ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ოპენჰაიმერმა" კრიტიკოსების მოწონება "ბაფტაზეც" დაიმსახურა


პროდიუსერი ემა ტომასი და რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი, "ბაფტას" 77-ე დაჯილდოების ცერემონიაზე. ლონდონი, ბრიტანეთი. 2024 წლის 18 თებერვალი
პროდიუსერი ემა ტომასი და რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი, "ბაფტას" 77-ე დაჯილდოების ცერემონიაზე. ლონდონი, ბრიტანეთი. 2024 წლის 18 თებერვალი

ატომური ბომბის შექმნის ამბავზე გადაღებული სამსაათიანი ეპიკური დრამა "ოპენჰაიმერი" წელს ბრიტანელთა რჩეულიც გახდა. ბრიტანეთის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიამ "ბაფტა" (BAFTA) 18 თებერვალს გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე მას ყველაზე მეტი, შვიდი პრიზი გადასცა.

"ოპენჰაიმერს", რომლის პროდიუსერიც ემა თომასი, რეჟისორი კი მისი ქმარი - კრისტოფერ ნოლანია, რამდენიმე მთავარი ჯილდო გადაეცა. მათ შორისაა "ბაფტა" საუკეთესო ფილმის და საუკეთესო რეჟისურისთვის, ასევე - მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის, საუკეთესო ორიგინალური სცენარის და კიდევ 3 სხვა პრიზი.

ფილმი გასულ წელს კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანიც იყო. მასში მთავარ როლს კილიან მერფი ასრულებს, რომელიც ამერიკელ თეორეტიკოს ფიზიკოსს - რობერტ ოპენჰაიმერს განასახიერებს.

ხუთი "ბაფტით" მეორე ადგილზე გავიდა კინოკრიტიკოსთა კიდევ ერთი ფავორიტი "საცოდავი არსებები". ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო "საცოდავი არსებების" წამყვანმა მსახიობმა, ემა ტომსონმა მიიღო.

"ოპენჰაიმერმა" გასულ წელს ბევრი კინოფესტივალი და საკონკურსო ჩვენება დაიპყრო. მთავარი პრიზები მას ნოემბერში "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზეც გადაეცა. ფილმმა ჯამში ხუთი "ოქროს გლობუსი" მოიპოვა, მათ შორის - საუკეთესო დრამატული ფილმის, საუკეთესო რეჟისორის და მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის.

13 ნომინაციით ისტორიული დრამა „ოსკარების“ წლევანდელ ნომინაციებშიც დომინირებს. მეორე ადგილზეა გოთიკური კომედია "საცოდავი არსებები". ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმის უმაღლეს კატეგორიაში კიდევ 8 ფილმი წარადგინა. "ოსკარით" დაჯილდოების 96-ე საზეიმო ცერემონია ლოს-ანჯელესში 10 მარტს გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG