ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ "უცნობ დივერსანტებთან" ბრძოლაში სამი ჯარისკაცი დაკარგა


საქართველო-დაღესტნის საზღვრის მონაკვეთზე გაურკვეველი სამხედრო ფორმირების 11 წევრია ლიკვიდირებული
საქართველო-დაღესტნის საზღვრის მონაკვეთზე გაურკვეველი სამხედრო ფორმირების 11 წევრია ლიკვიდირებული
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:26 0:00
ბმული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი სპეცნაზელი სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სპეცნაზის ექიმი კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპა და კიდევ ხუთი სპეცნაზელი დაიჭრა, საქართველო-რუსეთის საზღვართან, "უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების" დევნის ოპერაციის დროს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სპეცნაზელებმა უკანონო ფორმირების 11 წევრის ლიკვიდაცია შეძლეს, დანარჩენები კი ალყაში მოაქციეს და ოპერაცია, რომელსაც მინისტრი ახალაია პირადად ხელმძღვანელობს, ამ დრომდე გრძელდება.

ოფიციალური ვერსიით, სპეცოპერაცია დაღესტნის საზღვართან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის ხუთი მკვიდრი - ლევან გარაშვილი, ლერი ხუცურაული, ბესიკ მიჯახკაშვილი, ტატო ღალოლიშვილი და თამაზ გამიერაშვილი 26 აგვისტოს, სახელმწიფო საზღვართან ახლოს, მდინარე ლოპოტას ხეობაში დაიკარგნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხუთივე მოქალაქე ტყვეობაში იმყოფებოდა და ისინი სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს.

ამ ფაქტის დასადასტურებლად, ახალაიას უწყებამ ლაფანყურის ორი მკვდრის ვიდეოჩვენება გაავრცელა. ორი ახალგაზრდა ყვება თუ როგორ აიყვანეს მძევლად, თუმცა არ საუბრობენ რა ვითარებაში მოხდა მათი გათავისუფლება.

„ბუნებაში ვიყავით საქეიფოდ მეგობრები, უკან მდინარის პირს მოვუყვებოდით და შეგვხდა რამდენიმე ადამიანი ავტომატით შეიარაღებული წვერებში და გვითხრეს რომ ვიყავით მძევლები და უნდა წავსულიყავით მათთან ერთად. იქ ყოფნისას მკაცრად გაგვაფრთხილეს, თუ გაქცევას შევეცდებოდით მოგვკლავდნენ. იყო 15 ადამიანზე მეტი, ჰქონდათ საკმაოდ ბევრი შეიარაღება, ავტომატები, სხვა იარაღები და ე.წ „მუხები.“

ბოლო 24 საათის განმავლობაში თელავის რაიონის სოფლების ლაფანყურისა და ართანას მიმდებარე ტერიტორიებზე, ლოპოტასა და ტურაულის ხეობებში რამდენიმე ასეული ქართველი სპეცნაზელი იყო მობილიზებული.

სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ ვერტმფრენებიც. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი ხიზანიშვილის თქმით, სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

„დივერსანტთა მხრიდან, შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი იქნა ლიკვიდირებული, ამჟამად ექვსი დივერსანტი იმყოფება ალყაში და სპეცოპერაცია გრძელდება მათი დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მინდა დაღუპული ქართველი მეობრების ოჯახებს მივუსამძიმრო.“

საქართველოს დაღესტნის რესპუბლიკის მხრიდან - წუმადის, წუნტის, თლიარატინისა და ბეჟტის რაიონები ესაზღვრება. ეს ისტორიული დიდოეთის მხარეა, რომელიც მე-18 საუკუნის მეორე ნახევრამდე, საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

დღეს დიდოელებით დასახლებული ეს მაღალმთიანი რაიონები, რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბი მხარეა. 2010 წლის ზამთარში, საქართველოს პარლამენტს დიდოელ ხალხთა ორგანიზაცია „აღორძინების“ ლიდერი მაგომედ გამზათოვი ეწვია, რომელმაც თბილისში 15 ათასი დიდოელის ხელმოწერა ჩამოიტანა და დიდოეთის საქართველოს იურისდიქციაში შემოსვლა ითხოვა.

გამზათოვი თბილისში ძალიან მაღალ დონეზე მიიღეს, თუმცა უკან დაბრუნებული უკვე თებერვალში საკუთარ სახლში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ნათესავების მტკიცებით, გამზათოვი მოწამლეს.

შარშან, მაისში, მახაჩკალაში, გამზატოვის ქალიშვილის ჰალისატ გამზატოვას ხელმძღვანელობით 80 კაციანი მიტინგი გაიმართა, სადაც სხვა ლოზუნგებთან ერთად, დიდოელებს გამოტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტი წარწერით - „დაღესტანი უარს გვეტყვის, საქართველო დაგვეხმარება!“.

საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე სიტუაციის გამწვავება თავად დაღესტანში ვითარების უკიდურეს ესკალაციას დაემთხვა. გუშინ, ბუინაკსკის რაიონის სოფელ ჩირკეიში, დაღესტნის ტრადიული, სუფისტური ისლამის მიმდევრების სულიერი ლიდერი, 74 წლის შეიხი საიდ აფანდი ალ-ჩირკავი, კიდევ შვიდ ადამიანთან, მათ შორის მეუღლესთან და სტუმრად მყოფ 12 წლის ბავშთან ერთად საკუთარ სახლში ააფეთქეს.

ამ მკვლელობამ შეიძლება სამუდამოდ გადაუსვას ხაზი დაღესტნელ სუფისტებსა და სალაფიტებს იგივე ვაჰაბიტებს შორის, მშვიდობის დამყარებას, რასაც მოკლული შეიხი აქტიურად უჭერდა მხარს.

გუშინვე, დერბენტის რაიონში, სამხედრო ნაწილში, რიგითმა ალიევმა ცეცხლი გახსნა და შვიდი გამოცდილი რუსი სპეცნაზელი მოკლა. ამავე დროს, დაღესტნის ტერიტორიზე გრძელდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზება, რომლებიც სტრატეგიული სამხედრო წვრთნებისთვის „კავკასია 2012-თვის“ ემზადებიან.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა რაიმე კავშირი დაღესტანში მიმდინარე პროცესებსა და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს შორის. საიდან გაჩნდა დივერსანტთა ჯგუფი ლაფანყურის ტყეში უცნობია.

ბოლოს, სერიოზულ გართულებას საზღვრის ამ მონაკვეთზე, ოღონდ იქეთა მხარეს, წუნტის რაიონის სოფელ ბეჟტასთან, 8 წლის წინ, 2004-ში ჰქონდა ადგილი, როცა რუსებმა ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური რუსლან გელაევი და მისი რაზმის წევრები გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG