ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე მსჯელობს


შეერთებული შტატების ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები არკვევენ, თუ რამდენად დაცული შეიძლება იყვნენ იქ ამერიკელი სპორტსმენები

მუქარის შემცველი ვიდეოფირი კვირას დაღესტანში მოქმედმა სამხედრო დაჯგუფების წევრებმა გამოაქვეყნეს. იღებენ რა პასუხისმგებლობას დეკემბერში ვოლგოგრადში განხორციელებულ თავდასხმებზე, ჩანაწერის ავტორები სოჭის ოლიმპიადაზე ახალი იერიშებით იმუქრებიან. ვიდრე რუსეთის უშიშროების სამსახურები ისლამისტთა მუქარის შემცველი ვიდეოფირის წარმომავლობას იკვლევენ, შეერთებულ შტატებში ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე მსჯელობენ. ენდრიუ კაჩინსი, სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრში რუსეთის და ევრაზიის პროგრამების დირექტორი, ამბობს, რომ თავიდან ვიდეოჩანაწერის სერიოზულობაში ეჭვი ეპარებოდა.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:59 0:00
ბმული

„საინტერესოა, ნაწილობრივ მართლა იტყუებიან თუ არა. სულაც არ მინდა ძალიან მსუბუქად მივიღო, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება ასეთია. ტყუილია, თუ მართალი, ტერორისტების მუქარის შემცველი ვიდეოფირი და როზანა იბრაგიმოვა მაინც რეალურად უნდა აღიქვა. რამდენიმე კვირის წინ ვოლგოგრადში მომხდარი აქტი ამის დადასტურება გახლავთ“ - ამბობს კაჩინსი.

ვიდეოჩანაწერის ავტორები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აფრთხილებენ, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ის სიურპრიზებს უნდა ელოდოს. კაჩინსის აზრით, მათი მოტივი განსხვავდება ჩეჩენი ისლამისტი ლიდერების მამოძრავებელი იდეებისგან, როგორიცაა, მაგალითად დოკუ უმაროვი.

„ვფიქრობ, ისინი გლობალური ჯიჰადისტური იდეოლოგიით საზრდოობენ, რომელიც ალ-ყაიდასთვისაც მისაღებია. ეს ძმები ცარნაევების მოტივიც იყო, რომელთაც ბოსტონის მარათონზე მიიტანეს იერიში. ისინიც ხომ წარმოშობით დაღესტანიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან იყვნენ“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების დაცვის შესაძლო პრობლემებთან დაკავშირებით შეშფოთებას ახლა უკვე ღიად გამოხატავენ. დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილის, მაიკ მორელის თქმით, „ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყნებთან შეერთებული შტატების მთავრობას და დაზვერვას ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს. თუმცა, ჩვენ მსგავს თანამშრომლობას რუსებთან ვერ მივაღწიეთ“. რაც მორელის აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ რუსებს არ სურთ აღიარონ, რომ სიტუაციის სრული კონტროლის პრობლემა აქვთ და შესაძლოა სხვისი დახმარება ესაჭიროებოდეთ.

გამოხატავს რა შეშფოთებას სოჭის ოლიმპიადაზე ამერიკელი სპორტსმენების, თუ რიგითი მაყურებლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ანალოგიურ განცხადებას აკეთებს კონგრესმენი მაიკ როჯერსი, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეა. „ისინი თვლიან, რომ ეს მათთვის პოლიტიკურად სამარცხვინო სიტუაციაა... ეს არასწორი პოზიციაა, როცა საუბარია საერთაშორისო ღონისძიებაზე“ - აცხადებს კონგრესმენი.

„იოლი წარმოსადგენია ლონდონის ოლიმპიადაზე შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა: როგორ შექმნეს მათ ერთობლივი მართვის პუნქტები, შემუშავებული ჰქონდათ საპასუხო რეაგირების გეგმები და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ანალოგიური რამ სოჭის კონტექსტში არ განიხილება“ - აცხადებს ხუან ზარატე, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფთხოების მრჩევლის ყოფილი მოადგილე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. მისი აზრით, მსგავს მეგა-ტურნირებზე სახელმწიფოთა დიდი უმრავლესობა სხვა ქვეყნებისგან მეტ დახმარებას იღებს, რადგან მათთვის უსაფრთხოების დაცვაა პრიორიტეტი და შესაბამისად, ამ გზით მისი მიღწევა უფრო რეალური ხდება. ზარატეს თქმით, რუსეთში სრულიად საპირისპირო რამ ხდება. ჯეფრი მანკოფი, სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრში რუსეთის და ევრაზიის პროგრამების დირექტორის მოადგილე, ამის მიზეზად რუსულ სტრუქტურებში გამეფებულ კორუფციას ასახელებს.

შეერთებულ შტატებში სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების შესახებ მსჯელობა გრძელდება. რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მის უზრუნველსაყოფად ის „ყოველ ღონეს იხმარს“. ზამთრის ოლიმპიადამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. სოჭის ოლიმპიადა 7 თებერვალს იხსნება და 23 თებერვლამდე გასტანს. პარალიმპური თამაშები კი სოჭში 7-დან 16 მარტამდე გაიმართება.
XS
SM
MD
LG