ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტის კონტურები ბუნდოვანებით მოცული კონფიგურაციით


საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

ამ ეტაპზე, როდესაც საქართველოს 2016 წლის პარლამენტის შემადგენლობა ცნობილია, დღის წესრიგში საპარლამენტო პოსტების გადანაწილების საკითხი დგას. დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ინტენსიურ მოლაპარაკებებსა და განხილვებში იყო ჩართული. მეტ–ნაკლებად დადასტურებულად მხოლოდ ერთი პოზიციის თაობაზე ჟღერდება შეჯერებული ინფორმაცია და ეს პარლამენტის თამჯდომარის ვინაობას შეეხება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები არაოფიციალურად ადასურებენ, რომ ამ თანამდებობაზე შესაძლოა ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი შეიძლება ვიხილოთ. უმრავლესობის ლიდერად არჩილ თალაკვაძე მოიაზრება, ვიცე სპიკერებად თამარ ჩუგოშვილისა და გია ვოლსკის კანდიდატურები სახელდება. ასევე მიმდინარეობს განხილვები შემდეგი პოზიციების ირგვლივ: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელად –სოფო ქაცარავა, განათლების კომიტეტის ხელმძღვანელად – მარიამ ჯაში, იურიდილი კომიტეტის ხელმძღვანელად კი მერვე მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია. ერთადერთი, რაზეც დღეს ოცნების გუნდის წევრები ღიად საუბრობენ, არის, ის, რომ პრემიერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები კანდიდატების შესახებ და ამის მეტი ინფორმაცია არ გაჟღერდება. გია ვოლკსი აცხადებს: „ჩემს სპიკერობაზე, ფრაქციის თავმჯდომარეობაზე ვრცელდება ინფორმაცია. ზოგადად, უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, ზოგი მათგანი ნამდვილია, ზოგი განხილვის პროცესშია, თუმცა კანდიდატურები მართლაც ის არის. მაგრამ სანამ ბლომდე არ დასრულდება განხილვები, დამატებითი განცხადება გარდა იმისა, რაც ახლა გავაკეთე, არ იქნება“.

ანალოგიური შინაარსის განცხადებას ოცნების სხვა დეპუტატების აკეთებენ. ირაკლი სესიაშვილი, წინა მოწვევის პარლამენტში უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს: „მე მესმის, რომ ინტერესი დიდია, არც ისე ბევრი დრო დარჩა პოლიტსაბჭოს შეკრებამდე, სწორედ პოლიტსაბჭოზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. კონსულტაციები მიმდინარეობს“.

ამ დრომდე ოპოზიცია შეფასებების გაკეთებას ერიდება. როგორც ჩანს ყველა უცდის კვირა დღეს, როდესაც პოლიტსაბჭოს შეკრებაა ჩანიშნული და რის შემდეგაც კანდიდატები ოფიციალურად დასახელდებიან. კვირასვე შესაძლოა მთავრობის ახალი შემადგენლობა იყოს წარდგენილი.

ამერიკის ხმასთან ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ ისაუბრა, რომელსაც ვთხოვეთ შეეფასებინა გენდერული თანაფარდობის მხრივ ახალი პარლამენტი. „ჩვენი მოლოდინები ისეთი იყო, რა შედეგიც მივიღეთ არჩევნებზე, გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, პარლამენტმა არ მიიღო ჩვენი ინიციატივა გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით. დღევანდელი მონაცემებით ესაა 24 ქალი პარლამენტში, ანუ 16 პროცენტი. ესაა ოდნავ გაზრდილი მაჩვენებელი (წინა მოწვევის პარლამენტში ქალები 11 პროცენტს წარმოადგენდნენ), თუმცა ეს არაა ის კრიტიკული მასა, ჩვენი აზრით, რომელმაც შეიძლება მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე და ქალთა უფლებებზე. იმისთვის, რომ რაღაც ძვრა იყოს და მივიღოთ გენდერულად სენსიტიური კანონები, რომლებიც მორგებული იქნება ქალების საჭიროებაზე,როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, საჭიროა მინიმუმ 30 პროცენტი ქალები პარლამენტში. ამასთან, ჩვენ ჯერ–ჯერობით ვერ ვგრძნობთ, რამდენად შესაძლებელია სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ქალები იყვნენ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, რომ ჰქონდეთ ერთიანი მიდგომა იმ საკითხების ირგვლივ, რაც ეხება ქალთა უფლებებს. რასაკვირველია, დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რადგან 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობამ გაითვალისწინოს თავის პოლიტიკაში ქალების, კაცების და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროება. თუ ქალები არ იქნებიან თვითმმართველობაში, რთული იქნება ამ საჭიროებების ადვოკატირება“.

საპარლამენტო ცხოვრების ახალი რაუნდის დაწყების წინ ქვეყანში მძიმე ვითარებაა ეროვნული ვალუტის მდგომარეობის თაობაზე. წინა მოწვევის პარლამენტის წევრების ერთ–ერთი ბოლო მივლინება კი არც თუ წარმატებულად დასრულდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო სხომაზე 13 ოქტომბერს, სტრასბურგში როდესაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია გადიოდა, იქ მყოფმა საქართველოს დელეგაციამ ამჯობინა დარბაზში საერთოდ არ დარჩენილიყო. ამდენად საქართველოს მხარდაჭერა უკრაინასთან მიმართებით არ დაფიქსირებულა. ჯერი ახალ პარლამენტზეა.

XS
SM
MD
LG