ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო: ჰომოფობია, როგორც პრობლემა


თბილისში მომხდარი დაპირისპირებისას, დაშავებულია 17 ადამიანი, რომელთაგან 12 საავამდყოფოში გადაიყვანეს

ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დღეს რუსთაველზე დაარბიეს. დაშავებულია 17 ადამიანი, რომელთაგან 12 გადაყვანილია საავამდყოფოში. დაშავებულებს შორის ჟურნალისტები და პოლიციელებიც არიან. ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დაპირისპირებაში მონაწილეობას იღებდნენ სასულიერო პირები: „ისინი მისდევდნენ აქციის მონაწილეებს, მათი მიზანი არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ ფიზიკური ანგარიშსწორება იყო. აგრესიით გამოირჩეოდნენ სახალხო დამცველის მიმართაც,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა, რომელმაც მოითხოვა პოლიციის მხრიდან ადექვატური ძალის გამოყენების გზით საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნვალყოფა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დღეს არ დაგეგმილა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, როდესაც ორგანიზაცია იდენტობამ თბილისის მერიას წერილობით მიმართა და აცნობა საკუთარი განზრახვის შესახებ ანტიჰომოფობიური აქციის გამართვის თაობაზე. ორგანიზაცია იდენტობა ლგბტ პირების უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს. ამ დეტალმა ჰომოფობიის არსი საერთოდ გადაფარა. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ანტიჰომოფობიურ აქციას დაუპირისპირდა, აცხადებდა, რომ გამოდის „გეი აღლუმის“ წინააღმდეგ. უნდა აღვნიშნოთ,რომ ჰომოფობიის მიმართ პროტესტი ითვალისწინებს პროტესტს ძალადობის, შეუწყნარებლობის, სიძულვილის მიმართ. საქართველოს კონსტიტუცია კი იცავს ყველა ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამის მიუხედავად, გუშინ გავრცელდა საქართველოს საპატრიარქოს მიმართვა თბილისის მერიისადმი, რომელშიც საპატრიარქო მოუწოდებდა მერიას გაეუქმებინა ორგანიზაცია „იდენტობისთვის“ გაცემული ნებართვა აქციის გამართვის თაობაზე. მერიის საპასუხო განცხადებაში კი ნათქვამი იყო იმის შესახებ, რომ ადამიანების შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში არ იზღურება კანონით. მერია, ისევე როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო არაა უფლებამოსილი გასცეს ნებართვა მის ჩატარებაზე თუ ჩაუტარებლობაზე. შეკრებისთვის ნებართვის გაცემა საჭირო არაა საერთოდ, ადმინისტრაციული ორგანო, უბრალოდ, ცნობად იღებს განცხადებას აქციის გამართვის თაობაზე და ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმები აქციის მონაწილეთათვის. „იდენტობის“ აქციის პარალელურად დაანონსდა სხვა აქცია, მიმართული „გეი აღლუმის“ წინააღმდეგ, ასევე რუსთაველის გამზირზე.

შუადღის პირველ საათზე „იდენტობის“წარმოამადგენლები შეკრებას პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გეგმავდნენ, თუმცა მანამდე, დილის ცხრა საათიდან შეკრება დაიწყეს რუსთაველის გამზირზე ადამიანებმა, რომლებმაც მოგვიანებით პოლიციის მიერ გაკეთებული კორდონი გაარღვიეს და „იდენტობის“ წარმომადგენლებს, ასევე ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სოციალური ქსელებში აქციის დარბევის ამსახველი ვიდეო კადრებიდან კარგად ჩანს, სასულიერო პირები, რომლებიც მკვეთრი აგრესიით გამოირჩევიან.

აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ბელინსკის ქუჩის მიამრთულებით გადაინაცვლეს და სუპერმარკეტ „პოპულიში“ შეჭრაც სცადეს, სადაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ეგულებოდათ. სააგენტო „ფრონტ-ნიუსის“ ცნობით, ორი ახალგაზრდა სასტიკად სცემეს ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, რომლებიც მოგვიანებით სააგადმყოფოში გადაიყვანეს. ანტოჰომოფობიური აქციის წინააღმდეგ გამოსულმა ადამიანებმა დააზიანეს ყვითელი ავტობუსებიც, ჩაამტვრიეს მინები. აქციაზე ადგილი ჰქონდა ქვების სროლასაც. სწორედ თავში ქვის მორტყმის შედეგად დაშავდა რადიო ფორტუნას ჟურნალისტი ხატია კალანდაძე, რომელიც ასევე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, მამა ელიზმარმა შს მინისტრის მოადგილეს განუცხადა: "აქ არ გამართონ აქცია, თორემ დაიღვრება სისხლი და თუ ვინმეს დააპატიმრებთ, იმაზე უარესს მიიღებთ, რაც თავის დროზე სხვებმა მიიღეს. ჩვენი ერთი დასტვენაც საკმარისია, მთელი სამხედროები აქ მოვლენ", - ამ ცნობას ნეტგაზეთი ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს, პარლამენტში კი განაცხადა შემდეგი ჩვენ ვღებულობთ კანონებს იმისთვის, რომ იყოს გარანტირებული საქართველოში ყველა მოქალაქის უფლება და თავისუფლება, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, დაცული იყოს წესრიგი, ამიტომ თქვენი სახელით კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, სახელმწიფო დაწესებულებებს, პოლიციის ორგანოებს, მოქალაქეებს, რომ ყველამ შევძლოთ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრებები. ქუჩაში მსვლელობა, მანიფესტაცია, აქცია რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, ძალიან მკაფიოდაა განსაზღვრული პასუხისმგებლობა ორგანიზატორების, სამართალდამცავი ორგანოების, ამიტომ, მე მგონი, საქართველოს პარლამენტის სახელით უნდა მივმართოთ ყველას, რომ ვიმოქმედოთ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში."

თომას ჰამერბერგი, ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიმართავს.
"მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისში დღეს გამართული დემონსტრაცია ტრაგიკულად და ძალადობით დასრულდა, დაშავებულები არიან ადამიანები. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ ქუჩებში ჯერაც არეულობაა და კვლავაც არსებობს ძალადობის რისკი.
თქვენო უწმინდესობავ, ამ კრიზისულ სიტუაციაში მჯერა, გააკეთებთ საჯარო განცხადებას, მოუწოდებთ დემონსტრანტებს დაშლისა და სახლებში დაბრუნებისკენ, რაც გადამწყვეტ წვლილს შეიტანს კანონისა და წესრიგის აღდგენაში", - აცხადებს ჰამერბერგის მიმართვაში.

დღევანდელ მოვლენებს საქარტველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბათუმიდან გამოეხმაურა. სტამბულში გაფრენამდე მან განაცხადა: "ეს არის ცოდვა და ვერანაირი რელიგია ვერ დაუჭერს მას მხარს. ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ გულისტკივილი, მაგრამ არ ჩავერიოთ სხვის პირად ცხოვრებაში. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება. მოვუწოდებ ყველას, ერთ მხარესაც და მეორესაც - დატოვონ ქუჩები, წავიდნენ სახლში და ილოცონ ერთმანეთისთვის."

განაცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა: „სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სიმშვიდე, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და დატოვონ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია", - ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა პრემიერის განცხადებაც, რომლის თანახმად, ძალადობის ფაქტები შესწავლილი იქნება და ყველა დამრღვევი კანონის შესაბამისად დაისჯება.
XS
SM
MD
LG