ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა


ირანული დრონები და უკრაინის ომში მათი გამოყენება, შეერთებული შტატების მხრიდან, ირანზე დაწესებული დამატებითი სანქციების სამიზნე გახდა. ვაშინგტონმა თეირანს დამატებითი სანქციები ხუთშაბათს, 26 აპრილს დაუწესა.

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზომები, რომლებიც ვაშინგტონმა გაერთიანებულ სამეფოსთან და კანადასთან კოორდინაციით მიიღო, მიზნად ისახავს ორ ათეულ ორგანიზაციას, ინდივიდს, თუ გემს. დეპარტამენტის განცხადებით, ეს სუბიექტები მთავარ როლს ასრულებენ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების ფარული გაყიდვის ხელშეწყობასა და დაფინანსებაში.

„ირანის თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს რეგიონისა და მსოფლიოს დესტაბილიზაციას უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერით, ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმით და მარიონეტებისთვის უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით“, - განაცხადა ბრაიან ნელსონმა, ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, ხაზინის მდივნის მოადგილემ.

იმავე განცხადების მიხედვით, ვაშინტტონის სანქციების სამიზნეა კიდევ ორი კომპანია და გემი, რომლებიც ირანული საქონლის გადაზიდვაშია ჩართული.

„ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენს ბრიტანელ და კანადელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, გააგრძელებს ყველა ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენებას მათთან საბრძოლველად, ვინც მხარს უჭერს დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ირანის ქმედებებს“, - თქვა ნელსონმა.

„საჰარის ჭექა-ქუხილი“

ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, მისი სანქციების სამიზნეა კომპანია სახელად „საჰარის ჭექა-ქუხილი“ (Sahara Thunder). უწყების განცხადებით, სწორედ ეს კომპანია ზედამხედველობს ირანის თავდაცვის სამინისტროს ბიზნესსაქმიანობას, ირანის რევოლუციის გუშაგთა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდასაჭერად.

დეპარტამენტის განცხადებით, კომპანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ირანში ათასობით თვითმფრინავის დიზაინში, განვითარებაში, წარმოებასა და გაყიდვაში, რომელთაგან ბევრი, საბოლოოდ, უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, რუსეთს გადაეცა.

ხაზინის განცხადების თანახმად, 2022 წლის მდგომარეობით, რუსი ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ შეთანხმებაზე კომპანიასთან „საჰარის ჭექა-ქუხილი", რათა ყოველწლიურად ათასობით თვითმფრინავის მიწოდება და წარმოება უზურნველეყოთ რუსეთში ამერიკის მიერ სანქცირებული ობიექტში.

ამ თვის დასაწყისში, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ დამატებით სანქციებს დაუწესებდა ირანს, ისრაელზე მისი უპრეცედენტო თავდასხმის შემდეგ.

მას შემდეგ ვაშინგტონმა მიიღო ზომები, მათ შორის, ირანის დრონების პროგრამის, ფოლადის მრეწველობისა და კიბერაქტორების მიმართ.

ირანმა ამ თვეში 300-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი და რაკეტა გაუშვა ისრაელის წინააღმდეგ, რაც იყო მისი პირველი პირდაპირი თავდასხმა ქვეყანაზე. თეირანის განცხადებით, ეს იყო პასუხი დამასკოში, მის საკონსულოზე ისრაელის სავარაუდო თავდასხმაზე, რასაც ირანის სამხედრო ოფიცრები ემსხვერპლნენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG