ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ირანს რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაზე აფრთხილებს


22 თებერვალს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფრთხილა ირანი, რომ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიცემას, საერთაშორისო თანამეგობრობის "სწრაფი და მკაცრი" პასუხი მოჰყვება. აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” მიერ წინა დღით გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ რაკეტები მოსკოვში გააგზავნა.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან ვირტუალურ ბრიფინგზე საუბრისას თქვა, რომ რაკეტების გადაცემის საკითხზე ვაშინგტონს ჯერ სამხილი არ აქვს.

21 თებერვალს, “როიტერმა” ექსკლუზიურ მასალაში თქვა, რომ ირანმა რუსეთს დიდი რაოდენობით ფრთოსანი რაკეტები მიაწოდა. ახალი ამბების სააგენტომ მასალა ექვს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

„ამ ცნობაში ირანელები აშკარად მიუთითებენ, რომ რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გაუგზავნიან და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისინი ამას არ გააკეთებენ”, - თქვა კირბიმ.

„ჩვენი მხრივ, ჩვენ ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოში დავაყენებთ”, - დასძინა მან. "ჩვენ მივიღებთ დამატებით სანქციებს ირანის წინააღმდეგ. ჩვენ კოორდინაციას გავუწევთ შემდგომო რეაგირების ვარიანტებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ევროპაში და სხვაგან", - დაამატა მან.

ირანული წყარო “როიტერს” ეუბნება, რომ გადაზიდვები იანვრის დასაწყისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს თეირანსა და მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე, ირანელ და რუს სამხედრო ოფიციალურ პირებს შორის შეთანხმება შედგა. საუბარია სულ ცოტა, 400 რაკეტაზე.

ირანული წარმოების "შაჰედის" დრონებს, რომლებიც მოსკოვს უკვე მიეწოდება, დიდი როლი აქვს რუსეთის იერიშებში უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ფრთოსანი რაკეტების მიწოდება ორ ქვეყანას შორის, კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობის ნიშანია.

„რუსეთის სასტიკი ომისადმი ირანის მხარდაჭერის საპასუხოდ, ჩვენ დავუწესებთ დამატებით სანქციებს ირანს უახლოეს დღეებში და მზად ვართ უფრო წინ წავიდეთ, თუ ირანი მიყიდის ფრთოსან რაკეტებს რუსეთს“, - თქვა კირბიმ.

XS
SM
MD
LG