ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევის ცნობით, უკრაინამ რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო


რუსული თავდასხმის შედეგი დნიპროში, 20 აპრილი, 2024
რუსული თავდასხმის შედეგი დნიპროში, 20 აპრილი, 2024

სრულმასშტაბიანი ომის პირობებში პირველად, უკრაინის საჰაერო ძალებმა და სამხედრო დაზვერვამ, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, რუსული Tu-22M3 სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოაგდო. კიევის ცნობით, ეს საბრძოლო ხომალდი, რომელიც მისი საზღვრიდან 300 კმ-ის დაშორებით ჩამოაგდეს, იმ საჰაერო იერიშში მონაწილეობდა, რომელმაც დნიპროპეტროვსკის რეგიონში 8 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რეგიონული ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ქალაქ დნიპროსა და მის ირგვლივ, რეგიონზე გათენებისას სარაკეტო იერიში მიიტანა, დააზიანა არაერთი საცხოვრებელი კორპუსი, მთავარი სარკინიგზო სადგური, დაიჭრა სულ მცირე 28 ადამიანი.

რუსეთმა, ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე და სხვა სამოქალაქო სამიზნეებზე იერიში გააძლიერა. რაც შეეხება ბრძოლის ველს, კიევს აღმოსავლეთში ფრონტის ხაზის შენარჩუნება უჭირს და იქ რუსული ძალები ნელი ტემპით ახერხებენ დაწინაურებას.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების დაჩქარებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები თითქმის სრულად გამოილია.

"რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ტერორისთვის და ყოველი რაკეტა, ყოველი "შაჰედის" დრონი ჩამოგდებული უნდა იყოს. მსოფლიომ ეს უნდა უზრუნველყოს, ჩვენს პარტნიორებს აქვთ ყველა ეს აუცილებელი საშუალება", - თქვა ზელენსკიმ.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერს", უკრაინის დაზვერის წარმომადგენელმა, კონფიდენციალურმა წყარომ დაუდასტურა, რომ მათ თავდასხმისთვის მოდიფიცირებული S-200 საჰაერო თავდაცვითი რაკეტა გამოიყენეს. თუმცა, არ დაუკონკრეტებია საიდან გაისროლეს ის. S-200 საბჭოთა ტიპის შორი რადიუსის, მიწა-ჰაერი ტიპის საჰაერო სისტემაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბომბდამშენი რუსეთის სამხრეთ რეგიონში, სტავროპოლში საბრძოლო მისიიდან დაბრუნების შემდეგ ჩამოვარდა, უკრაინის საზღვრიდან ასობით კილომეტრის დაშორებით. სამინისტროს ცნობით, ავიაკატასტროფა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. რეგიონის გუბერნატორის განცხადებით კი, ეკიპაჟის 4-მა წევრმა თვითმფრინავი დატოვა, მათგაან ორი გადაარჩინეს, ერთი დაიღუპა, ერთის ძებნა-შველის ოპერაცია კი გრძელდება.

XS
SM
MD
LG