ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროკურატურა: ეროსი კიწმარიშვილმა თავი ვალების გამო მოიკლა


პროკურატურამ 2014 წლის 15 ივლისს გადაღებული ფოტომასალა გამოაქვეყნა

პროკურატურამ 2014 წლის 15 ივლისს გადაღებული ფოტომასალა გამოაქვეყნა

საქართველოს ყველაზე ცნობილმა მედია მენეჯერმა ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და ეს საბედისწერო ნაბიჯი მან მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო გადადგა - ასეთია მთავარი პროკურატურის ოფიციალური პოზიცია, თითქმის ორ წლიანი გამოძიების შემდეგ, რის საფუძველზეც, დღეს, კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ძიება შეწყდა.

ეროსი კიწმარიშვილის გვამი 2014 წლის 15 ივლისს, დაახლოებით, საღამოს 5 საათზე, თბილისში, მისსავე ავტომობილში იქნა აღმოჩენილი. ავტომანქანა კი ჭავჭავაძის გამზირის 37 ნომერში, კიწმარიშვილების საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე იდგა.

გამოძიების ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილმა, წინა დღით, 14 ივლისს, პეკინის გამზირზე, იარაღის მაღაზია „დიანაში“ ჩზ-75-ი სისტემის პისტოლეტი შეიძინა. ამ დროს მას მეგობარი ტელეკომპანია „თრიალეთის“ მეპატრონე ბადრი ნანეტაშვილი ახლდა.

კიწმარიშვილის ავტომანქანაში ეს პისტოლეტი იპოვეს

კიწმარიშვილის ავტომანქანაში ეს პისტოლეტი იპოვეს

მეორე დღეს, კიწმარიშვილმა დაირეგისტრირა ეს იარაღი, ავიდა სახლში, ბოლოს ესაუბრა მეუღლეს, ია კიწმარიშვილის ბინიდან გასვლის შემდეგ, დაახლოებით დღის სამ საათზე, ლიფტით მიწისქვეშა ავტოსადგომზე ჩავიდა, სადაც ის, დაახლოებით, საათნახევრის შემდეგ, მეგობრებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ეროსი კიწმარიშვილი სიცოცხლის ბოლო წუთებში

ეროსი კიწმარიშვილი სიცოცხლის ბოლო წუთებში

პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა დღეს განაცხადა, რომ თვითმკვლელობის მთავარი მოტივი ეროსი კიწმარიშვილის მძიმე ფინანსური მდგომარეობა გახდა.

"კიწმარიშვილების ოჯახს ჰქონდა - 312 000 აშშ დოლარისა და 120 000 ლარის ოდენობის ვალი, დავალიანების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით იყო დატვირთული საცხოვრებელი სახლიც"

„,მოტივი არის მკვეთრად გაუარესებელი ფინასური მდგომარეობა გარდაცვალების მომენტში, კიწმარიშვილების ოჯახს ჰქონდა ბანკების, ორგანიზაციების და კერძო პირების დავალიანება - 312 000 აშშ დოლარის და 120 000 ლარის ოდენობით, დავალიანების უზრუნვესლაყოფად, იპოთეკით იყო დატვირთული მისი საცხოვრებელი სახლი.

ამავე დროს, წინა დღით, რუსთავის საარჩევნო შტაბში, კიწმარიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, მისი შტაბის წევრები, კუთვნილი დავალიანებების დაფარვას ითხოვდნენ.“

მიუხედავად პროკურატურის მტკიცებისა, რომ იარაღის გასროლა ეროსი კიწმარიშვილმა განახორციელა და მანქანაში სხვა არავინ იმყოფებოდა, ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება გარდაცვლილის ქვრივი და ძმა.

ოჯახის ინფორმაციით - საქმეში არის უცხო დნმ-ის კვალი, ის პირველადი ექსპერტიზის შემდეგ, ნაპოვნი იქნა იმ იარაღზე, რომელიც პროკურატურამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო. (პროკურატურის ვერსიით, იარაღს ეს შერეული გენეტიკური პროფილი მაღაზიიდან გამოყვა - ზ.წ) ამ და საქმეში არსებულ სხვა „საეჭვო დეტალებზე“ კიწმარიშვილების ოჯახის წევრები საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.

