ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 000-ზე მეტი იმსხვერპლა ლიბიის წყალდიდობამ, 10 000-ს ეძებენ


წყალდიდობით დაზიანებული შენობები ქ. დერნაში. ლიბია, 14 სექტემბერი, 2023 წ.
წყალდიდობით დაზიანებული შენობები ქ. დერნაში. ლიბია, 14 სექტემბერი, 2023 წ.

ლიბიაში კატასტროფული მასშტაბის წყალდიდობას 6 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 10 000 კი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება - აცხადებს ლიბიის ხელისუფლება. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნება, მინიმუმ გაორმაგდება და სავარაუდოდ, 15 000-საც მიაღწევს.

ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ დერნას მოსახლეობის ნაწილი ზღვაში გადაირეცხა, ზოგი კორპუსების ნანგრევებში დაიღუპა. მთავრობამ მსხვერპლის შესახებ განახლებული განცხადება ბოლოს ოთხშაბათს, 13 სექტემბერს გაავრცელა.

ამას გარდა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, წყალდიდობის გამო აღმოსავლეთ ლიბიიდან ადგილნაცვალთა რაოდენობა 30 000-ს აჭარბებს. გაეროს სააგენტოს ცნობით, ისინი უმეტესად ქალაქ დერნადან არიან. ქალაქის თავზე ორი კაშხალი მდებარეობდა, რომლებიც ადიდდა და ძლიერ წვიმასთან ერთად, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაში გრანდიოზული წყალდიდობა გამოიწვია.

ატია ალასადი, 30 წლის მასწავლებელი "ამერიკის ხმას" უყვება, რომ ის ქალაქის ცენტრში იყო, როცა საშინელი ხმაური გაიგო. "თითქოს 20 ბარაბანი აფეთქდა" ერთდროულად, ამის შემდეგ, უზარმაზარი, 50 მეტრის სიმაღლის წყალი შემოვარდა და სახლები დაფარა, ყვება ის.

ატიას ოჯახმა შენობის სახურავზე მოასწრო ასვლა. ისინი ზევიდან ხედავდნენ, თუ როგორ მიაღწია წყალმა შენობების მეხუთე სართულს. ის ყვება, რომ წყალდიდობაში მისი ორი დეიდა დაიღუპა, რომლებიც პირველ სართულზე ცხოვრობდნენ.

ახლა ის ექვს სხვა ოჯახთან ერთად, ერთ პატარა სახლში ცხოვრობს. ისინი ცდილობენ ბენღაზიში, ან რომელიმე სხვა ქალაქში გადავიდნენ. მაგრამ, "არ იშოვება ბენზინი, საწვავი და არც წყალი" - ამბობს ატია. ამას გარდა, სჭირდებათ მატრასები, მედიკამენტები და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები. მისი თქმით, ჰუმანიტარული დახმარება ახლოს არსად მოიპოვება.

ატია ამბობს, რომ ხალხს ქუჩებში ძინავს, კარვებიც კი არ აქვთ, რომ თავი შეაფარონ. ერთადერთი, რაც შედარებით ფუნქციონირებს, ქალაქის საავადმყოფოა, რომელიც მანამდეც საველე ჰოსპიტლად იყო გადაკეთებული, რადგან მთავარ შენობას არემონტებდნენ.

წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია ადასტურებს, რომ სიტუაცია დერნაში მართლაც ძალიან მძიმეა. ჰუმანიტარული ორგანიზაცია აცხადებს, რომ ლიბიას სასწრაფოდ ესაჭიროება მასშტაბური საერთაშორისო დახმარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG