ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში დენატურალიზაციის ოფისი შეიქმნა


შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა, ახალი ოფისის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელიც ტერორისტების, ომის დამნაშავეების, სექსუალური ხასიათის კრიმინალების და სხვა თაღლითების დენატურალიზაციის საქმეებს განიხილავს.

ეს ნაბიჯი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საიმიგრაციო კანონების აღსრულების გაძლიერების ძალისხმევის ნაწილია. მათ შორის იმ კანონების, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს მოქალაქეობა ჩამოართვას უცხოელებს, რომლებიც ეჭვიტანილნი არიან, რომ ნატურალიზაცია უკანონოდ მოიპოვეს.

იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალაქო საქმეთა განყოფილება ასეთ საქმეებს უკვე განიხილავდა, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ დენატურალიზაციის საქმეების რაოდენობის ზრდის მოლოდინთან ერთად, რომელიც ისეთი სამართალდამცავი სააგენტოებიდან მოდის, როგორიცაა შეერთებული შტატების მოქალაქეობის და საიმიგრაციო სამსახური, ამ საქმისთვის გამოყოფილი სექციის შექმნის საჭიროება გაჩნდა.

გენერალური პროკურორის თანაშემწე ჯოდი ჰანტმა, რომელიც სამოქალაქო დანაყოფს უძღვება, თავის განცხადებაში თქვა: „დენატურალიზაციის სექცია გააფართოებს დეპარტამენტის ძალისხმევას იმ პირების დევნის საქმეში, რომლებმაც მოქალაქის სტატუსი უკანონოდ მოიპოვეს და უზრუნველყოფს იმას, რომ თაღლითური საქციელისთვის მათ პასუხი მოეთხოვოთ“.

შეერთებული შტატების კანონით, ნატურალიზაცია შეიძლება გაბათილდეს, თუ ის თაღლითური გზით მოიპოვეს. მოქალაქის დენატურალიზაციისთვის მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ კონკრეტულმა მოქალაქემ ნატურალიზაცია „უკანონოდ“ მოიპოვა, ან ის „მატერიალური ფაქტის დამალვის, ან ფაქტის შეგნებულად დამახინჯების გზით...“ მოიპოვა.

პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში იუსტიციის დეპარტამენტმა წარმოადგინა ათი პირის სია, რომელთაც ამერიკის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

2017 წელს, ეგვიპტური წარმოშობის ამერიკელი ხალედ აბუ ალ დაჰაბი ეგვიპტეში ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს. თავის მშობლიურ ქვეყანაში ყოფნისას მოხდა მისი დენატურალიზაცია, გაუუქმდა პასპორტი და შეერთებულ შტატებში დაბრუნება აეკრძალა.

2018 წელს, ბოსნიელ ომის დამნაშავე ედინ ძეკოს, ფედერალურმა მოსამართლემ მოქალაქეობა ჩამოართვა და სასჯელი გამოუტანა. ძეკო შეერთებულ შტატებში მიიღეს, როგორც ლტოლვილი და 2006 წელს, მან მოქალაქეობა მიიღო.

ასევე 2018 წელს, ფედერალურმა მოსამართლემ ამერიკის მოქალაქეობა ჩამოართვა ინდური წარმოშობის ბელჯინდარ სინგჰს. ოფიციალურმა პირებმა ეს შემთხვევა აღწერეს როგორც პირველი საქმე, რომელიც ობამას დროინდელი ფედერალური გამოძიებიდან წარმოიშვა. იმ გამოძიებამ, მოქალაქეობის მიღების მსურველ განმცხადებლებში თაღლითობის ბევრი შემთხვევა გამოამჟღავნა.

ეს საქმე, ოპერაცია „იანუსის“ პირველი შედეგი იყო. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ამ გამოძიებამ აღმოაჩინა 315 ათასი იმიგრანტი, რომელთა თითების ანაბეჭდები, მთავრობის მონაცემთა ბაზებში არ აღმოჩნდა. იმიგრანტები დეპორტაციას ელოდნენ ან კრიმინალი ძებნილები იყვნენ და როგორც დეპარტამენტმა განაცხადა: „შესაძლოა, ზოგიერთმა ნატურალიზაციის დროს, კრიმინალური ჩანაწერების და პიროვნების ისტორიის შემოწმების პროცედურების გვერდის ავლა სცადა“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG