ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვარშავაში ნატოს სამიტი მიმდინარეობს, სადაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. ეს არ იქნება არც მაპი და არც ნატოს წევრობა, თუმცა ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსი ვარშავის სამიტზე მნიშვნელოვან მესიჯს ნატოს გაფართოვების შესახებ მაინც გააჟღერებს, ამჯერად მონტენეგროსთან მიმართებით. ნატოს ხელმძღვანელობა ასევე აკეთებს მნიშვნელოვან განცხადებებს შავ ზღვაზე კონტროლის გაძლიერების თაობაზე, ხაზგასმულია, რომ საქართველო არის ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყანა და რომ კვლავ ძალაშია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება.

ეს არის ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო აწერს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა მადლობა ვუთხრა ამ პარტიებს იმისთვის, რომ როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ და ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ

​საქართველოს ხელისუფლების თითქმის მთელი შემადგენლობა ვარშავაში იმყოფება. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. სასიამოვნო და მნიშვნელოვანი გზავნილის ორგანიზება პოლიტიკურმა პარტიებმაც შეძლეს. საპარლამენტო ძალებმა მოამზადეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც ხელს ასევე აწერენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.

დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაფიქსირებული და მხარდაჭერილია საქართველოს დასავლური კურსი და ხაზგასმიულია მისდამი ერთგული დამოკიდებულება. დეკლარაციას ხელს აწერენ „ქართული ოცნება“, „რესპუბლიკელები“, „კონსერვატორები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

პრეზიდენტი მარგველაშვილი ამბობს: “ეს არის ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო აწერს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა მადლობა ვუთხრა ამ პარტიებს იმისთვის, რომ როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ და ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ“.

ვარშავაში წასვლამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ამერიკის ხმასთან განაცხადა: „ჩართულობა ჩვენ იმ მასშტაბის უნდა გავხადოთ, რომ ნატოს წევრობა იქცეს იმდენად ლოგიკურად, კითხვაც კი აღარ დაისვას – ესაა ჩემი ამოცანა მანამ, სანამ არაა კონსენსუსი. რა თქმა უნდა, უფრო ადვილი იქნებოდა, პირიქით რომ გვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ გზას უკუღმა გავდივართ. საქართველო ახლა აკეთებს ყველაფერს იმას, რის კეთებაც, მაგალითად ალბანეთმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნატოს წევრი გახდა, მაგრამ არაუშავს. ნორმალურია, იმ გზით წავალთ, რა გზაც შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ ვარშავაში ძალიან კონკრეტულ მხარდაჭერის პაკეტს მივიღებთ, განსხვავებით უელსის სამიტისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ამჯერად ეს პაკეტი იქნება რესურსებით აღჭურვილი.“

საქართველოს დასავლურ არჩევანს საქართელოში მცხოვრები ადამიანები უზრუნველყოფენ. "ამერიკის ხმა" მარტა ბიბილაშვილს ესაუბრა, რომელიც წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში მუშაობს და არაერთ პროექტს ახორციელებს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებთან ერთად.

მათ განწყობებს მარტა "ამერიკის ხმას" უზიარებს: „როდესაც მოსახლეობასთან მქონია შეხება სხვადასხვა პროექტის და პროგრამის ფარგლებში და თუკი წამოჭრილა საკითხი ნატო–საქართველოს ურთიერთობზე ან საქართველოს და მისი სამეზობლოს ურთიერთობებზე, ნატოში გაწევრიანების შემდეგ, მოსახლეობა ხშირად აღნიშნავს, რომ არ აქვს სრული ინფორმაცია, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ნატოში გაწევრიანებამ, ან რა საფრთხეებისგან შეუძლია დაიცვას ნატომ მოსახლეობა. რამდენად სასარგებლოა ეს ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობისთვის. მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია და აქვთ მცდარი და არასწორი შეხედულებები. ზოგი ფიქრობს, რომ ეს უფრო მეტ საფრთხეს მოუტანს ქვეყანას. მაგრამ არის ადამიანების მცირე რაოდენობა, ვისაც აქვს გააზრებული, რა როლი აკისრია ამ ორგანიზაციას საქართველოსთვის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში წევრობა. ძირითადად, ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემაა, ინფრორმაციული ვაკუუმია, ან არაა ინფორმაცია სრულყოფილად მისული მოქალაქემდე“.

კონკრეტულად რა შედეგი დადგება ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხვალისთვის, სამიტის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.

XS
SM
MD
LG