ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შენი რელიგიური გრძნობები ჩემი საარჩევნო ხმებისთვის


სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ლობისტებმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შეძლეს კანონპროექტის მხარდაჭერა, რომელიც უფლებადამცველების აზრით, ცალსახად შეზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ გამოხატვის თავისუფლების უფლებას და ქვეყანაში რელიგიურ ფუნდამენტალიზმს გააძლიერებს. პროექტის მიხედვით, იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პრიმა მუხლის დამატება, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში „რელიგიური გრძნობების შეურაცყოფა“ ფინანსურად დასჯადი გახდება.

ეკლესია უკვე სერიოზულ ძალაუფლებას ფლობს და ყველა ვინც ასეთ ძალაუფლებას ფლობს კრიტიკის საგანი აუცილებლად უნდა გახდეს. ასეთი საკანონმდებლო ცვლილების შემოტანის მიზანი, სწორედ ამ საჯარო დისკუსიების შეჩერება, ხელშეშლა და ცენზურის დაწესებაა
თამთა მიქელაძე

„პირის რელიგიური გრძნობების შეურაცყოფისთვის“ ფინანსური სანქცია 300-დან 600 ლარამდე მერყეობს, ხოლო „რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500-დან 1000 ლარამდე.

ადამიანის უფლებათა იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის კარგად შეფუთული მცდელობა, საზოგადოებაში ჩაახშოს ნებისმიერი კრიტიკა მისი მისამართით და კიდევ უფრო გაძლიერდეს, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი.

„იმ პირობებში, როდესაც ეკლესიამ საკუთარი თავის რეპრეზენტირება გააკეთა, როგორც გავლენიანი პოლიტიკური ინსტიტუტის, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება თანამედროვე ლიბერალურ ღირებულებებს და ამ კონტექსტში, სწორედ იმიტომ რომ ეკლესია უკვე სერიოზულ ძალაუფლებას ფლობს და ყველა ვინც ასეთ ძალაუფლებას ფლობს კრიტიკის საგანი აუცილებლად უნდა გახდეს, ასეთი საკანონმდებლო ცვლილების შემოტანის მიზანი, სწორედ ამ საჯარო დისკუსიების შეჩერება, ხელშეშლა და ცენზურის დაწესებაა.“

საინტერესოა, რომ ეს კანონპროექტი ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში, მოამზადა საპატრიარქოს წიაღში აღმოცენებულმა - „ეროვნულ რელიგიურმა ინსტიტუტმა“. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე, რომელსაც ეკუთვნის ფრაზა, რომ „ფემინიზმი ეს არის სისინი ედემის ბაღიდან“, პარალელურად, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ დაარსებული „დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ დირექტორიც არის.

თავდაპირველ ვარიანტში „რელიგიური გრძნობების შეურაცყოფისთვის“ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იყო გათვალისწინებული. თუმცა, 2013 წლის ნოემბერში, როცა ამ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში თვით შინაგან საქმეთა სამინისტრომ (მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი) მოახდინა, სასჯელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან გათანაბრდა.

საპატრიარქოსთვის პოლიტიკური ხარკის დაბრუნება მაშინ, ჯერ კიდევ ახალბედა ოცნების მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოების მკაცრი წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო და კანონპროექტი უკან გაიხმეს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, 9 თვით ადრე კი, კანონპროექტის ახალ ლობისტად პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი მოგვევლინა. გუშინ, მცირედი ცვლილებებით,ჯაჭვლიანის ინიციატივას, ღიად დაუჭირა მხარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელიამ და მისმა მოადგილე გედევან ფოფხაძემ. ყოფილი რეჟისორი, მსახიობი და მკლავჭიდელი, ოცნების პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი ამბობს:

„დედის გინება არ შეიძლება და დედაზე რო გაგინებენ შენ, ამაზე რეაქცია უნდა გქონდეს. და, რეაქცია რო გაქვს და უბედურება რომ არ მოხდეს, ამიტომ კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ ეს არ შეიძლება.

წადი სახლში და რამდენიც გინდა, ბოდიში ამ სიტყვაზე - იღადავე. საზოგადოებაში ნუ გამოგაქვს ეს. სახალხოდ ნუ შეურაცხყოფ ადამიანს და რელიგიურ გრძნობებზე ნუ ილაპარაკებ.“

ბოლო წლების მანძილზე, საქართველოს საპატრიარქო მუდმივად აპელირებდა - „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ თემით. მაგალითად, საპატრიარქომ მოწმუნეთა შეურაცხყოფად ჩათვალა ამერიკელი რეჟისორის რონი ჰოვარდის გახმაურებული ფილმი „და ვინჩის კოდი.“ ​ამის შემდეგ, მრევლის ნაწილმა თბილისის კონოთეატრების პიკეტირება მოახდინა ტრანსპარანტებით - „ამ ფილმის ნახვა ქრისტეს მეორედ ჯვართცმაა."

საქართველოს პატრიარქისთვის „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ აღმოჩნდა ქუთაისელი მხატვრის ლია უკლებას ტილო „ქალწულის თვითმკვლელობა“, სადაც ღვთისმშობელი მარიამი სათამაშო პისტოლეტით არის გამოსახული. პატრიარქმა ბრძანა, რომ ეს „ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოს უპრეცედენტო შეურაცხყოფაა“ და ამ ფრაზის შემდეგ, მხატვარი ჩაქოლვას ბეწვზე გადაურჩა.

იგივე რეაქცია ჰქონდა ეკლესიას მწერალ ლაშა ბუღაძის მოთხრობა „პირველ რუსთან“ და სულ ახლახანს, პოეტ რატი ამაღლობელის ლექსს „პიეტა მიწისქვეშა გასასვლელში“ დაკავშირებითაც. გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ ავტორების აზრით კი ინგლისელი მწერლის ჯოან როულინგის ფანტეზის ჟანრის ბესტსელერი „ჰარი პოტერის“ სერია, არც მეტი არც ნაკლები, - „მოზარდი თაობის მაგიზაციის გლობალური პროცესია“. (ასეთი მაგალითები უამრავია: იგივე, სახელმწიფო მუზეუმიდან ხატების საგამოფენოდ გატანის ხელშეშლა).

თუ როგორც ესმით, მორწმუნეთა „რელიგიური გრძნობების დაცვა“ საპატრიარქოში, ამის მაგალითები, ბოლო წლებში არაერთხელ გვიჩვენა, მართლმადიდებელი ეკლესიის ტელევიზია „ერთსულოვნებამ“. აქ, ქართულ მხატვრულ ფილმებსაც კი საკუთარი გემოვნების მიხედვით ამონტაჟებენ და მათი აზრით, „მრევლისთვის შეუფერებენ სცენებს“ ჭრიან.

საერთაშორისო ორგანიზაცია „დავასრულოთ ღვთისმგმობი კანონები“ (End Blasphemy Laws) მონაცემებით, ევროპის კონტინენტზე, ,„რელიგიური გრძნობების დაცვის“ საბაბით, გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვის ყველაზე ცუდი საკანონმდებლო პრაქტიკა მეზობელ რუსეთსა და თურქეთშია.

XS
SM
MD
LG