ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარალეთელის რევანში


აგვისტოს ომის მერვე წლისთავზე, ბეჭებზე გაკრულ რუსს შავდათუაშვილი საქართველოს დროშას უჩვენებს

აგვისტოს ომის მერვე წლისთავზე, ბეჭებზე გაკრულ რუსს შავდათუაშვილი საქართველოს დროშას უჩვენებს

ზუსტად 8 წლის წინ, 16 წლის ლაშა შავდათუაშვილი პატარა ძმასთან, მშობლებთან და ნათესავებთან ერთად, გამორბოდა მშობლიური კარალეთიდან. ზედ, გორი-ცხინვალის გზაზე მდებარე ეს სოფელი, აგვისტოს ომის დროს, რუსი ოკუპანტებისა და ოსური ბანდფორმირებების ერთ-ერთ მთავარი სამიზნე გახდა.

გადამწვარი კარალეთი, 2008 წლის აგვისტო

გადამწვარი კარალეთი, 2008 წლის აგვისტო

რუსებმა კარალეთის მიდამოები რამდენჯერმე დაბომბეს, მათ შორის, გორის ბამბეულის კომბინატის ძიუდოს დარბაზი, სადაც ლაშა ვარჯიშობდა. ქართული ჯარის უკანდახევის შემდეგ კი სოფელში უკვე ოსები შეიჭრნენ და 29 სახლი გადაწვეს. ამ დროს ლაშა უკვე დევნილი იყო, ოჯახთან ერთად, თბილისში, ერთ-ერთ სკოლაში ჰქონდა დროებითი თავშესაფარი ნაპოვნი.

ბედის ირონიით, აგვისტოს ომის მერვე წლისთავზე, 8 აგვისტოს, რიოს ოლიმპიადაზე, შავდათუაშვილს სწორედ რუსი მეტოქე ერგო. ჩელიაბინსკელ იარცევთან ჭიდაობას უნდა გაერკვია, ვინ გააგრძელებდა ბრძოლას ოლიმპიური ბრინჯაოსთვის.

დრამატული შეხვედრის დასრულებამდე 29 წამით ადრე რუსი მინიმალურად იგებდა, თუმცა ლაშამ ხასიათი გამოავლინა და იარცევი ჯერ ვაზარზე დააგდო, 7 წამში კი უკვე მეორე ვაზარი აართვა. ბოლოს საჩვენებელი თითით, ბეჭებზე გაკრულ მეტოქეს საქართველოს დროშა უჩვენა.

08.08.2016 კარალეთელის რევანში რიოში

08.08.2016 კარალეთელის რევანში რიოში

ლაშას დედა თეა მეზვრიშვილი იხსენებს, თუ რა საშინელება გამოიარეს 2008 წლის აგვისტოში:

ომის პერიოდში, ზუსტად პეკინის ოლიმპიადა რომ იხსნებოდა, იმ დღეებში როცა ჭიდაობდნენ ჩვენი ბიჭები, ჩვენ კარალეთიდან გავრბოდით. მახსოვს, ლაშას ჯვარი ეჭირა ხელში და ლოცვის წიგნი“

„ომის პერიოდში, ზუსტად პეკინის ოლიმპიადა რომ იხსნებოდა, იმ დღეებში როცა ჭიდაობდნენ ჩვენი სპორტსმენები, ჩვენ კარალეთიდან გავრბოდით. მახსოვს, ლაშას ჯვარი ეჭირა ხელში და ლოცვის წიგნი.“

ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი, რომელმაც რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. რუსი იარცევის შემდეგ, კარალეთელმა ძიუდოისტმა ადვილად აჯობა ისრაელის წარმომადგენელ მუკს და ოლიმპიური ბრინჯაო აიღო. ოლიმპიური ჩემპიონი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი იაპონელი სამურაი, შეუდარებელი ონო გახდა, რომელმაც ლაშას მეოთხედფინალში დამსახურებულად მოუგო.

მარცხნიდან: აზერბაიჯანელი ორუჯევი, იაპონელი ონო, ქართველი შავდათუაშვილი და ბელგიელი ვან ტიჰელტი

მარცხნიდან: აზერბაიჯანელი ორუჯევი, იაპონელი ონო, ქართველი შავდათუაშვილი და ბელგიელი ვან ტიჰელტი

24 წლის შავდათუაშვილი კი ქართული სპორტის ისტორიაში შევიდა, მან გაიმეორა ძალოსან გიორგი ასანიძის შედეგი, ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე: ოქრო და ბრინჯაო მოიგო. საქართველოს დროშით, ოლიმპიადებზე, ასევე მოჭიდავე ელდარ კურტანიძეს ჰქონდა ორი ბრინჯაო აღებული.

2012 წელს, ლონდონში, შავდათუაშვილმა 20 წლის ასაკში, სენსაციურად მოიგო ოლიმპიური ოქრო, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში. შემდეგ წონის შეცვლის ურთულესი, 2 წლიანი პროცესი გამოიარა, თანმდევი სპორტული ჩავარდნებით, თუმცა, რიოს ოლიმპიადაზე, უკვე 73 კილოგრამში, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი სპორტსმენია. ლაშა შავდათუაშვილი ამბობს:

ვფიქრობდი, რომ უფლება არ მქონდა 8 აგვისტოს არ მომეგო რუსისთვის, იქედან გამომდინარე, რომ რვა წლის წინ, უამრავი ქართველი დაიღუპა რუსეთთან ომის დროს. უფლება არ მქონდა ფარ-ხმალი დამეყარა"

„ვფიქრობდი, რომ უფლება არ მქონდა 8 აგვისტოს არ მომეგო რუსისთვის, იქედან გამომდინარე, რომ რვა წლის წინ, უამრავი ქართველი დაიღუპა რუსეთთან ომის დროს. ამიტომ, უფლება არ მქონდა ფარ-ხმალი დამეყარა ან ნახევარი მონდომებით გამოვსულიყავი. ოლიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი სინჯის მედლის აღება უდიდესი წარმატებაა, თან ახალ წონაში და ძალიან ბედნიერი ვარ.“

ნიშნობა კარალეთში

ნიშნობა კარალეთში

ამ გამარჯვებით, კარალეთის ღვთისმშობლის ეკლესიის სტიქაროსანი, რომელმაც რიო დე ჟანეიროში გამგზავრებამდე, ცოტა ხნით ადრე, მშობლიური სოფლის ეკლესიაში ნიშნობა გადაიხადა, იმ დიდი ქართველი ოლიმპიელების დიდების დარბაზის წევრი გახდა, რომელთაც რამდენიმე ოლიმპიადაზე აქვთ მედლები მოგებული. თითქმის, ყველა მათგანმა, ლაშა შავდათუაშვილისგან განსახვავებით, ეს საბჭოთა დროშის ქვეშ გააკეთა. ძალოსანმა კახი კახიაშვილმა კი საბერძნეთის დროშით.

უდავო ლიდერი მათ შორის, ლეგენდარული სოხუმელი მძლეოსანი, ამჟამად 70 წლის, ავსტრალიაში მცხოვრები, ვიქტორ სანეევია, რომელმაც ზედიზედ ოთხ ოლიმპიადაზე ფენომენალური შედეგი აჩვენა: სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი ოლიმპიელები, რომლებსაც რამდენიმე ოლიმპიადაზე აქვთ მედლები მოგებული (1952-2016)

ვიქტორ სანეევი, მძლეოსნობა: 1968 - ოქრო, 1972 - ოქრო, 1976 - ოქრო, 1982 - ვერცხლი

კახი კახიაშვილი, ძალოსნობა: 1992 - ოქრო, 1996 - ოქრო, 2000 - ოქრო

ნინო სალუქვაძე, ტყვიის სროლა: 1988 - ოქრო/ვერცხლი, 2008 - ბრინჯაო

ლევან თედიაშვილი, ჭიდაობა: 1972 - ოქრო, 1976 - ოქრო

რომან რურუა, ჭიდაობა: 1964 - ვერცხლი, 1968 - ოქრო

ალექსანდრე ანპილოგოვი, ხელბურთი: 1976 - ოქრო, 1980 - ვერცხლი

გივი კარტოზია, ჭიდაობა: 1956 - ოქრო, 1960 - ბრინჯაო

შოთა ჩოჩიშვილი, ძიუდო: 1972 - ოქრო, 1976 - ბრინჯაო

ზურაბ საკანდელიძე, კალათბურთი: 1968 - ბრინჯაო, 1972 - ოქრო

მიხეილ ქორქია, კალათბურთი: 1972 - ოქრო, 1976 - ბრინჯაო

დავით გობეჯიშვილი, ჭიდაობა: 1988 - ოქრო, 1992 - ბრინჯაო

გიორგი ასანიძე, ძალოსნობა: 2004 - ოქრო, 2000 - ბრინჯაო

ლაშა შავდათუაშვილი, ძიუდო, 2012 - ოქრო, 2016 - ბრინჯაო

გივი ჩიქვანაია, წყალბურთი: 1960 - ვერცხლი, 1968 - ვერცხლი

დიმიტრი შანიძე, ძალოსნობა: 1968 - ვერცხლი, 1972 - ვერცხლი

ნადეჟდა დვალიშვილი, მძლეოსნობა: 1952 - ბრინჯაო, 1956 - ბრინჯაო

გიორგი სხირტლაძე, ჭიდაობა: 1956 - ბრინჯაო, 1960 - ბრინჯაო

გურამ კოსტავა, ფარიკაობა: 1960 - ბრინჯაო, 1964 - ბრინჯაო

ელდარ კურტანიძე, ჭიდაობა: 1996 - ბრინჯაო, 2000 - ბრინჯაო

XS
SM
MD
LG