ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აკრძალული ტყეები და ნებადართული მავთულხლართები


კონფლიქტის ზონაში, ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, მართლაც, განსაკუთრებული საჭიროებები აქვს– ამის თაობაზე ჩვენთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. სოციალური ფონი აქ უმძიმესია და ამას უსაფრთხოების არარსებობა, გადაადგილების უფლების შეზღუდვა, მუდმივად სტრესულ გარემოში ყოფნა ერთვის თან.

რბილად რომ ვთქვათ, დისკომფორტს, რასაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის ტერიტორიაზე რუსული ჯარის არსებობა ქმნის, თან ერთვის ფსიქოლოგიური წნეხი, რაც გამოწვეულია სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრებით. მავთულხლართებისა და ლითონის ღობეების მონტაჟის პროცესის თვითმხილველები აქ არა მხოლოდ ზრდასრულები, არამედ სკოლის მოსწავლეებიც არიან. სოფლების უმეტესობაში, სკოლის ფანჯრებიდან სწორედ ამ ქმედებას აკვირდებიან ხშირად მოზარდები.

ქეთევან ციხელაშვილი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს: „ამ სამი წლის განმავლობაში მართლა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაშიც მარწმუნებს მოსახლეობასთან რეგულარული შეხვედრები. მაგალითისთვის გეტყვით, რომ წელს, ფაქტობრივად, ყველა სოფლის გაზიფიკაცია დასრულდა და უკვე ალტერნატიული ენერგიის წყარო გაუჩნდათ გათბობისთვის. სახელმწიფო კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებს ყოველწლიურად 200 ლარიანი ვაუჩერით ეხმარებოდა გათბობისთვის. ასეთი ინიციატივა წელსაც გვაქვს. სამთავრობო კომისიის სხდომაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 200 ლარის ღირებულების ბუნებრივი აირის ვაუჩერები გაიცეს.“

რამდენიმე დღის წინ, დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის ზამთრის პირობებში საწვავით დახმარებაზე მიიღეს გადაწყვეტილება. ამისთვის წელს, ისევე როგორც შარშან, და გასულ წლებში 200 ლარიანი ვაუჩერი გაიცემა. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის განცხადებით, გაზიფიცირების სამუშაოები წელს თითქმის ყველგან დასრულდა, დახმარების გაცემის საჭიროება მაინც დგას.

ეს, ერთის მხრივ გამოწვეულია იმით, რომ სოციალური მდგომარეობის გამო ოჯახები, უმეტესად გათბობისთვის საჭირო ღუმელის შეძენას ვერ ახერხებენ, ამ პრობლემის დაძლევის შემთხვევაში კი მისი ექსპლოატაციის ხარჯებს ვერ ფარავენ, ამიტომ ისევ შეშაზე წასვლას ამჯობინებენ, რაც მათი გატაცების მიზეზად ხშირად იქცევა ხოლმე.

მინისტრის თქმით განსაკუთრებით საყურადღებოა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობის საჭიროებები

"გალის რაიონის მოსახლეობა, მაგალითად უმძიმეს ვითარებაშია. მათი ძირითადი უფლებების შელახვა, სამწუხაროდ ყოველდღიურ პრაქტიკას წარმოადგენს, როგორც მშობლიურ ენაზე (რაც წლიდან წლამდე იზღუდება 90–იანი წლებიდან მოყოფლებული) განათლების უფლების, ისე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით. ასევე უმძიმესია ვითარება იქ სოციალურ–ეკონომიკური ვითარების თვალსაზრისით. მოსახლეობა მოუგვარებელი კონფლიქტის სიმძიმეს ყოველდღიურად განიცდის. გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას აქვს განსაკუთრებული გამოწვევები, რადგან მათ არ აქვთ წვდომა საკუთარ სამეურნეო მიწაზე, ზოგს ნაწილობრივ, ზოგს სრულად."

მინისტრი აქვე დასძენს, რომ მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს სწორედ სამეურნეო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა:

"ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ეს ტვირთი. კონფლიქტის ზონაში დადიან ბავშვები ისეთ სკოლაში (დიცის მაგალითზე შემიძლია გითხრათ), რომლის ეზოს ბოლოს მავთულხლართი გადის. ეს არაა ადვილი მდგომარეობა და მართლაც ეს ადამიანები ყოველდღიურად გმირულად აგრძელებენ ცხოვრებას ყოველდღიურად, ფიქრობენ მომავალზე და ჩემთვის ისინი თანამედროვეობის გმირები არიან.“– აცხადებს ციხელაშვილი.

დავით ცერცვაძე, კირბალის ტერიტორიული ორგანოს გამგებელი, რომელსაც "ამერიკის ხმა" ესაუბრა, ადგილობრივების რთული სოციალური მდგომარეობის შესახებ გვიყვება. კირბალი, რომელიც რუსი მესაზღვრეების მიერ ადამიანთა გატაცების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, 215 კომლიანი სოფელია და მათგან სოციალურად დაუცველთა რაოდენობა დაახლოებით მესამედს შეადგენს.

„ერთ–ერთი მასაზრდოებელი წყარო, მაგალითად კირბალში ტყე ჰქონდათ, რაც პირობით საზღვრის მიღმა მოხვდა. საძოვრადაც იყენებდნენ მას, გამოვიდა, რომ საძოვარიც დაკარგეს. ასე რომ, ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ცუდად აქვთ. დაკავებები იმიტომაა, რომ შეშა არ აქვთ და მისი მოპოვებისთვის მაინც შედიან აკრძალულ ტყეში. გაზი კი შევიდა სოფელში, მაგრამ ყველას ხომ არ აქვს საშუალება გამათბობელი იყიდოს? სასმელი წყალი არის, მაგრამ არასაკმარისია. ამჯერად მხოლოდ ერთი ჯაბურღილი მუშაობს, რომ ჩაირთვება 5–10 წუთს მუშაობს და მერე უკვე სისტემაში წყალი აღარაა.“

საქართველოს მოქალაქეების დაკავება კონფლიქტის ზონაში, კვლავაც, ფაქტობრივად ყოველდღიურ ხასიათს ატარებს.

XS
SM
MD
LG