ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რით უპასუხებს კრემლი კიევის ანტიტერორისტულ ოპერაციას?


ასე შეიჭრა რუსული დივერსიული ჯგუფი აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კრამატორსკში
ასე შეიჭრა რუსული დივერსიული ჯგუფი აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კრამატორსკში

უკრაინის გახლეჩვის შემთხვევაში, მოსკოვის შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება

ბმული

აღმოსავლეთ უკრაინაში ოფიციალურმა კიევმა ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი რუსეთის ფედერაციიდან გადმოსროლილი - რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) დივერსიული ჯგუფების განადგურება და რამდენიმე ქალაქში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაა.

ანტიტერორისტული ოპერაციის მთავარი სამიზნეებია - დონეცკის ოლქის ქალაქები: სლავიანსკი, გორლოვკა, წითელი ლიმანი, მაკეევკა, კრამატორსკი, ენაკიევო, კონსტანტინოვკა, არტემიოვსკი და სხვები, სადაც პრორუსმა სეპარატისტებმა - ე.წ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“, ასევე რუსეთის დროშა ააფრიალეს და სახელმწიფო შენობები დაიკავეს.

ერთ-ერთი შეტაკება, კიევიდან 617 კილომეტრით მოშორებულ კრამატორსკის აეროდრომთან მოხდა, რომლის დროსაც უკრაინის სპეცნაზმა „ალფამ“ და „ომეგამ“ რამდენიმე სეპარატისტი ტყვედ აიყვანა და აეროდრომზე კონტროლი აღადგინა. რუსეთის ცენტრალური ტელეკომპანიები ამტკიცებდნენ, რომ შეტაკებას 11-მდე ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

ხელწერის მიხედვით, აშკარაა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცნაზის რამდენიმე დივერსიული ჯგუფი მოქმედებს. ამის შესახებ უკვე ღიად საუბრობს, უკრაინის სამხედრო დაზვერვა.

უკრაინული კრიზისის მეორე ფაზის შესახებ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი კერძოდ ამბობს:

„გრძელდება უკრაინის გახლეჩვის და ოკუპაციის მცდელობა. საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალიან პრინციპული პოზიცია უნდა გამოიჩინოს, რათა არ დაუშვას უკრაინის გახლეჩვა და სამოქალაქო-სამხედრო დაპირისპირება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა იმართება გარედან და ეს ყველაფერი დაიწყო, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ.“

ყველაზე ცხელ წერტილად, დონეცკიდან 115 კილომეტრით მოშორებული სლაივიანკი რჩება. მიმომხილველების თქმით, ეს ქალაქი შემთხვევით არ არის შერჩეული. 1645 წელს აქ ციხესიმაგრე რუსეთის მეფე ალექსეი მიხაილის ძემ დაარსა, 1784 წლიდან კი სლავიანკოე ეწოდა.

ქალაქში დღე 140 000-ზე მეტი მაცხოვრებელია, აქედან 100 000-ზე მეტი უკრაინელია, თუმცა 30 000-მა ეთნიკურმა რუსმა როგორღაც „მოახერხა“ და სლავიანსკს რამდენიმე დღეა აკონტროლებდა. ბოლო ინფორმაციით, უკრაინის არმიის 500 მებრძოლი უტევს ქალაქს, სადაც რუსი სპეცნაზელები არიან განლაგებულნი.

რუსული სამხედრო სპეცნაზის და აგენტურის მოქმედების წყალობით, ოფიციალურმა კიევმა 7 აპრილიდან მოყოლებული, თითქმის დაკარგა კონტროლი დონეცკის ოლქზე, სადაც რუსმა სეპარატისტებმა ე.წ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

თითქმის, ანალოგიური სიტუაცია იყო 96 წლის უკან, 1918 წლის ზამთარში, როცა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობა გამოაცხადა „დონეცკ-კრივოროჟის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ“ და რუსეთის ფედერაციის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. რამდენიმე თვეში კი ეს ტერიტორია უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში გადავიდა.

ეს წარმონაქმნი 1918-1919 წლებში მოიცავდა, დღევანდელი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთს - დონეცკის, ლუგანსკის, დნეპროპეტოვსკის, ზაპოროჟიეს ოლქებს; ასევე ხარკოვის, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების ნაწილს. თავიდან დედაქალაქი ხარკოვი იყო, შემდეგ კი ლუგანსკი. „დონეცკის რესპუბლიკაში“ ასევე შედიოდა როსტოვის ოლქიც, რომელიც დღეს რუსეთის შემადგენლობაშია.

ყირიმის ანექსიის შემდეგ, კრემლის მთავარი მიზანი სწორედ ამ უკრაინული რეგიონების ანექსიაა. პლუს - სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი - ოდესის ოლქის ხელში ჩაგდება, რომლის დაკარგვის შემთხვევაში, უკრაინა ავტომატურად კარგავს შავი ზღვის ქვეყნის სტატუსს, რუსეთი კი სეპარატისტული დნესტრისპირეთის და რუმინეთის მოსაზღვრე გახდება.

უკრაინის დაშლის სცენარის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი იგივე სცენარს, დიდი ალბათობით, პრო-ევროპულად განყობილი საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენებს. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამბობს:

„ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია ის, რაც რუსეთის მიერ არის ინსპირირებული აღმოსავლეთ უკრაინაში. ჩვენ, ბუნებრივია ვგმობთ ამას და სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის მთავრობასა და ხალხს.“

ყირიმის დაკარგვის შემდეგ, უკრაინის ეკონომიკა 8-9 პროცენტით შემცირდა - ასეთია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის შეფასება, თუმცა, უკრაინისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონებზე კონტროლის დაკარგვა.

ასეთ შემთხვევაში, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი 2013 წელთან შედარებით, მთელი 44 პროცენტით შემცირდება, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი კი 35 პროცენტს მიაღწევს, რაც დაანგრევს არა მხოლოდ უკრაინის ეკონომიკას, არამედ უმძიმესი შედეგები ექნება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკაზეც. დღეის მდგომარეობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებზე უკრაინის მთელი ექსპორტის 50 პროცენტზე მეტი მოდის.
XS
SM
MD
LG