ოჯახი დღემდე ფიქრობს, რომ ეს იყო მკვლელობა და „პოლიტიკას და ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის ბრძოლას“ უკავშირდებოდა. ზურა კიწმარიშვილი ამბობს, რომ ძიებას დამოუკიდებლად გააგრძელებს, პარალელურად კი კიწმარიშვილების ოჯახი ტელეკომპანია რუსთავი 2-ში „წილის დაბრუნებას ითხოვს“.

"სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ამ თანხის გამო თვითმკვლელობა გადაწყვიტა“

„ამ არგუმენტებს ჩვენ არ ვიზიარებთ, ვთლი, რომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ამ თანხის გამო თვითმკვლელობა გადაწყვიტა.“

ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც პროფესიით ექიმი იყო, 1994 წელს, მშობლიურ ქალაქ რუსთავში, მეგობრებთან - დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად, კერძო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დაარსა.

ტელევიზია, რომელიც რამდენიმე წელიწადში, საქართველოს ყველაზე პოპულარი არხი გახდა და 2003 წელს, გადამწყვეტი როლი ითამაშა პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომასა და ნოემბრის რევოლუციაში. კიწმარიშვილი ასევე იყო სატელეკომუნიკაციო კომპანია "ჯორჯია ონლაინისა" და გაზეთ " 24 საათის" დამფუძნებელი.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, კიწმარიშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გახდა. მალევე, „რუსთავი 2“-ის თანამფლობელებმა არხის დირექტორი ტელეკომპანიის ხელოვნურ გაკოტრებაში დაადანაშაულეს. ამ ბრალდებიდან რამდენიმე თვეში „რუსთავი 2“-ს მფლობელი შეეცვალა, რაც ავტომატურად აისახა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

2005-2008 წლებში, კიწმარიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. 2008 წლის იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე, იგი მიხეილ სააკაშვილის პიარ კამპანიას ხელმძღვანელობდა და ამის სანაცვლოდ, თებერვალში, რუსეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

რუსეთში ელჩად მუშაობის დროს

რუსეთში ელჩად მუშაობის დროს

2008 წლის სექტემბერში, რუსეთთან ომის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიწმარიშვილი მოხსნა, რის შემდეგაც იგი ოპოზიციაში წავიდა. მალევე მან ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დახმარებით - ფონდი 2020 დაარსა. 2009 წელს კი მართვის უფლება მოიპოვა ტელეკომპანია „მაესტროზე“.

2010 წელს, კიწმარიშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან, სოზარ სუბართან და ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად „ქართული პარტიის“ დამფუძნებლად მოგვევლინა. 2011 წლის დეკემბერში, ღია კონფლიქტის შემდეგ, მან ტელეკომპანია „მაესტროზე“ მართვის ბერკეტი დაკარგა.

2012 წლის დეკემბერში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ „რუსთავი 2-ის დასაბრუნებლად, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ქიბარ ხალვაში ჩივიან და მისი გადმოსახედიდან ეს ადამიანები ტელევიზიის რეალური მესაკუთრეები არიან“, კიწმარიშვილმა უპასუხა, რომ „როცა რუსთავი-2-ს ახსენებს ივანიშვილმა თვალებში მას შეხედოს“.

გამოსვენება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობიდან

გამოსვენება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობიდან

2014 წლის 15 ივნისს, ეროსი კიწმარიშვილმა რუსთავის მერობისთვის იბრძოლა, მაგრამ დამარცხდა. აქედან ზუსტდა ერთ თვეში, 49 წლის, საქართველოს ყველაზე ცნობილი მედია მენეჯერი, რომელმაც პოლიტიკური კარიერის გაკეთება ვერ შეძლო, ერთი ტყვიით გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG