ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო და მსოფლიო ვარშავის სამიტის მოლოდინში


ვარშავის ეროვნული სტადიონი, სადაც ნატოს სამიტი გაიმართება

ვარშავის ეროვნული სტადიონი, სადაც ნატოს სამიტი გაიმართება

8 და 9 ივლისს ვარშავა, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის სამიტს უმასპინძლებს. ნატოსა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის, გამოწვევები დიდია.

ხვალ ვარშავაში ნატოს სამიტი იხსნება. უმაღლესი დონის შეხვედრაზე ნატო პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერას გამოუცხადებს. ალიანსი მათ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება, რათა პარტნიორები „წინ აღუდგნენ გარეშე ძალების ზეწოლას და გააგრძელონ რეფორმები.“ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საერთაშორისო ექსპერტების უილსონის ცენტრის მიმომხილველი მაიკლ კოფმანი ნატო-საქართველოს მომავალ ურთიერთობებსა და სამიტის შესაძლო შედეგებზე საუბრისას, აღნიშნავს, რომ საქართველოს საკითხი ალიანსის დღის წესრიგში ერთ-ერთი ურთულეს საკითხად რჩება. კოფმანთან ინტერვიუ ამერიკის ხმის უკრაინულმა რედაქციამ ჩაწერა:

„დღეს ნატოსთვის ერთ-ერთი ურთულესი საკითხია, თუ რა ფორმით გააგრძელოს ურთიერთობა საქართველოსთან. ნათელია, რომ ალიანსის რამდენიმე წევრს დღეს, ან უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოში ხილვა არ სურს. ამავე დროს ნათელია, რომ მათ არც საქართველოს მიტოვება უნდათ და ცდილობენ, რაღაც გააკეთონ. ვფიქრობ, ნატო საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებს და კიდევ, ნატოს წევრი სახელმწიფოები შეეცდებიან, საფუძველი ჩაუყარონ საქართველოსთან რაიმე ახალი ტიპის ურთიერთობას, რომელსაც არ ერქმევა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ან სამოქმედო რუკა, მაგრამ იქნება უფრო არსებითი, ვიდრე ალიანსისა და საქართველოს დღევანდელი ურთიერთობაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატო საქართველოს პოლიტიკურად არ მიატოვებს, მაგრამ ჯერჯერობით ვერც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს. ასეთია ალიანსში დღეს არსებული რეალობა. უკრაინამ კი, ჩემი აზრით, თვალყური უნდა ადევნოს საქართველოს გარშემო მიმდინარე პროცესებს, რადგან საქართველო უფრო შორსაა წასული იმ გზაზე, რის გავლასაც უკრაინა აპირებს.“

სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიაც შეიკრიბება, თუმცა ალიანსის ლიდერები უმთავრესად ავღანეთსა და სხვა გლობალურ პრობლემებზე იმსჯელებენ.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიმომხილველი, ენტონი კორდესმანი, რომელიც ასევე პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანია, სამიტზე განსახილველ საკითხებს ასე ხედავს:

"ალიანსი საკვანძო გამოწვევების პრიორიტეტიზაციას ვერ მოახდენს. ის ყველა მათგანს უნდა გაუმკლავდეს. ავღანეთში არსებული პრობლემა სერიოზულია, ის თავისით არ გაქრება. სერიოზულია რუსეთის საკითხი და გამოწვევები ბალტიის ქვეყნებში. მოსაგვარებელია ვითარება ნატოს არა-წევრ ქვეყნებთან დაკავშირებითაც-მაგალითად ისეთ შემთხვევაში, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი. გაერთიანებული სამეფოს გასვლა, ასევე ითხოვს ნატოს რეაგირებას-როგორ მოხდება ალიანსის მხრიდან ახლებური რეალობის გათავისება. და ბოლოს, ტერორიზმი, სიტუაცია ერაყში, სირიასა და ლიბიაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალიანსი წარსულში არაერთ პრობლემას პარალელურ რეჟიმში გაუმკლავდა, ახლაც ასეთი კომპლექსურია რეალობა და ალიანსი მათ იგნორირებას უბრალოდ ვერ მოახდენს."

‪ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდეგ ეტაპზე ალიანსის ლიდერები უფრო კონკრეტულად მომავალი ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG