ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუპერ სენსაცია ხელბურთში: საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა!


საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები უნგრეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები უნგრეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ

პატარა უნგრულ ქალაქ ტატაბანიაში, ქართული ხელბურთის ისტორიის ყველაზე დიდი ფურცელი დაიწერა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სუპერ სენსაცია მოახდინა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში, ჯგუფის ფავორიტ უნგრეთს სტუმრად 31:30 მოუგო და პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი გახდა.

ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავს, ჯერ კიდევ არ მჯერა
გიორგი დიხამინჯია, საქართველოს ნაკრებისა და გერმანული "ლუბენაუს" მოთამაშე

„ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავს, რომელსაც აუცილებლად კარგი გაგრძელება ექნება. ჯერ კიდევ არ მჯერა რომ თავად გავხდები ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. ისტორია დაწერილია! პირველი უდიდესი ნაბიჯი გადადგმულია, წინ ევროპის ჩემპიონატი გველის!“ - ამბობს გერმანული „ლუბენაუს“ მოთამაშე გიორგი დიხამინჯია, რომელმაც ისტორიული გამარჯვების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.

ეროვნული ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე ფინური "კოკსიდან"
ეროვნული ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე ფინური "კოკსიდან"

საქართველოს ნაკრებმა სასწაულ გამარჯვებამდე, ბეწვის ხიდზე რამდენჯერმე გაიარა. აღმასვლა ევროპის ჩემპიონატისკენ, ქართველებმა ყველაზე დაბალი, 2021 წლის, IHF/EHF ერთა თასის მოგებით დაიწყეს. შემდეგ ეტაპზე, 2022 წლის იანვარში, პლეი-ოფში ფინეთს შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში (22:22, 23:30) დამარცხდნენ.

არავის სჯეროდა რაც მოხდა, წარმოუდგენელი სიხარულისგან უბრალოდ დავრბოდით მოედანზე
დავით ნიქაბაძე, საქართველოს ნაკრების მეკარე

ამ დროს, უკრაინაში რუსეთის არმია შეიჭრა დაიწყო და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის და ბელარუსის ნაკრებები მოკვეთა. მათ ნაცვლად, ჯგუფურ ეტაპზე კი უკვე გამოვარდნილი საქართველო და ლუქსემბურგი ჩასვა.

ტატაბანიას ისტორიულ მატჩამდე, საქართველოს მე-6 შესარჩევ ჯგუფში, ოთხი მარცხის ფონზე, სულ ერთი გამარჯვება ჰქონდა (ლიეტუვასთან 32:18). მას შემდეგ, რაც ტიტე კალანდაძის ნაკრებმა, 26 აპრილს, თბილისში, შვეიცარიასთანაც წააგო (19:26), ყველამ ჩათვალა, რომ ისტორიული შანსი საბოლოოდ დაიკარგა.

"მონპელიეს" უკანა ხაზელი გიორგი ცხოვრებაძე 42 გოლით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
"მონპელიეს" უკანა ხაზელი გიორგი ცხოვრებაძე 42 გოლით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ოთხი დღის შემდეგ, ბოლო ტურში, უნგრეთთან სტუმრად გამარჯვებას, რომელიც ჯგუფს ხუთიდან ხუთი გამარჯვებით ლიდერობდა ვერავინ წარმოიდგენდა. მით უმეტეს, რომ თბილისში, უნგრელებმა 17 ბურთიანი სხვაობით გვაჯობეს.

“შვეიცარიასთან წაგების, შემდეგ უნგრეთში, გამოცდილების მისაღებად უფრო წავედით, იქ მოგებაზე ფიქრი ძალიან რთული იყო, თან ორი წამყვანი მოთამაშე დაგვეტვრა. თუმცა, როცა დაიწყო თამაში, ყველაფერი გამოგვდიოდა.

ისტორიული მატჩი: უნგრეთი - საქართველო 30:31
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:08 0:00

ბოლოსკენ უნგრელებმა გადაგვასწრეს, თუმცა, ფორტუნა ისევ ჩვენ მხარეს გადმოიხარა. როცა თამაში დასრულდა, არავის სჯეროდა რაც მოხდა, წარმოუდგენელი სიხარულისგან უბრალოდ დავრბოდით მოედანზე, ეს ნამდვილად ისტორიული დღე იყო ქართული ხელბურთისთვის“ - იხსენებს საქართველოს და „სარატოვის“ მეკარე დავით ნიქაბაძე.

„ეს ნამდვილი სასწაულია, ამ გამარჯვებით ყველანი ძალიან ამაყები ვართ"
ტიტე კალანდაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ტატაბანიას ახალ არენაზე, შეიძლება ითქვას, რომ თითოელმა ქართველმა თავი გადადო და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს წარმოუდგენელი ბრძოლა გაუმართა. ქართველებმა 51-ჯერ დაარტყეს კარში და 31 ბურთი გაიტანეს.

ტრადიციულად, ეროვნულ ნაკრებში ბრწყინვალე იყო ფრანგული „მონპელიეს“ უკანა ხაზელი გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 8 ბურთი შეაგდო. საბოლოოდ 6 მატჩში, 42 გოლით, გიორგი ევროპის ჩემპიონატის მთელი შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გიორგის გერმანული VFL Gummersbach აკვირდება და დიდი ალბათობით, კარიერას სწორედ ევროპულ ტოპ ჩემპიონატში - ბუდესლიგაში გააგრძელებს.

მაკედონიური "ოჰრიდის" მეკარე ზურაბ ცინცაძე გამარჯვების შემდეგ
მაკედონიური "ოჰრიდის" მეკარე ზურაბ ცინცაძე გამარჯვების შემდეგ

საუკეთესო მატჩი ჰქონდა მაკედონიური „ოჰრიდის“ მეკარე ზურაბ ცინცაძესაც. მან 14 დარტყმა მოიგერია, მათ შორის, გადამწყვეტი, მატჩის დასრულებამდე 29 წამით ადრე, როცა ანგარიში 30:30 იყო. ამის შემდეგ, ცხოვრებაძემ შვიდმეტრიანი გაიტანა და საქართველომ სენსაციური და ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

ევროპის რიგით მე-16 ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს გარდა კიდევ ორ დებიუტანტია საბერძნეთი და ფარერის კუნძულები, თუმცა, საქართველო ერთადერთია, რომელიც ევროპული ხელბურთის მთავარ ფორუმზე, ყველაზე დაბალი დონიდან მოხვდა

„ეს ნამდვილი სასწაულია, რომ ევროპის 24 საუკეთესო ნაკრებს შორის მოვხვდით, უნგრეთი ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. ამ გამარჯვებით ყველანი ძალიან ამაყები ვართ" - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ, რომელმაც ქართულ ხელბურთის არაერთი თაობის დიდი ხნის ოცნება აისრულა.

საქართველოსთვის ისტორიულ ევროპის ჩემპიონატს, 2024 წლის 10-28 იანვრის ჩათვლით, გერმანია უმასპინძლებს. 24 ფინალისტი, 6 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდება და ბერლინში, ჰამბურგში, კიონლში, მანჰაიმში, დიუსელდორფსა და მიუნხენში ითამაშებს. ფინალი კიოლნის 20 ათასიან Lanxess Arena-ზე გაიმართება.

რომელ ჯგუფში აღმოჩნდება დებიუტანტი საქართველო, ეს 10 მაისის კენჭისყრაზე დიუსელდორფში გაირკვევა. ევროპის რიგით მე-16 ევროპის ჩემპიონატს, კიდევ ორ დებიუტანტი საბერძნეთი და ფარერის კუნძულები ჰყავს, თუმცა, საქართველო ერთადერთია, რომელიც ევროპული ხელბურთის მთავარ ფორუმზე, ყველაზე დაბალი დონიდან მოხვდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ხელბურთში ტატაბანიას არენაზე
საქართველოს ეროვნული ნაკრები ხელბურთში ტატაბანიას არენაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ხელბურთში:

ზურაბ ცინცაძე - „ოჰრიდი“ მაკედონია

დავით ნიქაბაძე - „სარატოვი“ რუსეთი

იური სილაგაძე - სტუ საქართველო

გიორგი დიხამინჯია - „TSG ლუბენაუ“ გერმანია

ირაკლი გოგოლაძე - „შავი ზღვის ბიჭები“ საქართველო

ზურაბ გოგავა - „LHC კოტბუსი“ გერმანია

გიორგი ცხოვრებაძე - „მონპელიე“ საფრანგეთი

ერეკლე არსენაშვილი - „პეუნტე ჟენილი“ ესპანეთი

ირაკლი კბილაშვილი - „სუჩავა“ რუმინეთი

გიორგი ლაპიაშვილი - „შავი ზღვის ბიჭები“ საქართველო

ხაზეინ რუსტამოვი - „ოჰრიდი“ მაკედონია

თეიმურაზ ორჯონიკიძე - „კოკსი“ ფინეთი

ნიკოლოზ კალანდაძე - „შამბერი“ საფრანგეთი

მირიან გავაშელიშვილი - „პრილეპი“ მაკედონია

ზურაბ აბრამიშვილი - „შავი ზღვის ბიჭები“ საქართველო

ზურაბ სიმონია - „ქუთაისი“ საქართველო

სანდრო დარსანია - „პეგასი“ საქართველო

ტიტე კალანდაძე - მთავარი მწვრთნელი

შოთა თევზაძე - მწვრთნელი

ვახტანგ მეიფარიანი - პრეზიდენტი

მამა შვილი კალანდაძეები ერთმანეთს ულოცავენ: ნიკოლოზი - ფრანგული "შამბერის" მოთამაშე და ტიტე - ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
მამა შვილი კალანდაძეები ერთმანეთს ულოცავენ: ნიკოლოზი - ფრანგული "შამბერის" მოთამაშე და ტიტე - ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ხელბურთის ისტორია საქართველოში

ჯემალ ცერცვაძე, 60-იანი წლების ქართული და საბჭოთა ხელბურთის ერთ-ერთი ლიდერი
ჯემალ ცერცვაძე, 60-იანი წლების ქართული და საბჭოთა ხელბურთის ერთ-ერთი ლიდერი

ხელბურთი, რომლის გამოგონებაც მე-19 საუკუნის ბოლოს დანიელი ოლიმპიელისა და ფიზკულტურის მასწავლებლის ჰოლმარ ნილსენის სახელს უკაშირდება, რუსეთის იმპერიაში თავდაპირველად, ქალაქ ხარკივში გავრცელდა. ეს 1908 წელს მოხდა. სწორედ უკრაინიდან შემოვიდა სპორტის ეს სახეობა საქართველოში, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში. უკვე 60-იან წლებში, ჩვენს ქვეყანაში ხელბურთის ნამდვილი ბუმი დაიწყო.

ქართული ხელბურთის ოქროს ხანა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:10:30 0:00

ამ პერიოდში თბილისის „ქარიშხალამ“ („ბურევესტნიკი“) ორჯერ მოიგო სსრკ-ს ჩემპიონობა (1962, 1964), სამჯერ ვერცხლის (1965, 1966, 1967) და ერთხელ ბრინჯაოს მედლებს (1963) დაეუფლა. 1964 წელს, ევროპის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში, „ქარიშხალას“ და ზაგრების „მედვეშჩაკის“ განმეორებით მატჩს, სპორტის სასახლეში, სარეკორდო 16 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1966 წლიდან, თბილისელი მაყურებელი განებივრებული იყო, უძლიერესი ევროპული ნაკრებების სტუმრობით, რომლებიც „ზარია ვოსტოკას“ პრიზის მოსაგებად, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ჩამოდიოდნენ.

სსრკ-ს პირველი ჩემპიონი ხელბურთში თბილისის "ქარიშხალა", 1962
სსრკ-ს პირველი ჩემპიონი ხელბურთში თბილისის "ქარიშხალა", 1962

ამ პერიოდში საქართველოს მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჰყავდა: პირველ რიგში ჯემალ ცერცვაძე, რომელმაც ფენომენალური შედეგი აჩვენა, კარიერის მანძილზე 7000 ბურთი გაიტანა, მათ შორის 276 გოლი ნაკრებში.

1961-1972 წლებში, იგი ზედიზედ 10-ჯერ გახდა სსრკ-ს საუკეთესო ბომბარდირი. ცერცვაძემ სამ მსოფლიოზე ითამაშა (1964, 1967, 1970). მსოფლიოზე ასევე ითამაშეს მეკარე ჯემალ აბაიშვილმა (1964, 1967), ანზორ ექსეულიძემ (1967) და იმედო ფხაკაძემ (1967, 1970).

