ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცოტა დრო რჩება კლიმატის კრიზისის ასარიდებლად - გუტერეში


გაეროს გენერალურმა მდივანმა 20 სექტემბერს მსოფლიო ლიდერებს კლიმატის სამიტზე მიმართა. ანტონიო გუტერეშმა ისინი გააფრთხილა, რომ ბევრი დრო აღარ რჩება გარემოს დაცვის მიმართულებით კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

„ჩვენ დრო გვაქვს ასანაზღაურებელი, რომელიც ფეხის ათრევით, ერთმანეთთან შეჯიბრით და წიაღისეული საწვავით მიღებული მილიარდობით დოლარის სიხარბით დავკარგეთ“, - განაცხადა გუტერეშმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ჩატარებულ ერთდღიან სიმპოზიუმზე, რომელიც გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოეწყო.

მდგრად განვითარებაზე, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის აუცილებლობაზე და გარემოს დაცვის პრობლემებზე გუტერეშის შემდეგ, 34 ქვეყნის წარმომადგენელმა ისაუბრა. მათ შორის იყვნენ კანადა, ევროპის კავშირი, პაკისტანი, სამხრეთ აფრიკა და მრავალი სხვა, რომლებიც ზღვის დონის ზრდით, გლობალური ტემპერატურის მატებით, ველურ ბუნებაში გაჩენილი ხანძრებით და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმებით არიან შეშფოთებულები.

კლიმატის სიმპოზიუმზე გამომსვლელებს შორის არ იყვნენ მსოფლიოში გარემოს ორი ყველაზე დიდი დამაბინძურებელი ქვეყნის დელეგაციები, შეერთებული შტატების და ჩინეთის წარმომადგენლები. სპიკერებად ამ დღეს მხოლოდ ის სახელმწიფოები მიიწვიეს, ვინც ემისიების შემცირების პროცესის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პირობა დადო. თუმცა, სხდომას ესწრებოდა შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი კლიმატური ცვლილებების საკითხში - ჯონ კერი.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, რომელიც ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ გლობალური ტემპერატურა პრეინდუსტრიულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მომდევნო ათწლეულში 1.5 ცელსიუსით გაიზრდება. ეს გარდამტეხ ნიშნულად ითვლება კლიმატის ცვლილების შენელების მიზნით დაწყებულ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG