტრიის მრავალგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის. იგი, შარშან 22 მარტს ავსტრიის სოფელ გიოტციდან გაუჩინარდა.

მოგვიანებით, მშობლებმა მის კვალს პანკისში მიაგნეს. სალამის დედამ მალკან ისრაპილოვამ გვითხრა, რომ პანკისში ცნობილ ჩეჩენ მებრძოლს ახმედ ჩატაევს შეხვდა, რომელმაც დაუდასტურა რომ სალამი მის დაქვედებარებაში იყო, თუმცა შვილს არ შეახვედრა.

საბოლოოდ, ლოპოტის ხეობაში სალამ ზაურბეკოვიც მოკლეს, ახმედ ჩატაევი კი მძიმედ დაიჭრა. წინა ხელისუფლების დროს, ჩატაევი ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო ტარებისთვის სექტემბერშივე დააპატიმრეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი სასამართლომ ჩატაევი ჯერ გირაოთი გაათავისუფლა, მიმდინარე წლის თებერვალში კი, დანასაულის არარსებობის გამო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ შეწყდა.

ახმედ ჩატაევი ამბობს, რომ ლოპოტის ხეობაში საქართველოს შსს-ს თხოვნით მოსალაპარაკებლად ჩავიდა, თუმცა ტყვია ისევ სპეცრაზმელებმა ესროლეს.

„ჩემი მეგობრის საშუალებით დამიკავშირდნენ და მოლაპარაკებაში ჩართვა მთხოვეს, რომ იქ ყველაფერი ბრძოლის გარეშე გადაწყვეტილიყო. ჩეჩნებს რო დაველაპარაკე, გადმოვედი აქეთ სადაც ქართველები იდგნენ, მოვუყევი რასაც ითხოვდნენ და პასუხს ველოდი. პასუხი გასროლა იყო.“

სახალხო დამცველი ლაფანყურის მოვლენების მისეული შეფასების გაჟღერების შემდეგ, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე გია ლორთქიფანიძემ ბრალდებებს - აბსურდული უწოდა. ყოფილმა პრემიერმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კი იდიოტური.

„ეს არის სრულიად იდიოტური ბრალდება. უფრო მეტი კომენტარის გაკეთება ასეთ განცხადებებზე შეუძლებელია. ეს არის მცდელობა საქართველოს ტერორიტული ორგანიზაციის და ტერორისტული სახელმწიფოს იმიჯი შეუქმნან.“

მთავარი პროკურატურის ცნობით, ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ნაწილია დაკითხული. სხვა ინფორმაციას პროკურატურა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ახმაურებს. უცნობია ასევე მიენიჭებათ თუ არა, სპეცოპერაციის დროს მოკლულთა ოჯახებს დაზარალებულის სტატუსი.

რა მიზნით ხდებოდა ევროპაში გადახვეწილი ჩეჩნების და სხვა ჩრდილო კავკასიელების შეკრება, გაწვრთნა და შეიარაღება თბილისსა და პანკისში?! ვისი ბრძანებით მოქმედებდა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია?! რა ოდენობის საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯა გასაიდუმლოებული ოპერაციაზე და რა იყო ამ ოპერაციის საბოლოო მიზანი?!

შვიდი თვის შემდეგაც, ლაფანყურის სკანდალური სპეცოპერაციის ირგვლივ უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი.
XS
SM
MD
LG