ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაუარესდა თუ არა მდგომარეობა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის?


იმ დროს, როდესაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოსთან მიმართებით ოპტიმისტური პროგნოზები კეთდებოდა, როდესაც პოლიტიკის ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ დასავლეთის მხრიდან ყურადღების გაძლიერებას და საქართველოს ინტერესების ხაზგასმულად დაცვისკენ მიმართულ ნაბიჯებს, რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო დღეს უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინის მოვლენებამდე იყო. დასავლეთი არ ჩქარობს აპელირებას საქართველოს ინტერესებით საერთაშორისო პოლიტიკაში, კერძოდ კი რუსეთთან მიმართებით. მართალია, ანდერს ფოგ რასმუსენმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში ორი დღის წინ განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ერთ ჯგუფად არ განიხილება, რაც ამერიკის პრეზიდენტის რამდენიმე დღის წინანადელი განცხადებისგან განსხვავებული მოსაზრება იყო, მაგრამ მან აქვე ისიც დასძინა, რომ უცნობია, მიიღებს თუ არა საქართველო მაპს რამდენიმე თვის შემდგომ, უელსის სამიტზე.

„საქართველო ნამდვილი პარტნიორია და მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში. ჯერ კიდევ დარჩა გასაკეთებელი ბევრი და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ვისაუბრეთ, როგორ უნდა წავიდეთ წინ. მაპთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ძალიან ადრეა თქმა იმისა, რას გავაკეთებთ უელსში. განვაახლებთ შეფასებით მოხსენებებს თითოეულ ასპირანტ ქვეყანასთან. ამ მოხსენების თაობაზე იმსჯელებენ მინისტრები ივნისში. ივნისში ველოდები საგარეო საქმეთა მინისტრებისგან, გადაწყვეილებას, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ნატო-ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს გადაწყდა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, რასაკვირველია იმ პირობით, რომ საქართველი დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს. თითოეული ასპირანტი ქვეყანა შემოწმდება საკუთარი მიღწევების მიხედვით. ჩვენ არ განვიხილავთ მათ ერთ ჯგუფად“,- განაცხადა რასმუსენმა.

რასმუსენის განცხადებაში იმედისმომცემი იყო სიტყვები ნატოს ღია კარის პოლიტიკის თაობაზე და რომ საქართველო, შესაძლოა, იქცეს დადებით მაგალითად მთელი რეგიონისთვის.
აქვე ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ საქართველო ისევ ჩამორჩა პირველობას პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის დასავლეთთან დაახლოვების თვალსაზრისით. აზრებაიჯანი და სომხეთი ამ მარათონს პირველები ჩამოცილდნენ საკუთარი ნებით, უკრაინაში დასავლეთთან ინტეგრაციის თაობაზე შეუთანხმებლობა ქვეყნის გახლეჩვამდე მივიდა, საქართველო და მოლდოვა ასოცირების დოკუმენტის პარაფირებამდე კი მშვიდობით მივიდნენ, თუმცა ახლა მოლდოვას მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით უკვე შეუძლით ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით ისარგებლონ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით დამძიმებული ვითარებაა მიზეზი მოსალოდნელზე ნაკლები მიღწევებისა საგარეო პოლიტიკაში, თუ ამაში არის წვლილი ხარვეზებისაც, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს საგარეო პოლიტიკის წარმოების მხრივ. პოლიტიკური ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ მდგომარეობა საერთაშორისო სივრცეში საქართველოსთვის სასარგებლოდ არ ყალიბდება, თუმცა ქართველი პოლიტიკოსებიც არ ავლენენ საკმარის ძალისხმევას იმისთვის, რომ ვითარებაზე შესამჩნევი გავლენა მოახდინონ. „ისინი საგარეო პოლიტიკის წარმოების ნაცვლად საშინაო პოლიტიკური გარჩევებით არიან დაკავებულნი,“- მიიჩნევს თორნიკე შარაშენიძე.

„ჩვენ და ნატოს ურთიერთობას რასმუსენი უყურებს, როგორც პროფესიონალი დიპლომატი, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება პოლიტიკურ გადაწყვეიტლებებზე, გამოიკვეთება, ვთქვათ იგივე გერმანიის პოლიტიკური ინტერესი, რაც, მგონია, რომ არ შეცვლილა. მას სერიოზული სავაჭრო ურთიერთობები აქვს რუსეთთან. არის უამრავი სხვა მოსაზრება, რის გამოც მიიჩნევა, რომ მაპის მინიჭება საქართველოსთვის ახლა არ იქნება დროული. შედეგიანი იქნება, ალბათ, ამერიკული გემის შემოსვლა შავ ზღვაში. სანამ ამერიკული გემები აქ იქნება, რუსეთი, ბუნებრივია ასე ადვილად ვერ გაბედავს ინტერვენციას, ვერ გაბედავს პროვოკაციებს. ესაა ალბათ, ერთადერთი ეფექტური შემაკავებელი რუსეთისა ამ ეტაპზე. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მაპის საკითხიც ისევ ჰაერში ჰკიდია ჯერ-ჯერობით ისევ და არავისგან არანაირი გარანტია არ გვაქვს. ერთადერთი კონკრეტული გარანტია, რაკი იურიდიულს არ გვაძლევენ, შეიძლება იყოს ისევ და ისევ ნატოს, კონკრეტულად ამერიკის სამხედრო ყოფნა რეგიონში, პერიოდული და ეპიზოდური მაინც. ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის საკმაოდ პასიური, მთავრობის მთელი ყურადღება გადატანილია შიდა პოლიტიკურ კინკლაობაზე. რაღაც-რაღაცეები აშკარად რჩებათ ყურადღების მიღმა. საუბრებია იმის თაობაზე, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების მიმართ დაწყებულია რუსული პასპორტების გაცემა. ამის თაობაზე დიდხანს რეაქცია არ იყო, მხოლოდ ახლახანს გააკეთა რაღაც კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილმა. ძალიან გააქტიურებულია საქართველოში ეგრეთ წოდებული მეხუთე კოლონა - მართავს რაღაც მიტინგებსაც კი, აი, აქამდე მივიდა საქმე. არის სხვა საგანგაშო ფაქტებიც, რის თაობაზეც ხელისუფლების მხრიდან რეაქციას ვერ ვხედავ, 24 საათის მანძილზე დაკავებულები ვართ იმის ყურებით, როგორ იჭერენ, როგორ ასამართლებენ და ასე შემდეგ,“- ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

ვითარება მწვავეა კონფლიქტის ზონებშიც. შიდა ქართლში ყოველდღიურად ჩნდება ცნობები რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრების თვითნებურად გადმოწევის თაობაზე, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული მოსახლის საცხოვრებელი ქართველი სამართალდამცველებისთვის უკონტოროლო ტერიტორიებზე ხვდება.
XS
SM
MD
LG