ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

56 დღე: გადამწყვეტი ბრძოლა რუსთავი 2-სთვის


"რუსთავი 2"-ის მფლობელის ვინაობა 2017 წლის 25 იანვრამდე უნდა გაირკვეს
"რუსთავი 2"-ის მფლობელის ვინაობა 2017 წლის 25 იანვრამდე უნდა გაირკვეს

საქართველოს უზენაეს სასამართლოს დიდ პალატას მხოლოდ 56 დღე დარჩა, რომ ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მეპატრონის საქმეზე, საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

დიდი პალატის 9 მოსამართლემ, რომლებსაც განსაკუთრებით რთული საქმეების დროს უხმობენ, 2017 წლის 25 იანვრამდე უნდა გადაწყვიტონ ძალაში ტოვებენ თუ არა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების - 2015 წლის 2 ნოემბრისა და 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებებს, რომლის ძალითაც „რუსთავი 2“-ის აქციათა 100 % გერმანიაში ცხოვრებ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.

ქიბარ ხალვაში
ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 2004-2006 წლებში ფლობდა, რის შემდეგაც, მისივე მტკიცებით, ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს, თავად კი ქვეყნის დატოვება მოუხდა. ხალვაშმა დავა „რუსთავი 2“-ის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოში წარმატებას მიაღწია.

დიდი პალატის გადაწყვეტილებას, ქიბარ ხალვაშის გარდა, ასევე ელიან „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები: დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. მათ ტელევიზია 1994 წელს, ქალაქ რუსთავში, აწ გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად დაარსეს და 2004 წლამდე ფლობდნენ.

ისინიც, ხალვაშის მსგავსად ამტკიცებენ, რომ ტელევიზია იძულებით წაართვეს. ქიბარ ხალვაშს უკვე გაცხადებული აქვს, რომ ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში, აქციების ნახევარს დვალსა და აქიმიძეს გადასცემს. გუშინ დვალმა და აქიმიძემ სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი
ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი

თავისუფალი ტელევიზიის ნაცვლად საზოგადოებამ ერთი პარტიის საკუთრებაში არსებული პროპაგანდისტული მანქანა მიიღო. ამ პოლიტიკური ძალადობის და პარტიული ტერორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, როგორც "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები, ჩვენ აღმოვჩნდით.“
ნაწყვეტი დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებიდან

„იმედი გვაქვს, სასამართლო პროცესი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ის შეძლებს გამოავლინოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს "რუსთავი 2"-ის სახით მედიის თავისუფლებაზე ძალადობის და მანიპულირების დანაშაულებრივ სისტემას, რომელსაც 2004 წლიდან სახელმწიფო თანმიმდევრულად ახორციელებდა.

ამ პროცესმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. შედეგად, თავისუფალი ტელევიზიის ნაცვლად, საზოგადოებამ ერთი პარტიის საკუთრებაში არსებული, პროპაგანდისტული მანქანა მიიღო. ამ პოლიტიკური ძალადობის და პარტიული ტერორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, როგორც "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები, ჩვენ აღმოვჩნდით.“

უზენაეს სასამართლოს დიდ პალატაში მიმდინარე განხილვის პარალელურად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული კიდევ ერთი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიდის. აქ უკვე ქიბარ ხალვაშს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უჩივის.

სარჩელის მიხედვით, 2010 წლის თებერვალში, გერმანიის ქალაქ ბერლინში, ადგილობრივ ნოტარიუს კალუს ორსუსთან, ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის გაფორმდა შეთანხმება. დოკუმენტის მიხედვით, „ხალვაშმა 2005-2010 წლებში, ოქრუაშვილისა და მისი კომპანიონებისგან, სესხის სახით 7 700 000 აშშ დოლარი მიიღო, წლიური 10 პროცენტიანი სარგებლის გადახდის პირობით, რომელიც 2015 წლის 1 იანვრამდე უნდა დაებრუნებინა“.

ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ხალვაშის „სახელითა და მეშვეობით შეძენილ იქნა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის 100%-იანი წილი, რომლის გარიგებებიც სრულად იქნა დაფინანსებული ირაკლი ოქრუაშვილის მიერ.

"რუსთავი 2"-ის" შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში ხალვაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ზე," მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, "რუსთავი 2-ის" მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს.“

თუ ხალვაში სადაოს გახდის ამ შეთანხმებას მაშინ ირაკლი ოქრუაშვილს 7 000 000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს. 2016 წლის 20 ნოემბრიდან, ოქრუაშვილი ხალვაშისგან 13 მილიონ დოლარს ითხოვს.

ნისანდობლივია, რომ 2004 წელს, როცა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა, ბიზნესმენის მეგობარი ირაკლი ოქრუაშვილი ჯერ იყო გენპროკურორი (იანვარი-ივნისი), შემდეგ შსს-ს თავკაცი (ივნისი-დეკემბერი), ხოლო ბოლოს კი თავდაცვის მინისტრი (დეკემბრიდან).

ქიბარ ხალვაში კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს ყალბი დოკუმენტია. ოქრუაშვილის ადვოკატი ლევან ალაფიშვილი კი ამბობს:

სასარჩელო მოთხოვნა არის არსებული დავალიანების თანხების და შესაბამისი პროცენტებისა და პირგასამტეხელოს ანაზღაურება, ჯამურად 13 მილიონი დოლარი“.
ლევან ალაფიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი

„სასარჩელო მოთხოვნა არის არსებული დავალიანების თანხების და შესაბამისი პროცენტებისა და პირგასამტეხელოს ანაზღაურება, ჯამურად 13 მილიონი დოლარი“.

ამჟამად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აქციათა 91 პროცენტს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრები: ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები ფლობენ. ხოლო 9 %-ს, ტელეკომპანიის აწ გარდაცვლილი დირექტორის გოგი გეგეშიძის მეუღლე - ნინო ნიჟარაძე განკარგავს.

ლევან და გიორგი ყარამანიშვილები
ლევან და გიორგი ყარამანიშვილები

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ გუშინ ტრადიციულ ბრიფინგზე, „რუსთავი 2“-ის კორესპოდენტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში, რასაკვირველია აშფოთებთ ის გავლენა, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მედია სივრცის პლურალიზმზე მოახდენს.

რუსთავი 2-ის მფლობელთა ცვლილება საჯარო რეესტრი მიხედვით (1994-2016)

  • 1994 - ეროსი კიწმარიშვილი 33,3%, დავით დვალი 33,3%, ჯარჯი აქიმიძე 33,3%
  • 2004 - ეროსი კიწმარიშვილი 30 %, დავით დვალი 30 %, ჯარჯი აქიმიძე 30 %, ნიკა ტაბატაძე 10 %
  • 2004 - პაატა კარსანიძე 60%, ეროსი კიწმარიშვილი 30 %, ნიკა ტაბატაძე 10 %
  • 2004 - ქიბარ ხალვაში 100 %
  • 2005 - ქიბარ ხალვაში 78 %, „ საქცემენტი“ (რობერტ ბეჟუაშვილი) 22 %
  • 2006 - ქიბარ ხალვაში 78 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 22 %
  • 2006 - „ჯეოტრანსი“ 78 %, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %
  • 2006 - „დელგადო რესურსი“ (ბრიტანეთის ვირჯინია) 55%, %, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 23 %
  • 2007 – „ჯეომედია ჯგუფი“ (მარშალის კუნძულები) 55%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 23 %
  • 2008 - „ჯეომედია ჯგუფი“ (მარშალის კინძულები) 40%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 8 %, ირაკლი ჩიქოვანი 30 %
  • 2009 – „დექსონ ლიმიტედი“ (ბრიტანეთის ვირჯინია) 70%,„ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 30 %
  • 2012 - ლევან ყარამანიშვილი 90 %, გოგი გეგეშიძე 10 %
  • 2012 - ლევან ყარამანიშვილი 50 %, დავით კეზერაშვილი 40%, გოგი გეგეშიძე 10 %
  • 2012 - ლევან ყარამანიშვილი 50 %, გიორგი ყარამანიშვილი 40%, გოგი გეგეშიძე 10 %
  • 2012 – „ტელეკომპანია საქართველო“ 51 %, ლევან ყარამანიშვილი 22 %, გიორგი ყარამანიშვილი 18 %, გოგი გეგეშიძე 9 %
  • 2014 - „ტელეკომპანია საქართველო“ 51 %, ლევან ყარამანიშვილი 22 %, გიორგი ყარამანიშვილი 18 %, ნინო ნიჟარაძე 9 %

XS
SM
MD
LG