„ქარიშხალას“ შემდეგი წარმატება უკვე მთავარი მწვრთნელის გარი მაჭავარიანის და თბილისელთა ახალი ვარსკვლავის ალექსანდრე ანპილოგოვის სახელს უკავშირდება. 1978 წელს, „ქარიშხალამ“ პირველად სსრკ-ს თასი მოიგო, 1977, 1980 და 1981 წლებში კი ისევ ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

ანპილოგოვი - ქართული ხელბურთის ლეგენდა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:53 0:00

ალექსანდრე ანპილოგოვი ქართული ხელბურთის ლეგენდად იქცა. მან 1976 წელს, მონრეალის ზაფხულის ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიგო; 1978 წელს, დანიაში, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზეც - ვერცხლი და 1982 წელს, გერმანიაში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალში სსრკ-მ იუგოსლავია დაამარცხა, ანპილოგოვმა კი 5 ბურთი გაიტანა.

ალექსანდრე ანპილოგოვი - ქართული და მსოფლიო ხელბურთის ლეგენდა
ალექსანდრე ანპილოგოვი - ქართული და მსოფლიო ხელბურთის ლეგენდა

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ხელბურთი, ისევე, როგორც სპორტის სხვა სახეობები კრიზისმა მოიცვა. კონკურენციის არარსებობის გამო, თბილისის სტუ-შევარდენმა 22-ჯერ (1990-2008; 2012-2015) მოიგო საქართველოს ჩემპიონატი; ამის მიუხედავად, ხელბურთელთა ნიჭიერი თაობა მაინც წამოვიდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან, ყველაზე ახლოს, 1999 წელს იყო, როცა პლეი ოფი დანიასთან დავთმეთ (23:31, 25:32).

საქართველოს და "სტუ-შევარდენის" ყოფილი მეკარე რონალდ ერაძე, ისლანდიის მაისურით, 2005 წლის მსოფლიოზე
საქართველოს და "სტუ-შევარდენის" ყოფილი მეკარე რონალდ ერაძე, ისლანდიის მაისურით, 2005 წლის მსოფლიოზე

ამ თაობიდან ყველაზე შორს, „შევარდენის“ და ნაკრების მეკარე როლანდ ერაძე წავიდა. მან მოქალაქეობა შეიცვალა და 2004 წელს, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 2005 და 2007 წლების მსოფლიოზე, ასევე 2006 წლის ევროპაზე, ისლანდიის ღირსება დაიცვა. საკმაოდ წარმატებული საკლუბო კარიერა ჰქონდათ სერგო დათუკაშვილს, რომელმაც გერმანიის ბუნდესლიგაშიც ითამაშა და ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მთავარ მწვთნელს, ტიტე „გოლი“ კალანდაძესაც.

სერგო დათუკაშვილი გერმანული ბუნდესლიგის TBV Lemgo-ს მაისურით
სერგო დათუკაშვილი გერმანული ბუნდესლიგის TBV Lemgo-ს მაისურით
როცა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ იყო რამდენიმე კარგი და იმედისმომცემი თაობა, მაგრამ არ ვიცი, როგორ ვთქვა, ჩვენ ყოველთვის რაღაცა გვაკლდებოდა. უნგრეთთან მატჩის წინ, გმირობის ყველას ნაკლებად სჯეროდა, მაგრამ სპორტულმა ვაჟკაცობამ ეს გამარჯვება მოგვიტანა
რევაზ ჭანტურია, მაკედონიური "პრილეპის" მოთამაშე-მწვრთნელი

„ხელბურთი საქართველოში ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო..სავსე დარბაზები და ეიფორია მთელ ქვეყანაში. როცა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ იყო რამდენიმე კარგი და იმედისმომცემი თაობა, მაგრამ არ ვიცი, როგორ ვთქვა, ჩვენ ყოველთვის რაღაცა გვაკლდებოდა. უნგრეთთან მატჩის წინ გმირობის ყველას ნაკლებად სჯეროდა, მაგრამ სპორტულმა ვაჟკაცობამ ეს გამარჯვება მოგვიტანა“ - ამბობს მაკედონიურ გაზეთთან ვეტერანი ხელბურთელი რევაზ ჭანტურია, რომელიც ამჟამად მაკედონიაში მოთამაშე მწვრთნელია.

ქართული ხელბურთის სამყაროში აქვთ მოლოდინი, რომ როგორც ეროვნული, ისე 19-წლამდელთა ნაკრების დიდი წარმატები (ახალგაზრდებმა კოსტა რიკაში საკონტინენტთაშორისო თასი მოიგეს და 2023 წლის აგვისტოში, ხორვატიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ) ქვეყანაში ხელბურთისადმი ინტერესს გაზრდის და სპორტის ამ სახეობის ხელახალ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

საქართველო - 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტებს შორის!
საქართველო - 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტებს შორის!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG