ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაქო-სუფსას ნავთობსადენი რუსული ოკუპაციის ზონაში


WREP-ის მილსადენის ორჭოსანის მონაკვეთის ოკუპაციის შემდეგ, იგივე ყარაფილას მონაკვეთსაც ემუქრება
WREP-ის მილსადენის ორჭოსანის მონაკვეთის ოკუპაციის შემდეგ, იგივე ყარაფილას მონაკვეთსაც ემუქრება

როგორ გამოიყენებენ ოკუპანტები ახალ რეალობას? რა ემუქრება ენერგო სატრანზიტო დერეფანს?

დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი (WREP), რომელსაც საქართველოში უფრო ბაქო-სუფსას ნავთობსადენის სახელით იცნობენ, რუსული ოკუპაციის ზონაში მოექცა და ეს სახიფათო პროცესი კიდევ გრძელდება.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მილსადენის 500 მეტრიანი მონაკვეთი, თბილისიდან 50 კილომეტრის მოშორებით, ახალგორის რაიონის ოსურ სოფელ ორჭოსანთან, ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და იქ, მილსადენის ოპერატორის „ბრიტიშ პეტროლიუმის“ მომსახურე პერსონალს ბუნებრივია აღარ უშვებენ.

იგივე სიტუაცია, უახლოეს მომავალში, შეიძლება კასპიდან 24 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ყარაფილასთანაც განმეორდეს. აქ, არის საშიშროება, რომ ოკუპაციის ზონაში, მილსადენის უკვე 1600-1800 მეტრიანი მონაკვეთი აღმოჩნდეს. რუსული საოკუპაციო ძალები ჯერ არ ჩამოყალიბებულან თუ საბოლოოდ სად გაავლებენ მავრთულხლართებს, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავია.

დიდი ბრიტანეთისა და აზერბაიჯანის საელჩოები საქართველოში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობისა და გაზის კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმის“ წარმომადგენელი თამილა ჩანტლაძე კი ამბობს, რომ მილსადენს ჯერჯერობით პრობლემა არ შექმნია

„სახელმწიფო უზრუნველყოფს მილსადენების დაცვას. როგორ ხდება ნავთობსადებენის და მილსადენების დაცვა ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და ამ ეტაპზე, სპეციალური განცხადების გაკეთებას არ ვაპირებთ. ეს ისედაც ცნობილია საქართველოში, „ბრიტიშ პეტროლიუმი“ აქ უკვე 17 წელია წარმოდგენილია და მუშაობს წარმატებით.“

დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი, გასული საუკუნის 30-იან წლებში, აგებული - საბჭოთა ნავთობსადენის ბაქო-სამგორი-ბათუმის ბაზაზე აშენდა. პირველი შეთანხმება აზერბაიჯანის მთავრობასა და ინვესტორებს შორის 1994 წლის სექტემბერში გაფორმდა. მთავარი მიზანი: კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში, აზერი-შირაგი-გუნაშლის საბადოდან ნავთობის ექსპორტის დაწყება იყო.

მილსადენი 1999 წლის 17 აპრილს ამუშავდა. მისი მთლიანი სიგრძე 833 კილომეტრია, აქედან 775 კილომეტრი 21 დიუმიანი დიამეტრის მილია. ნავთობსადენი სანგაჩალის ტერმინალიდან სუფსის ტერმინალამდეა გადაჭიმული, მილის 375 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ბაქო-სუფსას ნავთობსადენის ყველაზე დიდი აქციონერი ბრიტანული „ბრიტიშ პეტროლიუმია“. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანული ნავთობის საერთაშორისო კომპანია, ამერიკული „შევრონი“ და „ექსონმობილი“, იაპონური „ინპექსი“ და „იტოჩუ“, ნორვეგიული „სტატოილი“, თურქული „თურქიშ პეტროლიუმი“ და ინდური ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

ბაქო-სუფსას ნავთობსადენით დღეში საშუალოდ, 145000 ბარელი ნავთობის გადაქაჩვა შეიძლება. სუფსის ტერმინალში ასევე განლაგებულია 160 000 კუბური მეტრის მოცულობის ოთხი რეზერვუარი, ექვსი საქაჩი და ორი წნევის მარეგულირებელი სადგური. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ამბობს

„აქ მართულხლართების და ე.წ საოკუპაციო ღობის აშენება უშუალოდ ნავთობსადენთან არ არის, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ, წინასწარ ვაცნობეთ ჟენევის დისკუსიის თანათანჯდომარეებს და საერთაშორისო თანამეგობრობა ამის შესახებ არის ინფორმირებული.“

ბაქო-სუფსას და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენებს ბოლოს სერიოზული პრობლემები 2008 წლის აგვისტოში შეექმნათ. 7 აგვისტოს, აღმოსავლეთ თურქეთში, ერზინჯანის პროვინციაში, გადასაქაჩი სადგური აფეთქდა, რის გამოც „ბრიტიშ პეტროლიუმმა“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაქაჩვა დროებით შეაჩერა. აფეთქება თავის თავზე ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო.

„ბრიტიშ პეტროლიუმმა“ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის, ბაქო-სუფსას დატვირთვა სცადა, თუმცა 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო და ნავთობსადენების მთავარი ოპერატორი იძულებული გახდა - ნავთობის ექსპორტი ორი თვით შეეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ოქტომბერში, უნგრეთში მესამე ენერგეტიკულ სამიტზე, საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ამტკიცებდა, რომ რუსეთის სწორედ ნავთობსადენების პარალიზების მიზნით დაესხა თავს.

ახლა, როცა საექსპორტო მილსადენის ნაწილი უკონტროლო ტერიტორიაზე აღმოჩნდა, როგორ გამოიყენებენ ოკუპანტები ახალ რეალობას? რა ემუქრება ენერგო სატრანზიტო დერეფანს? ამ თემაზე ოფიციალურ თბილისს ჩამოყალიბებული პოზიცია, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ აქვს.
XS
SM
MD
LG