ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ და როგორ უნდა დავამარცხოთ ჰომოფობია?


„არ ვეთანხმები იმას, რასაც ამბობ, მაგრამ საფლავის კარამდე დავიცავ შენს უფლებას, თქვა შენი სათქმელი“ - ვოლტერი

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მასშტაბური -ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის- ძირეული შემადგენელი ნაწილია“ - განაცხადა ბან კი-მუნმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდებს დაიცვას სექსუალური უმცირესობების უფლებები და მათი დისკრიმინაციის აღსაკვეთად შესაბამისი კანონმდებლობა მიიღოს.

კვლევებით დასტურდება, რომ საქართველო ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტობის მაჩვენებლით, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ასევე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა და საერთო მონაცემებით ყველაზე არატოლერანტული ქვეყნების, ირანის და იორდანიის გვერდით სახელდება. განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ამ მხრივ შექმნილი მდგომარეობა საქართველოში გასული წლის 17 მაისს გამოიკვეთა.
ბმული

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი“ 2014 წლის ანგარიშში 2013 წლის 17 მაისს თბილისში მომხდარი ინციდენტების სურათს საკმაოდ დეტალურად აღწერს. ორგანიზაციის მონაცემებით, იმ დღეებში საშუალოდ ძალადობის, ან დამცირების 34 ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად ქართველი „მსხვერპლი შურისძიების შიშით ჰომოფობიური ძალადობის შესახებ არ ჩივის, რის გამოც პოლიციის მხრიდან საქმის ადეკვატური გამოძიება არ ხდება“ - ნათქვამია ანგარიშში.

ამ მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვესაუბრეთ ფსიქოლოგ მაგდა თევდორაძეს, რომელმაც მაგისტრის ხარისხი შეერთებულ შტატებში დაიცვა და ქალაქ ატლანტაში ფსიქოლოგად მუშაობს. ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც მას დავუსვით, მდგომარეობდა შემდეგში: არსებობს თუ არა სამეცნიერო კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სექსუალურ ორიენტაციას გენეტიკა განსაზღვრავს. თუ ადამიანი თვითონ, გააზრებულად, ან სხვისი გავლენით აკეთებს არჩევანს?

მაგდა ამბობს, რომ მისი მოსაზრება ძირითადად ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევებს ეყრდნობა. მისი თქმით, „ეს არის გენეტიკური კოდი, რომელსაც ასევე უნდა შეუწყოს ხელი ბიოლოგიურმა განვითარებამ და ასევე უნდა შეუწყოს ხელი გაზრდამ და საზოგადოებრივმა აზრმა. ისეთი რამ, რომ ეს არის არჩევანი: ვიღაცამ დილით გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ მე დღეიდან ვიქნები გეი, ესეთი რამ არ არსებობს. არცერთ კვლევაში, ვერავინ ვერ დაამტკიცა, რომ ეს არის არჩევანი“.

ქართველი მშობლებისგან ხშირად მოისმენთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დასაშვებია სასწავლო დაწესებულებებში ჰომოსექსუალების მუშაობა. ეს პრობლემა შედარებით ნაკლები სიმწვავით, მაგრამ მაინც, დასავლეთის ბევრ სხვა ქვეყანაშიც განიხილება. მაგდას აზრით, არანაირი განსხვავება არ არის იმაში, ბავშვის მასწავლებელი ჰეტეროსექსუალია, თუ ჰომოსექსუალი. „ლტოლვა პატარა, უფრო ახალგაზრდა ბავშვისადმი შეიძლება ჰქონდეს ჰეტეროსექსუალ მასწავლებელსაც და შეიძლება ჰქონდეს ჰომოსექსუალ მასწავლებელსაც. ეს უკვე ინდივიდუმზეა დამოკიდებული და არა მთლიანად ჯგუფზე“ - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ხშირად ის, ვინც თავს ტოლერანტ ადამიანად მიიჩნევს, ამბობს, რომ მას გეები „არ აწუხებენ“. თუმცა, ამავე დროს იმასაც ამატებენ, რომ უმჯობესია იყვნენ თავისთვის, მალულად, ნუ გამოჩნდებიან, აღლუმებს ნუ მოაწყობენ, „თვალში ნუ გვეჩხირებიან“, მათ ხომ სახლში არავინ უვარდება? ფსიქოლოგის აზრით, ამგვარი შეხედულება მისაღები არ არის და ტოლერანტობაში ვერ ჩაითვლება, რადგან ის დისკრიმინაციულია.

„ჰომოსექსუალები თავიანთ თავს გრძნობენ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, როდესაც ასეთ წინააღმდეგობას აწყდებიან... მოკლედ, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ მათ არა აქვთ იმის უფლება, ისარგებლონ იმ პრივილეგიებით, როგორითაც მათი ჰეტეროსექსუალი მეგობრები, დები, ძმები, მოქალაქეები სარგებლობენ... და მართალია ზოგს ეს აღლუმები აღიზიანებს, მაგრამ დიდი დრო არ გასულა იმ დროიდან, როდესაც რესტორანში შესული ქალი აღიზიანებდა ჩვენს მოსახლეობას. ამიტომ, ეს ყველაფერი დროულია და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას მერე, რაც უფრო მეტი განათლება, უფრო მეტი ინფორმაცია ექნება მოსახლეობას, მით უფრო შემცირდება ეს აგრესია “. სავსებით გასაგებია არ მოგწონდეს შენგან განსხვავებული ადამიანი, ბევრი ჰეტეროსექსუალიც არ მომწონს, მაგრამ ეს დისკრიმინაციის უფლებას არ გვაძლევს, ამბობს მაგდა და ვოლტერის ცნობილ ფრაზას იგონებს: (“I do not agree with what you have to say, but I'll defend to the death your right to say it”) „არ ვეთანხმები იმას, რასაც ამბობ, მაგრამ საფლავის კარამდე დავიცავ შენს უფლებას, თქვა შენი სათქმელი“!

გამოსავალი ჰომოფობიის დაძლევაში და დამარცხებაში, მაგდას თქმით, მხოლოდ განათლებაში, ახსნა-განმარტებაში და გამოცდილებაშია. „ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია თვლის, რომ ყველაზე კარგი განათლებაა, როდესაც უშუალო შეხება გაქვს ჰომოსექსუალთან“ - ამბობს ის. ჰომოფობიის დამარცხება იწყება მაშინ, როცა გარემოცვაში გვეყოლება მეზობელი, მეგობარი, ან თანამშრომელი და მივხვდებით, რომ მათგან არანაირი საშიშროება არ მოდის და ზუსტად ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჰეტეროსექსუალები და რომ „არანაირი მზაკვრული აზრები ამ ხალხს ჩვენი შვილების მიმართ არ აქვთ, ან იგივე ჩვენს მიმართ“ - ამბობს ფსიქოლოგი. თუმცა, მაგდა იმასაც აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, ყველა ჰომოსექსუალი „გადასარევი“ ადამიანი ვერ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის ადამიანია და ისევე როგორც ჰეტეროსექსუალთა ჯგუფის წევრი, ისეთივე დადებითი თუ უარყოფითი თვისებების მატარებელი შეიძლება იყოს.

დასასრულს კიდევ რამდენიმე კვლევას გაგაცნობთ, რომელიც როგორც მეცნიერები თვლიან, თითოეულ ჩვენგანში (მათ შორის ჰომოსექსუალებშიც) მეტ-ნაკლებად არსებული ჰომოფობიის დამარცხების აუცილებლობაზე დაგვაფიქრებს. „სოციალურ მეცნიერებათა და მედიცინის ჟურნალში“ გამოქვეყნებული ნაშრომი ამტკიცებს, რომ ჰომოფობურ საზოგადოებაში სექსუალური უმცირესობების (გეების, ლესბოსელების და ბისექსუალების) სიცოცხლის ხანგრძლივობა ჰეტეროსექსუალებთან შედარებით, 12-18 წლით ნაკლებია. მათში ბევრად მაღალია თვითმკვლელობის და მკვლელობის მაჩვენებელი, სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის გულსისხლძარღვთა დაავადებების გართულებების შანსი.

თუკი მეტად ჰომოფობურ საზოგადოებაში ჰომოსექსუალთა თვითმკვლელობის საშუალო ასაკია 37.5, ნაკლებად ჰომოფობურში ეს მაჩვენებელი 55.7-ს უდრის. ყველაზე ერთი შეხედვით, უცნაური მონაცემი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამერიკულ ჟურნალში“ გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, თავად ჰეტერსოსექსუალ მამაკაცებშიც კი სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალია იმ ქვეყნებში, რომელიც ჰომოსექსუალების მიმართ მეტი ტოლერანტობით გამოირჩევა. კანადაში ისიც კი შეისწავლეს, თუ რა უჯდება ჰომოფობია ქვეყნის ეკონომიკას. იგულისხმება ჯანდაცვის და შრომის ნაყოფიერების დაქვეითებით გამოწვეული ხარჯები. როგორც ირკვევა, ეს თანხა ყოველწლიურად დაახლოებით 2-დან 8 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის: საქართველოში ჰომოსექსუალების მიმართ შეუწყნარებლობისმაჩვენებელი 92.6 პროცენტს შეადგენს. და შედარებისთვის: შვედეთში ეს მონაცემი 3.6 პროცენტს არ აღემატება, ესპანეთში - 12-ს და დასავლეთ ევროპაში ყველაზე მეტად ჰომოფობურ საფრანგეთში კი 28.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული კვლევა გასულ წელს, 2013 წლის მაისში „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG