ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ აკონტროლებს ქართულ სატელევიზიო სივრცეს?


ლევან ყარამანიშვილი ძმასთან ერთად "რუსთავი 2"-ის მეპატრონედ მოგვევლინა
ლევან ყარამანიშვილი ძმასთან ერთად "რუსთავი 2"-ის მეპატრონედ მოგვევლინა

ორივე საერთო-ეროვნული კერძო ტელემაუწყებელი - „რუსთავი 2“ და „ტელეიმედი“ პრეზიდენტ სააკაშვილთან და მმართველ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული ბიზნესმენების საკუთრებაშია. ეს მას შემდეგ გახდა ცხადი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, აპრილში შესული ცვლილებების შესაბამისად, ახალი ინფორმაცია თავად ტელეკომპანიებმა გაავრცელეს.

ამ ცვლილებით ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებს მაუწყებლის ფლობა აეკრძალათ და სამაუწყებლო ლიცენზიის ყველა მფლობელს 2011 წლის ბოლომდე დაევალა რეალურ მფლობელთა ვინაობა საჯარო გაეხადა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, აქამდე ვირჯინიისა და მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები: „დექსონ ლიმიტედი“ (70 პროცენტი) და „ჩემექსიმ ინტერნეიშენელი“ (30 პროცენტი) ფლობდა. ახალი გადანაწილების მიხედვით კი, „რუსთავი 2“ -ის აქციათა 90 პროცენტი, პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო მეგობრის, ბიზნესმენ ლევან ყარამანიშვილის საკუთრებაშია.

ყარამანიშვილი იმავდროულად მობილური კომპანია „ბილაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და პოსტსაბჭოთა სივრცეში პოკერის ერთ-ერთი ცნობილი მოთამაშეა. „რუსთავი 2“-ის 10 პროცენტი კი, კომპანია „მაგის სტილის“ მეპატრონეს, გოგი გეგეშიძეს ეკუთვნის. „მაგი სტილი“ ის კომპანიაა, რომელსაც ხელისუფლებამ ქუთაისში ახალი პარლამენტის მშენებლობის უფლება ყოველგვარი ტენდერის გარეშე გადასცა. სტუდია ჯი-ენ-ესის ავტორი ნანა ლეჟავა ამბობს:

„დღეს უკვე შეიძლება თქმა, რომ ეს ტელევიზიები ოფიციალურად გადავიდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების ხელში. ეს მანამდეც ასე იყო, უბრალოდ, მაუწყებლობის კანონში ცვლილებები მათ ავალდებულებდათ, რომ ეს ყველაფერი საჯარო გამხდარიყო.

ის, ფაქტი, რომ სამეწარმეო რეესტრში, ყველა ცვლილებები დეკემბერში მოხდა, მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო წუთამდე ხელისუფლებაში ეს საკითხი გადაწყვეტილი არ ჰქონდათ, თუ წილები ვისზე და როგორ იქნებოდა რეგისტრირებული.

რაც შეეხება, რუსთავი 2-ის ახალ მეპატრონე ლევან ყარამანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანი არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და აჭარის მთავრობის მეთაურის ლევან ვარშალომიძის ჯერ კიდევ კიევის, სტუდენტობის დროინდელი მეგობარი და მათ ერთად საკმაოდ ბევრი ბიზნესი ჰქონდათ.“

ახალი მფლობელები ჰყავს ტელეკომპანია „იმედსაც“. ძველი „მეპატრონის“ - პანამაში რეგისტრირებული „რააქ ჯორჯია ჰოლდინგის“ 90 პროცენტი ასე გადანაწილდა: პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა გენმდივანმა გიორგი არველაძემ „ტელეიმედის“ აქციების 45 პროცენტი მიიღო;

30 პროცენტი ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს გადაეცა, რომელიც ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიების „ალგორითმისა“ და „ავტოგაზის“ თანამფლობელია; „იმედის“ 15 პროცენტი კი ბიზნესმენ გიორგი მიქელაძეზე გადაფორმდა. მიქელაძე, როგორც კომპანია „ბი ენდ ბი პროვიჟენსის“ მეპატრონე, თავის მხრივ 35 წლით მართავს თბილისის მერიის კუთვნილ კომპანია „სასათბურე მეურნეობას“, რომელსაც დედაქალაქის გამწვანება აბარია.

ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის იგივე იოსებ კაკიაშვილს - 10 პროცენტი დარჩა. „ტელეიმედის“ დამაარსებლის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, პატარკაციშვილების ოჯახი, სწორედ ჯოზეფ ქეის ადანაშაულებდა, მილიარდერის ანდერძის გაყალბებაში, რის შედეგადაც, ქეი „ტელეიმედს“ დაეპატრონა.

თუმცა, ზაფხულში, პატარკაციშვილების ოჯახმა „იმედის“ დაბრუნებისთვის სამართლებრივი ბრძოლა შეწყვიტა. ამის სანაცვლოდ მთავრობამ მათ რუსთავის მეტალურგიული კომბინატი დაუბრუნა. ჟურნალისტი ნანა ლეჟავა ამბობს:

„გიორგი არველაძე ყველამ ვიცით ვინ არის, რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა ის ხელისუფლებისთვის და რას აკეთებდა და აკეთებს ის „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

საინტერესოა, რომ „იმედის“ მეპატრონეებში გამოჩნდა მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლის გვარი - გიორგი კოხარაშვილი, რომელზეც ასევე არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული პირია. თუ გადავხედავთ ამ და სხვა ახალი მეპატრონეების ბიზნეს-საქმიანობას ყველაფერი ნათელი ხდება.“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარდა, ტელეკომპანია „მზეც“ ბიზნესმენებზე ლევან ყარამანიშვილსა და გოგი გეგეშიძეზე გადაფორმდა. აქამდე „მზეც“ ვირჯინიისა და მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიების საკუთრება იყო.

ტელეკომპანიების „საქართველოს“ და „ევრიკას“ აქციების საკონტროლო პაკეტის ახალი მფლობელი კი მცხეთა-მთიანეთში პრეზიდენტ სააკაშვილის რწმუნებულის ცეზარ ჩოჩელის ძმა, ბიზნესმენი იაგო ჩოჩელი გახდა. ჩოჩელმა ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „დენალ იუნიონი“ ჩაანაცვლა.

მანამდე მფლობელები ასევე შეეცვალათ, „რეალ ტვ“-ს, „რეგიონ ტვ“-სა და „აფხაზეთის ხმას“, სამივე ამ ტელევიზიის ფიქტიური მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებული პირები არიან.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსი მათიას ჰუტერი ამბობს, რომ მისთვის უკვე ნათელია, ამ ტელეარხებზე ახალი ამბები პოლიტიკური შეკვეთით რატომ კეთდება:

„უფრო შესაძლებელია იმის თქმა, რომ ახალი ამბებიდან მაყურებელს შეუძლია გაიგოს, ის თუ როგორ სურს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოაჩინოს რეალობა და არა ნამდვილი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში.“

ჯერჯერობით, არ გაკეთებულა არანაირი კომენტარი რა თანხა დაუჯდათ ახალ მეპატრონეებს ტელეკომპანიების შეძენა. 2007 წლამდე ტელეკომპანია „იმედში“ 85 მილიონი დოლარი იყო ინვესტირებული, თუმცა „ტელეიმედის“ საბაზრო ღირებულება 10 ჯერ უფრო მეტი იყო, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ საქართველოს მთავრობა ბადრი პატარკაციშვილს „იმედის“ გაცვლას რკინიგზაში სთავაზობდა.

დაახლოებით ამდენივე ღირს ტელეკომპანია „რუსთავი 2“. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „იმედის“ 45 პროცენტის მფლობელის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი არველაძის უძრავ-მოძრავი ქონება, 2008 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაცის მიხედვით, 200 ათას ლარს არ აღემატებოდა.

XS
SM
MD
LG