ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯაჭვის ყველა რგოლი, რომლითაც საქართველო ერთ ადგილასაა დაბმული, ჯერ კიდევ მყარადაა. განვითარებისა და ვითარების გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯების სიმძლავრე ჯაჭვის სიმტკიცეს ვერ აჭარბებს: რუსეთი ჯერაც ახერხებს საკუთარი ძალმომრეობითი პოზიციების შენარჩუნებას. შესაბამისად, ვითარება კონფლიქტის რეგიონებში უცვლელი და სტაბილურად მძიმე რჩება, რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება საქართველოს გაწევრიანებაზე უფრო დაცულ, წარმატებულ და პროგრესულ საერთაშორისო გაერთიანებებში.

ზამთრის მოახლოვება კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებისთვის ყოველთვის უფრო მეტ სირთულესა და გამოწვევას უკავშირდება. მიმდინარე წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, დგას საჭიროება ადგილობრივებისთვის სუბსიდიის გამოყოფის, რასაც ზამთრისთვის გათბობით უზრუნველყოფის მიმართულებით უნდა მოხდეს. 200 ლარს წელს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ყველა ოჯახი მიიღებს.

ამერიკის ხმასთან საუბრისას ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი აცხადებს: განსაკუთრებით საყურადღებოა იმავე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა. მათი ძირითადი უფლებების შელახვა ყოველდღიურ პრაქტიკას წარმოადგენს.“

ამერიკის ხმა ახალგორში მცხოვრებ თამარ მეარაყიშვილსაც ესაუბრა, რომელმაც საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური საჭიროებების შესახებ განაცხადა: “ზოგადი სიტუაცია ახალგორში მშვიდია. მოსახლეობამ საშემოდგომო სამუშაოები დაამთავრა. ცოტა პრობლემები შეიქმნა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის გაყვანასთან დაკავშრებით. ახალგორში ათეულობით ოჯახი მისდევს ფერმერულ საქმიანობას, ჰყავთ ცხვარი, მსხვილფეხა საქონელი, მათი გაყვანა ცოტა შეფერხდა, თუმცა საბოლოოდ ყველამ გაიყვანა. ახალგორიდან ზამთრის საძოვრებისკენ მიჰყავთ, მაგალითად, კახეთში, მარნეულში – ასე აზამთრებენ. ამჯერად ოქტომბრის მაგივრად, ნოემბრამდე გაიწელა ეს პროცესი. ახალგორში სექტემბრიდან ახალი საშვები მოქმედებს, მოსახლეობას წლის ბოლომდე აქვს ვადა, რომ აიღონ ახალი საშვები. მე ვფიქრობ, მომავალ წელსაც არ იქნება პრობლემა მათი ახლით ჩანაცვლება.“

დავით ონიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის გამგებელია. კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროების შესახებ კითხვაზე ის ასე გვპასუხობს: „ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებაა. ძალიან ბევრი და კარგი ეკონომიკური პროგრამები გვაქვს, უბრალოდ, მათი ათვისება უნდა მოხდეს მოსახლეობის მხრიდან. მეტი აქტიურობაა საჭირო, რომ ამ პროგრამების შესახებ ინფორმაცია მივიდეს მოსახლეობამდე.“

ნინო მინდიაშვილი კონფლიქტის ზონის სოფელ ნიქოზში ცხოვრობს და არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს, რომ ახალგაზრდები სოციალური სიდუხჭირისთვის თავის დაღწევას გაქცევით ცდილობენ. მისი თქმით, 2300 ადამიანით დასახლებული თემიდან ადგილზე მხოლოდ ასი 19–დან 40 წლამდე ახალგაზრდის ნახვაა შესაძლებელი. „ჩვენც ვცდილობთ, რაღაც პროგრამები შევთავაზოთ მათ, ვინც აქაა დარჩენილი. წავახალისოთ, რომ დარჩენის სურვილი გაუჩნდეთ და არა წასვლის, მაგრამ ადამიანები ხომ ყველაფერს მატერიალურით საზღვრავენ. ძირითადად, რომ ვთქვათ, რით ირჩენს აქ ხალხი თავს, ესაა პენსია და სხვა დახმარებები. მაგალითად, ახლა 200 ლარიან დახმარებას ელიან. ამით ზოგი შეშას იყიდის, ზოგი გაზის ფულს გადაიხდის და ზოგი დენის ფულს, ან პროდუქტს დაიმარაგებს ზამთრისთვის“.

ძველმა ქართულმა ეპოსმა შემოინახა მითი ამირანის შესახებ, რომელიც კავკასიონზე უმტკიცესი ჯაჭვითაა დაბმული. მისი გათავისუფლება როგორც კი შესაძლებელი ხდება, მილეული ჯაჭვი ახლდება და ბრძოლა ცალკეული რგოლის დასუსტებისთვის ხელახლა იწყება. კონფლიქტის ზონის სოფლებიდან კავკასიონის ხედები იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურება, რომ ამ მითს უკვდავება გარანტირებული აქვს, თუმცა როდის გაწყდება ბორდერიზაციის პროცესის, მოქალაქეების გატაცებებისა და ცხინვალის ციხეში გადაყვანის ჯაჭვი, ეს ქართული დიპლომატიის მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG